ბიპოლარული აშლილობა - მიზეზები და გამოსავალი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 12:00 17.12, 2022 წელი

ხასიათის მკვეთრ ცვალებადობას ბიპოლარულ აშლილობას უწოდებენ. ამ დროს ამაღლებულ განწყობილებას უეცარი აპათია ცვლის. საუკეთესო შემთხვევაში, ასეთი რამ შესაძლოა წელიწადში რამდენჯერმე მოხდეს. ზოგჯერ დეპრესიამორეულ ადამიანს მანიაკურად ამაღლებული განწყობილება დღეში რამდენჯერმე ეუფლება. სპეციალისტები იმასაც კი ამბობენ, რომ ამ ორმა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულმა მდგომარეობამ შესაძლოა, ერთდროულადაც იჩინოს თავი.
მანიაკური ფაზის ნიშნებია:
👉ეიფორია; გამძაფრებული თვითშეფასება; განსჯისა და შეფასების უნარის დაკნინება; სწრაფი მეტყველება; აგრესიული ქცევა; აგიტაციური, გამაღიზიანებელი მოქმედება; გაძლიერებული ფიზიკური აქტიურობა; სარისკო ქცევა; ფულის უგუნური ხარჯვა; მიზნის მისაღწევად ყველა ხერხის ხმარება; ძილის სურვილის შესუსტება; ალკოჰოლისკენ, ნარკოტიკებისკენ სწრაფვა; მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეები; რეალობის შეგრძნების დაქვეითება.
დეპრესიული ფაზის ნიშნებია:
👉ძლიერი სევდა და მოწყენილობა; უიმედობა; სუიციდური აზრები, ქმედებები; სიანჩხლე; დანაშაულის გამძაფრებული განცდა; ძილის დარღვევა; მადის დაქვეითება ან მოჭარბება; იმ საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა, რომელიც ადრე სიამოვნებას ჰგვრიდა ავადმყოფს; პრობლემებზე მეტისმეტი ფოკუსირება;
იოლად გაღიზიანება; ქრონიკული ტკივილი, უმთავრესად – უმიზეზო; მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეები.
ბიპოლარულ აშლილობას ახასიათებს:
👉ხასიათის სეზონური ცვალებადობა. მანიაკური შეტევები უმეტესად გაზაფხულობით ან ზაფხულობით იჩენს თავს, ხოლო შემოდგომაზე და ზამთარში ადამიანს აპათია და დეპრესია ეუფლება.
👉ფსიქოზი. ის ვლინდება მკვეთრად გამოხატული მანიაკური და დეპრესიული შეტევების ფონზე, როდესაც ადამიანი რეალობის შეგრძნებას კარგავს. ამ დროს ხშირია ჰალუცინაციებიც.
იოგა, მასაჟი მოშვება-მოდუნებასა და განწყობის გამოკეთებაში დაგეხმარებათ, მაგრამ მხოლოდ მის იმედზე ყოფნა არამც და არამც არ შეიძლება. ექიმის რჩევის ზედმიწევნით შესრულება, ყველა მედიკამენტის დროული მიღება მეტად მნიშვნელოვანია.
როგორც არ უნდა გამოვლინდეს დეპრესია, ის უბრალო, ყოველდღიური მოწყენილობისგან განსხვავებული მდგომარეობაა, რომელიც ცვლის პიროვნების შრომის, სწავლის, სიამოვნების განცდის უნარს, მადას, ძილს. დეპრესიის დროს ხშირია უმწეობისა და უსარგებლობის განცდა. უფრო მეტიც – დეპრესია შესაძლოა თვითმკვლელობის წინამორბედადაც კი იქცეს.
ბევრს დეპრესია სისუსტის ნიშნად მიაჩნია, ამიტომ მალავს მას. ზოგი კი მიიჩნევს, რომ პრობლემას ექიმის დაუხმარებლადაც მოერევა. სინამდვილეში დეპრესია ქრონიკული დაავადებაა, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და სხვა. მას შეიძლება ემსხვერპლოს ნებისმიერი ჩვენგანი: კაცი თუ ქალი, ხნიერი თუ ახალგაზრდა...
მართალია, ბიპოლარულ აშლილობას მანიაკური შეტევებიც ახასიათებს, მაგრამ დეპრესიული განწყობა გაცილებით ხშირად გვხვდება. ამასთან, გუნება-განწყობილების დაქვეითებას, განურჩევლად მიზეზისა, ხალხში დეპრესიას უწოდებენ. მოდი, გავარკვიოთ, დეპრესიაა თუ არა ყოველგვარი უგუნებობა.
სუსტი სქესი ორჯერ უფრო ხშირად ხვდება დეპრესიის კლანჭებში. ზოგიერთი გამოკვლევა იმაზე მეტყველებს, რომ ქალებს დეპრესიისთვის მამაკაცებთან შედარებით მცირე სტრესიც ჰყოფნით. გარდა ამისა, განსხვავებულია ქალების ფიზიოლოგიური რეაქცია სტრესული ფაქტორების მიმართ. ქალის ორგანიზმში უფრო მეტი სტრესული ჰორმონი გამომუშავდება, ვიდრე მამაკაცისაში.
ქალებში დეპრესიის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა მშობიარობის შემდგომი დეპრესიაა.
დეპრესიას დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებით, მაგრამ არსებობს წესები, რომელთა დაცვით მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევთ საკუთარ თავს:
- ივარჯიშეთ! ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს. ისეირნეთ, ირბინეთ, იცურეთ. შეარჩიეთ ისეთი აქტივობა, რომელიც სიამოვნებას მოგგვრით.
- ერიდეთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. მათ მიერ მოგვრილი შვება დროებითი და მაცდურია. სინამდვილეში ალკოჰოლი და ნარკოტიკები ადამიანს დეპრესიაში უფრო ღრმად ითრევს.
- მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. სრულფასოვანი ძილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეპრესიის სიმპტომების უკუგანვითარებისთვის. თუ ცუდად გძინავთ, აუცილებლად აცნობეთ ამის თაობაზე ექიმს.
- ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. ნუ დაიგროვებთ გულში უარყოფით ემოციებს. მოუყევით თქვენი პრობლემების შესახებ ახლო მეგობარს. მოიწვიეთ მეგობრები შინ ან თავად ესტუმრეთ მათ. შეიძინეთ ახალი ნაცნობები. შესაძლოა, საამისო განწყობა არ გქონდეთ, მაგრამ ეცადეთ, საზოგადოებისგან არ გაირიყოთ. შეინარჩუნეთ ურთიერთობები, თუნდაც ძალისხმევის ფასად.
- მიეცით თავს მცირედი ფუფუნების უფლება: გაატარეთ თავისუფალი დრო ბუნების წიაღში, უყურეთ მხიარულ ფილმებს, დიდხანს ინებივრეთ აბაზანაში, მოუსმინეთ მუსიკას, წერეთ დღიური, გამონახეთ დრო საყვარელი საქმიანობისთვის, რომლისთვისაც ბოლო ხანს ვერ იცლიდით.
- მიიღეთ სრულფასოვანი საკვები. ეს აუცილებელია ენერგიისა და ჯანმრთელობისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან