ბალბის გასაოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.10
ბალბა შესანიშნავად მოქმედებს ნერვული სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებზე, ჰიპერტონიკებზე, მათზე, ვისაც აწუხებს უძილობა და გულის დაავადებები. თუ ბალბის ფოთოლს მტკივან ადგილზე, ვთქვათ, კბილზე, ყურზე ან რადიკულიტისას – წელზე დაიდებთ, აუცილებლად მოგგვრით შვებას. კბილის ტკივილისას ბალბის ფოთოლი პირში კი არ უნდა ჩაიდოთ, არამედ გარედან, ლოყაზე უნდა მიიდოთ და აიკრათ. რადიკულიტისას კი ფოთლები უნდა დანაყოთ და კომპრესის სახით დაიდოთ წელზე. ასეთივე კომპრესი შეგიძლიათ, გამოიყენოთ ჰიპერტონიის დროსაც.
ბალბა კარგი სამკურნალო საშუალებაა თავის ტკივილისა და გაციებისას. იმისთვის, რომ თავი მეტად მხნედ იგრძნოთ, საკმარისია ყოველდღე 10-10 წუთით გვერდით მიუჯდეთ ბალბას.
ბალბის სურნელი დეპრესიის დაძლევასა და ნერვული სისტემის განმტკიცებას უწყობს ხელს.
ჩრჩილი, ბუზები და სხვა მწერები ვერ იტანენ ბალბის ფოთლებს. მკბენარისგან დასაცავად ან მათ მოსაცილებლად ძალიან კარგია შინაური ცხოველების ბალბის ფოთლებით დაზელვა.
ბალბა ასუფთავებს ჰაერს და კლავს მავნე ბაქტერიებს. ჰაერის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალბის ზეთი, რომელიც აფთიაქებში იყიდება და 3-4 წვეთი დააპკუროთ არომალამპას.
სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილები და ფოთლები. ყვავილებს კრეფენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც ყვავილი ჯერ კიდევ მთლიანად არაა გაშლილი. კრეფენ ხელით, მთელ ყვავილებს ჯამთან ერთად, ყვავილსაჯდომის გარეშე. ფოთლებსაც ამავე დროს აგროვებენ ყუნწების გარეშე.
შეგროვილ ნედლეულს აშრობენ ჩრდილში, ჰაერზე ან თბილ შენობაში. გაშრობის შემდეგ ნედლეული შეინახეთ ქილებში ან კოლოფებში 2 წლის განმავლობაში.
ბალბის ყვავილები და ფოთლები გამოიყენება როგორც სპაზმოლიტური, ხველის საწინააღმდეგო საშუალება. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ბალბის ნაყენი ან ნახარში (დამტკბარი) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობის, სასუნთქი გზების ანთების დროს. მისი ნახარშის მიღებას ურჩევენ, აგრეთვე, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებისა და ღვიძლის ჭვალის დროს.
კარგია მისი ნახარშებისა და ნაყენის გამოვლება საყლაპავი მილისა და ხორხის ანთების დროს (განსაკუთრებით ხმის ჩახლეჩვისას), კანის გაღიზიანებისა და დამწვრობის დროს. ბუასილის სამკურნალო ნაყენი გამოიყენება საფენების სახით. ნაყენი შეიძლება, მომზადდეს შემდეგნაირად: 20 გრამი ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) წყალი, თავზე დაახურეთ და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი. გადმოდგით, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ და შეავსეთ საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე ანადუღარი წყლის დამატებით. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა 3-4-ჯერ დღეში. ნახარში მზადდება პროპორციით 1:20.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან