მედიცინა

ბაჩო შენგელია თვალის ყველაზე გავრცელებულ დაავადებებზე, პრევენციასა და მათი მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე

№27

ავტორი: მაკა ჯიქია 13:00 12.07, 2021 წელი

ბაჩო შენგელია
დაკოპირებულია

ახალგაზრდა, წარმატებული ოფთალმოლოგი ბაჩო შენგელია, რამდენიმე ქვეყანაში მიღებული გამოცდილებით, დღეს საქართველოში არაერთ სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობს. მუშაობს როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და ფიქრობს, რომ მისი პროფესია განსაკუთრებულ სიზუსტესა და ფაქიზ მიდგომას მოითხოვს. ყველაზე გავრცელებულ ოფთალმოლოგიურ პრობლემებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებზე ბაჩო შენგელია თავად გვესაუბრა.

ბაჩო შენგელია: ჩემი ოჯახის წევრები ექიმები იყვნენ, ბებია – პროფესორი და წარმატებული ექიმი, მამა – დავით შენგელია, თვალის სნეულებათა სრული პროფესორი გახლავთ, შესაბამისად, ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც სამედიცინო თემების განხილვა ხშირად მიმდინარეობდა, ინტერესი ყოველთვის მქონდა და მამას მხრიდანაც იყო პატარა ბიძგი, რომ ამ სფეროში წავსულიყავი. მეცხრე კლასიდან სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯში ვსწავლობდი, მესამე კურსის მერე სამედიცინო უნივერსიტეტში გადავედი, რომლის დამთავრების შემდეგაც ბელორუსიაში წავედი, სადაც დავამთავრე პოსტდიპლომური აკადემია, რამდენიმე წელი ბელორუსიაში, მეათე და მეხუთე საავადმყოფოში ვმუშაობდი, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი ინდოეთში ვცხოვრობდი და დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში ხდებოდა ინდოელ და ქართველ ექიმებს შორის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაცვლა. გარდა ამისა, მაქვს გერმანიის რამდენიმე ჰოსპიტალის სერტიფიკატი. ჩემი მიზანი იყო უცხოეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანაში გამომეყენებინა, ამიტომ, ბევრი საინტერესო შემოთავაზების მიუხედავად, სხვა ქვეყანაში დარჩენა ვერ შევძელი.

– როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა საქართველოში დაბრუნების შემდეგ?

– უფლება მაქვს ვიმუშაო როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. დაბრუნების შემდეგ პირველი შემოთავაზება რესპუბლიკური საავადმყოფოდან მქონდა, დავიწყე მუშაობა და პარალელურად ვარ ჟვანიას კლინიკაში, რკინიგზის საავადმყოფოსა და ჯანმრთელობის ცენტრში.

– გახსოვთ პირველი ოპერაცია?

– ჩემი პირველი მანიპულაცია იყო თვალიდან უცხო სხეულის ამოღება, საკმაოდ რთული პროცესი იყო და დღემდე მახსოვს, როგორ დამტოვა ჩემმა პროფესორმა პაციენტთან მარტო და მაშინ გავიაზრე, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიყო დამოკიდებული და რა თქმა უნდა, ჩემმა ქვეცნობიერმა გაამართლა, პაციენტი კმაყოფილი დარჩა, ამან დიდი გამბედაობა მომცა და დღეს რეფრაქციული ქირურგიის გარდა, პრაქტიკულად, თვალის ყველა ქირურგიულ მანიპულაციას ვაკეთებ, რაც მსოფლიო პრაქტიკაშია დანერგილი, ესენია – პლასტიკები, ორბიტის ანომალიები, სიელმე, ვიტრეოქტომიები, გლაუკომა, კატარაქტები და კიდევ ბევრი დაავადება, რაც ექვემდებარება ქირურგიულ მკურნალობას. საჭიროებიდან გამომდინარე, ხორციელდება თერაპიული მკურნალობებიც. გარდა ამისა, დაავადების მიხედვით, ვაკეთებთ სხვადასხვა სახის ინიექციებს, ლაზერულ ჩარევებს და ასე შემდეგ. ადამიანის გარემო პირობებთან შერწყმა და მათი რეფლექსური აღქმა 70 პროცენტით მხედველობაზეა დამოკიდებული.

– რა ასაკში გხვდებათ სიელმე ყველაზე ხშირად და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები?

– სიელმის უამრავი სახეობაა და მკურნალობის მეთოდებიც განსხვავებულია. სიელმე დღეს პლასტიკურ დაავადებადაა მიჩნეული და უფრო ხშირია ბავშვთა ასაკში. მისი კორექცია უნდა მოხდეს ქირურგიულად ან ლაზერულად, ამას ქირურგი წყვეტს თუ რა ტიპის ჩარევას საჭიროებს პაციენტი იმ მომენტში. აკომონდაციურ სიელმეს სათვალე ასწორებს, ვცდილობთ, ბავშვი გარკვეულ ასაკამდე მივიყვანოთ, რათა შემდეგ გაკეთდეს ლაზერული მანიპულაცია.

– საკმაოდ გავრცელებული თვალის დაავადებაა კატარაქტა და მიოპია. რა იწვევს მას და რა ეფექტი აქვს ოპერაციას?

– სამწუხაროდ, დღევანდელი ცხოვრების პირობები ხელს უწყობს კატარაქტის ჩამოყალიბებას, ძალიან მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, არ შეიძლება ჭარბი გაზიანი სასმელები და სხვა ქიმიური პროდუქტების მიღება, დიდხანს მზეზე ყოფნა და მისგან ულტრაიისფერი სხივების მიღება, ტრავმები და ასე შემდეგ. ხშირად კატარაქტას შაქრიანი დიაბეტიც იწვევს, რადგან დიაბეტით დაავადებულებს ნივთიერებათა ცვლის პრობლემა აქვთ, მაგრამ ჩვენდა სასიკეთოდ, კატარაქტის ოპერაცია დღეს იმდენად განვითარებული და დახვეწილია, რომ თუ პაციენტს სხვა თანმხლები გართულებები არ აქვს, 99 პროცენტში კარგი შედეგი აქვს.

– რა იწვევს თვალის სიმშრალეს და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?

– თითოეული დახამხამების შედეგად ერთი წვეთი ცრემლი გამომუშავდება. როდესაც მუშაობთ, მაგალითად, კომპიუტერთან ან ტელეფონთან, თვალს არ ახამხამებთ და ის მუცინის შრე, რომელიც თვალის დამცავია, სადაც თვალის მკვებავი მასალაა, ზიანდება, უარყოფითად მოქმედებს, ასევე, თვალის იმუნიტეტზე, ეს ყველაფერი კი იწვევს თვალის სიმშრალეს, რაც შემდეგ სისხლძარღვთა პრობლემებში გადადის. თვალის სიმშრალის დროს, განსაკუთრებით ბავშვებში, დიდხანს მედიკამენტის გამოყენებას ვერიდები. უნდა შევეცადოთ, ბავშვის ორგანიზმმა თავად გამოიმუშაოს ნატურალური ცრემლი, რა თქმა უნდა, უპირველესად, ვაკვირდებით, რა რაოდენობით სითხეს იღებს ბავშვი, ამის გარდა ვუზღუდავთ ქიმიურად ტკბილის მიღებას და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ხშირ კონტაქტს.

– რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა და კვების რაციონი?

– თვალის პრობლემების მქონე ბავშვები უნდა მოვარიდოთ ტრავმულ სპორტს, მნიშვნელოვანია კვების რაციონი – ბავშვმა უნდა მიიღოს ისეთი პროდუქტები, რაც ჯირკვლის სეკრეციას გამოყოფს, მაგალითად, ლიმონი, ხახვი, მწვანილი და ასე შემდეგ. კარგია წყლის მიღება.

– როგორც ვიცი, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული დაფინანსებები არსებობს.

– 6 წლამდე ბავშვებს აფინანსებს სახელმწიფო, კარგი იქნებოდა, მოზრდილ ასაკშიც ხდებოდეს სიელმეების გარკვეული სახეობების დაფინანსება, რადგან ამ დაავადებამ შესაძლოა, გაორებები, თვალის გაზარმაცება და ტკივილები გამოიწვიოს.

– კორონავირუსი და თვალის პრობლემები.

– წელიწად-ნახევარია, რაც ამ ვირუსს ვიცნობთ და ამ პერიოდში დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ადამიანი შესაძლოა, თვალიდანაც დაინფიცირდეს, თვალში მოხვედრის შემთხვევაში ვირუსმა ორგანიზმშიც შეაღწიოს. ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსით დაავადებულ ადამიანში ყურადღებით მოხდეს სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების გამოყენება და თვალიდან ინფიცირების შემთხვევაში სტერეოიდების და ანტიბიოტიკებისგან თავშეკავება, თუ კორონავირუსი რაიმე სხვა გართულებას არ გამოიწვევს. მქონდა სიტუაცია, როდესაც ქალმა ორსულობის პერიოდში გადაიტანა კორონავირუსი და ნაყოფს თვალში აღმოაჩნდა ისეთი ანომალიები, რომლებიც ერთად რამდენიმე დაავადებას ჰგავს. ამიტომ განსაკუთრებით ორსულებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან თავი, ჰიგიენური ნორმები, შეამცირონ კონტაქტები, რათა თავიდან ავირიდოთ ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველი გართულებები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა