ანორექსია და ბულიმია
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.10, 2023 წელი

ანორექსიას საფუძვლად ნერვული სისტემის აშლილობა უდევს. ამ დროს ადამიანს წონის მომატების პანიკური შიში აქვს. რაც არ უნდა გამხდარი იყოს, სარკეში ჩახედვისას თავი მაინც მსუქანი ეჩვენება. არარსებულ სიმსუქნესთან ბრძოლისას კილოგრამი კილოგრამზე აკლდება და საბოლოოდ, ფაქტობრივად, ძვალი და ტყავი რჩება.
ანორექსიით შეპყრობილი, გარდა იმისა, რომ რაც გასტრონომიულ მოთხოვნილებებს უკავშირდება, არაფერს ცნობს, სხეულის სასურველი წონისა და ფორმის მისაღებად არც ვარჯიშს ერიდება, არც საფაღარათო აბებს.
ანორექსიით დაავადებულის ამოცნობა ძნელი არ არის:
* ის მეტისმეტად გამხდარია – მისი სხეულის მასის ინდექსი ქვედა ზღვარს საგრძნობლად სცდება;
* მისი გონება მთლიანად წონის კონტროლზეა გადართული: ითვლის საკვების ულუფებს, კალორაჟს, ამატებს, აკლებს... და ასე განუწყვეტლივ;
* ჭამს მხოლოდ კონკრეტულ საკვებს. უმეტესად პირს არ აკარებს რძესა და რძის ნაწარმს, ხორცს, ცომეულს...
* ვარჯიშობს ქანცის გაწყვეტამდე. როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს, ხელ-ფეხს დაუზარებლად იქნევს. შესაძლოა, სარბენად წვიმიან ამინდში გაიქცეს;
* რაც უნდა ცოტა ჭამოს, მაინც კუჭის გადავსებისა და სიმსუქნის შეგრძნება უჩნდება;
* რეგულარულად სვამს საფაღარათო და შარდმდენ საშუალებებს.
ჭამაფობიით შეპყრობილ ქალს ხშირად უჩნდება ისეთი პრობლემა, როგორიც არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა – შესაძლოა, სამი მენსტრუაციაც კი გამოტოვოს.
ანორექსია მხოლოდ წონასა და რეპროდუქციულ სისტემაზე კი არ აისახება, ხასიათსაც ასვამს დაღს. ჭამის მოშიშარი გოგონა გაღიზიანებული და დეპრესიულია, თავს სუსტად გრძნობს.
ანორექსიისგან განსხვავებით, ბულიმიის დროს ადამიანი, პირიქით, ზომაზე მეტს ჭამს, როგორც წესი, მალულად. შემდეგ იმაზე ფიქრობს, როგორ მოიცილოს ათვისებული კალორიები. ამისთვის ხელოვნურად გამოწვეულ პირღებინებას მიმართავს, ზოგჯერ კი საფაღარათო და შარდმდენ საშუალებებსაც იყენებს.
თუ ანორექსიით დაავადებული წონის მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის, ბულიმიით შეპყრობილს სხეულის მასის ინდექსი უმეტესად ნორმალური აქვს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს ზედმეტი კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად: ლამის დღედაღამ ვარჯიშობს.
ბულიმიის კიდევ ერთი ნიშანია სახისა და თითების შეშუპება, თუმცა არა ყოველთვის.
კვებითი აშლილობის დიაგნოზის დასმა არცთუ ისე იოლია, კიდევ უფრო რთული მისი მკურნალობაა, რაც, პირველ რიგში, ახირებული ადამიანის გადარწმუნებას, მარტივად რომ ვთქვათ, ფსიქოთერაპიას გულისხმობს.
ანორექსიის დროს დაზარალებული ორგანოების ჩამონათვალი ასეთია:
* თავის ტვინი და ნერვები – უარესდება მეხსიერება, ეცვლება ხასიათი;
* თმა და ფრჩხილები თხელდება, მტვრევადი ხდება. ხშირია თმის გაძლიერებული ცვენა. სამაგიეროდ, შესაძლოა, სხეულის მანამდე მოშიშვლებული ადგილები დაიფაროს ღინღლით;
* გული, სისხლი და სისხლძარღვები – გულისცემის შესუსტება, გულის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა, ანემია და სისხლის სხვა პრობლემები;
* ძვლები და კუნთები – ვითარდება ოსტეოპოროზი, ანუ ძვლები კალციუმის უკმარისობის გამო მეტისმეტად მყიფე ხდება. გარდა ამისა, მცირდება კუნთების მასა და კუმშვადობა;
* თირკმელები კენჭებით ივსება;
* კანი შრება, იოლად ლურჯდება;
* ჰორმონების ბალანსი ირღვევა, რაც მენსტრუაციული ციკლის დარღვევას, უნაყოფობას იწვევს. თუ ქალი დაორსულდა, შესაძლოა, მუცელი მოეშალოს ან ნაყოფის ფიზიკურ განვითარებას შეექმნას საფრთხე;
* ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტი – მძაფრად გამოხატული ავიტამინოზი, კალიუმის, ნატრიუმისა და მაგნიუმის ძლიერი დეფიციტი.
ბულიმიის შემთხვევაში:
* ტვინი და ფსიქიკა საგრძნობლად არის შერყეული. დაქვეითებულია თვითშეფასება, ქალს დეპრესია და თითქოსდა, უმიზეზო სირცხვილის გრძნობა ტანჯავს, დროდადრო ძლიერ გაღიზიანებული და აგზნებულია, შემდეგ კი უეცრად ეშვება;
* პირის ღრუ – გინგივიტი (ღრძილების ანთება), კარიესი, კბილის მინანქრის დაზიანება, ცივსა და ცხელზე მგრძნობელობის მომატება;
* საყლაპავი – ჭარბი და ხშირი პირღებინების შედეგად ღიზიანდება ლორწოვანი გარსი, ჩნდება ნახეთქები და წყლულები, შესაძლოა, სისხლის ჟონვაც დაიწყოს და კუჭში ჩაიღვაროს;
* კუჭი – ბულიმიის ერთ-ერთი ხშირი გართულება წყლულოვანი დაავადებაა;
* ნაწლავები – შეკრულობა, დიარეა, ყურყური, ჭვალი;
* გული – ხშირია გულისცემის შესუსტება, დაბალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, გულის კუნთის მოდუნება;
* კუნთები – მეტისმეტად მოდუნებულია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან