მედიცინა

ასწავლეთ ბავშვს სტრესის მართვა

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.07

სტრესი
დაკოპირებულია

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო აცნობიერებს სტრესულ სიტუაციებს და აუცილებლად სჭირდება მშობლის დახმარება, რათა ცხოვრებისეულ სირთულეებზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს. სტრესთან გამკლავების უნარის გამომუშავების გზაზე ამოსავალი წერტილია დიალოგი. ყოველთვის მოუსმინეთ ბავშვს, როცა რამე აწუხებს, დააკვირდით ჟესტებს, რომლებსაც თხრობისას იყენებს. ხელების სრესა, ფრჩხილების კვნეტა, ოფლიანობა ძლიერ სტრესზე მიუთითებს. ასეთ დროს განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ.

ეცადეთ, წინასწარ შეამზადოთ ბავშვი სტრესული სიტუაციებისთვის და მასთან ერთად შეიმუშაოთ გეგმა, როგორ მოიქცეთ ასეთ დროს. თუ ექიმთან ვიზიტი გაქვთ დაგეგმილი, უთხარით, რომელი პროცედურები ჩაუტარდება, რაც შეიძლება, მისთვის არაკომფორტული აღმოჩნდეს და რისთვის უნდა იყოს მზად. ბავშვს ძალიან ეხმარება მისთვის უცნობი გარემოებების შესახებ წინასწარ მიღებული ინფორმაცია, რადგან დრო რჩება იმაზე საფიქრალად, გაიაზროს მოსალოდნელი სიტუაცია.

დღეში თუნდაც თხუთმეტწუთიანი მსუბუქი იოგა და სუნთქვითი ვარჯიშები ბავშვს დიდ სამსახურს გაუწევს, რადგან ეს დამშვიდების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. გთავაზობთ სპეციალურ ვარჯიშებს სტრესის შესამსუბუქებლად. ჩაატარეთ იმ სიხშირით, როგორითაც საჭიროდ მიიჩნევთ. თუ ბავშვთან ერთად თქვენც ივარჯიშებთ, თავად დაინახავთ, რაოდენ სასიამოვნო და სასარგებლოა ისინი სტრესისგან გადაღლილი გონებისთვის.

სტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას, სუნთქვა ზედაპირული გვიხდება. ამ დროს სასურველია, არა მკერდით, არამედ მუცლით ვისუნთქოთ, რადგან სწორედ მუცლით სუნთქვა ავსებს ფილტვებს ჰაერით და გვცლის ნეგატიური ემოციებისგან. დაიდეთ ხელი მუცელზე, ხუთჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით. ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც 5-5 წამი უნდა გაგრძელდეს. ასწავლეთ ბავშვს, ჩასუნთქვისას ოდნავ გაბეროს მუცელი, თითქოს ბუშტია, ხოლო ამოსუნთქვისას ამ „ბუშტიდან“ ნელა გამოუშვას ჰაერი.

ზოგჯერ სტრესული გარემო ბავშვს ძალიან თრგუნავს. მას ეჩვენება, რომ გასაქცევი არსად აქვს. კარგი იქნება, ასწავლოთ მას, რომ ყოველთვის შეუძლია, საკუთარ გონებაში იპოვოს თავისი კომფორტის ადგილი. დაჯექით ან დაწექით კომფორტულ პოზაში. დახუჭეთ თვალები და მოდუნდით. რამდენჯერმე ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით, ჩაუშვით ჰაერი მუცელში და ნელა ამოისუნთქეთ პირით.

იმის მიხედვით, სად გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად, ბავშვს დეტალურად აღუწერეთ ყოველი მოქმედება. თუ პლაჟზე ყოფნა უყვარს, სთხოვეთ წარმოიდგინოს, რომ ფეხშიშველა დგას სანაპიროზე, თბილ ქვიშაში, ნიავი ეალერსება, ტალღების ნაზი ხმა ჩაესმის, თქვენც მის გვერდით ხართ, გარშემო სიმშვიდეა. შეგიძლიათ, ფონად ზღვის ხმაური ჩაურთოთ. ამ სავარჯიშოს სისტემატური გამეორებით ბავშვი იპოვის შინაგანი სიმშვიდის წერტილს და მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეძლებს საკუთარ გონებაში ცოტა ხნით სტრესისგან გადამალვას, დამშვიდებას და ძალების მოკრებას. ყურადღება თანდათანობით ისევ სუნთქვაზე – ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის მშვიდ რიტმზე გადაიტანეთ. გაიაზრეთ, როგორ ეხება ჰაერი თქვენს კანს. ოდნავ აამოძრავეთ ხელისა და ფეხის თითები. ჩაისუნთქეთ და გაიწელეთ. ღრმად ამოისუნთქეთ. როცა მზად იქნებით, თვალები გაახილეთ.

თუ დასტრესილი ბავშვი თქვენთან მოდის და თავის განცდებს გიზიარებთ, ნუ დაიწყებთ მიზეზების ძიებას, იმ ადამიანის კიცხვას, ვინც აწყენინა, უბრალოდ, გაიზიარეთ შვილის ემოციები. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ მშობელს მისი ესმის, მის განცდებს სისულელედ არ მიიჩნევს და ყოველგვარი კრიტიკის გარეშე მის გვერდითაა, მისთვის ეს დიდი ემოციური მხარდაჭერაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტრესულ სიტუაციებში. ბავშვი თანდათან სწავლობს საკუთარი გრძნობებისთვის თვალის გასწორებას და მშობლის დაუხმარებლად მათ მართვას. არ მიუთითოთ, ვისზე გაბრაზდეს, რას გრძნობდეს. აცადეთ, თვითონვე გაერკვიოს ამ ყველაფერში. თუ დაინახეთ, რომ არასწორი დამოკიდებულება აქვს სიტუაციის მიმართ, მშვიდად, დიალოგით, კითხვების საშუალებით მიიყვანეთ სწორ პოზიციამდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა