მედიცინა

ასკილის სამკურნალო თვისებები

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.11, 2023 წელი

ასკილი
დაკოპირებულია

ასკილი ძველი დროიდან გამოიყენება სამკურნალოდ. იმისათვის, რომ მასში შემავალმა ვიტამინებმა ბიოლოგიური აქტივობა შეინარჩუნოს, ნაყოფი აუცილებლად დროულად უნდა შევაგროვოთ, სწორად გავამშრალოთ და სათანადო პირობებში შევინახოთ.

ასკილი შემოდგომით, ყინვამდე უნდა დავკრიფოთ, თან, სანამ ნაყოფი დარბილდება. ახალდაკრეფილი ასკილის ნაყოფი მზის სხივებს უნდა მოვარიდოთ და ჩრდილში გავაშროთ, მერე კი თავდახურულ ჭურჭელში შევინახოთ.

ასკილი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარეა. მას ყველა იცნობს, როგორც გრიპთან და გაციებასთან მებრძოლ საუკეთესო საშუალებას. გარდა ამისა, ასკილს სხვა დაავადებების წინააღმდეგაც იყენებენ.

ასკილის მწიფე ნაყოფი შეიცავს წყალს, ცილებს, ნახშირწყლებს, საკვებ ბოჭკოებს, თავისუფალ ორგანულ მჟავებს. მასში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, ქრომი, კობალტი, მოლიბდენი; ვიტამინები – B1, B2, B6, K, E, PP, C; მთრიმლავი, საღებავი ნივთიერებები, კაროტინი, რიბოფლავინი, ლიმონისა და ვაშლის მჟავა, შაქრები, ფიტონციდები, ეთერზეთები.

ასკილი ყველასთვის ცნობილია, როგორც C ვიტამინის ერთგვარი „საბადო“ – მასში ეს ვიტამინი 5-10–ჯერ უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში და 40-50-ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში.

ასკილი წმენდს სისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება სისხლნაკლებობის, C ვიტამინის ნაკლებობის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის, ღვიძლის სამკურნალოდ.

ასკილი ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც მატონიზებელი, გამამაგრებელი საშუალება. ის აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ამაღლებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ინფექციური დაავადებების დროს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. მას იყენებენ ჰიპერტონიული დაავადებების სამკურნალოდ.

სამკურნალო თვისებები აქვს არა მხოლოდ ასკილის ნაყოფს, არამედ მის ფესვს, ფოთოლს, ყვავილსა და თესლსაც კი.

ასკილის ფესვებში ბევრი მთრიმლავი ნივთიერებაა. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების, ღვიძლისა და თირკმლის კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. თესლისგან იღებენ ზეთს, რომელიც ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინებს შეიცავს. ორივეს ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები აქვს.

ინფექციური დაავადებებისა და ვიტამინების ნაკლებობის დროს დაამზადეთ ასკილის ნაყენი:

* 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ გამომშრალ ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. შეფუთეთ და გააჩერეთ ღამით, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ თაფლთან ერთად დღის განმავლობაში.

* 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ასკილს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში 6-8 საათი. შემდეგ გადაწურეთ კარგად რამდენიმე ფენა დოლბანდში, მიიღეთ სამი კვირის განმავლობაში, დღეში სამჯერ 1 ჭიქა ჭამის წინ, ბავშვებმა – მეოთხედი ან ნახევარი ჭიქა.

ასკილის ნაყენს იყენებენ სხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთადაც, მაგალითად, კუნელის, გარგარის ჩირის ნახარშთან ერთად. მაგალითად, პოდაგრის სამკურნალოდ ასკილის ნახარშს ვაშლის ჩირის ნახარშთან ერთად სვამენ, რაც ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას უწყობს ხელს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი