მედიცინა

ბროკოლი კიბოს წინააღმდეგ

№51

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.12, 2021 წელი

ბროკოლი
დაკოპირებულია

ხილისა და ბოსტნეულის რეიტინგებში ბროკოლს პირველი ადგილი უჭირავს კიბოსთან მებრძოლ მცენარეულთა კატეგორიაში. ეს ბოსტნეული Sulforaphane-ის მდიდარი წყაროა – ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა საკვების ღეჭვის დროს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს ნივთიერებები მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს ებრძვიან და ზიანს არ აყენებენ ჯანმრთელ უჯრედებს. უფრო მეტიც, Sulforaphane ზრდის ფერმენტების რაოდენობას, რომლებიც ეხმარებიან სხეულს, გამოდევნოს ის უსარგებლო ნივთიერებები, რომელსაც ორგანიზმი გამოყოფს. დამტკიცებულია, რომ ბროკოლის რეგულარული მოხმარება ამცირებს კარცენოგენებსა და ფილტვებისთვის მავნე ნივთიერებებს – ბენზოლსა და აკროლეინს (მათ შეუძლიათ, პერმანენტულად დააზიანონ ჩვენი დნმ). ბროკოლში არსებულ პიგმენტებსაც, როგორიცაა ბეტა-კაროტინი და ქლოროფილი, ასევე აქვთ ანტისიმსივნური თვისებები.

ბროკოლი რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულთათვის – ეს ბოსტნეული ქრომის მდიდარი წყაროა, რომელიც ინსულინის ჰორმონის მსგავსია და უზრუნველყოფს გლუკოზის მიწოდებას ყველა უჯრედისთვის. შესაბამისად, ეს ელემენტი არეგულირებს პანკრეასის გამართულ მუშაობას (ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ინსულინის გამომუშავებაზე).

ბროკოლი და სისხლის მიმოქცევის სისტემა – ვიტამინი K, რომელსაც ბროკოლი შეიცავს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის შეწოვაში და ასევე ამცირებს თრომბების ფორმულირების რისკს ორგანიზმში. უფრო მეტიც, ბროკოლი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია იმ ადამიანთა დიეტაში, რომლებიც დაავადებულნი არიან ანემიით. ის არის რკინის, ფოლიუმის მჟავისა და B ვიტამინის წყარო, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხეულში სისხლის ახალი წითელი უჯრედების შექმნაზე.

აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები:

ბროკოლის მიღება შეიძლება ნედლი, მოხარშული, ორთქლზე დამზადებული და შემწვარი სახით. მას, ასევე, იყენებენ, როგორც ერთ-ერთ ინგრედიენტს სუპებში, სოუსებში, ომლეტებში, ბოსტნეულის გარნირებში.

ბროკოლი აუცილებლად კარგად უნდა გაირეცხოს წყლის ჭავლით, რადგან მასში, შესაძლოა, მწერები იყვნენ დაბუდებული.

არ არის რეკომენდებული ბროკოლის დამზადება მიკროტალღურ ღუმელში, გაყინულის გალღობა და შემდეგ ისევ გაყინვა ან თბილ ადგილზე შენახვა.

საკვებად იყენებენ როგორც ყვავილედს, ისე ღეროს. ღერო უნდა გათალოთ კანისგან და შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ წვნიანში ან სხვა კერძში.

ბროკოლის მოხარშვის წესი: ბროკოლი ჩაუშვით მდუღარე, მარილიან წყალში და ხარშეთ 5-7 წუთი. თუ გაყინული იყო, ხარშვის დრო 10-12 წუთამდე გაზარდეთ. შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი, რადგან მასზე მაღალი ტემპერატურა კვლავ განაგრძობს გავლენას.

ორთქლზე მომზადებისას გასათვალისწინებელია, თუ როგორ მდგომარეობაში გინდათ მისი მიღება – თუ ხრაშუნა გსურთ, ორთქლზე მოამზადეთ 5-7 წუთი, თუ ისეთი, პირში რომ დნებოდეს – 12-15 წუთი.

ბროკოლს აქვს უკუჩვენებებიც – მისი მიღება ნედლი ან შემწვარი სახით არ შეიძლება კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისას, გასტრიტისა და წყლულის დროს, ასევე, როდესაც ექიმის მიერ დანიშნული გაქვთ დიეტა, რომელიც უხეში უჯრედისის მიღებას გამორიცხავს. ინდივიდუალური აუტანლობის დროს.

ბროკოლის შეწვისას გამოიყოფა კანცეროგენები და ორგანიზმში გროვდება, ამიტომ რჩევაა – არ შეწვათ ის დიდი რაოდენობის ცხიმში და მაღალ ცეცხლზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

19–25 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა