მედიცინა

ანალური ქავილის მიზეზები და პროფილაქტიკა

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.09, 2021 წელი

ქავილი
დაკოპირებულია

ანალური ქავილი მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებებს კი არა, ანალური მიდამოს კანის დაზიანებასაც იწვევს. კანი შრება, სკდება და შედეგად ქავილიც უფრო მეტად მძაფრდება. ანალური ქავილის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება და შეუძლებელიცაა, რადგან უფრო სერიოზული დაავადებების თანამგზავრია.

პედიკულოზი, ანუ ტილიანობა – ტილი პატარა მწერია, რომელიც კანის თმიან ნაწილზე ბუდობს. უმეტესად ერთ ადგილასაა ლოკალიზებული, მაგრამ ზოგჯერ მთელ სხეულსაც ედება. შეუიარაღებელი თვალით შეიძლება როგორც ტილის, ასევე წილების – ტილის კვერცხების – დანახვაც. წილები თმის ღერებზეა მიკრული. ინფექცია ძლიერ ქავილს იწვევს. მისგან სპეციალური ემულსიებით თავისუფლდებიან.

მუნი – კანის ამ გადამდებ დაავადებას, მიკროსკოპული ტკიპა იწვევს. მისი საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე კვირაა. ინფიცირება ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს ან სხვისი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებისას. მუნით ყველაზე ხშირად ზიანდება თითებს შორის არსებული არეები, მუცელი, მკერდის ქვედა ნაწილი და გენიტალიები. ინფექციას თან ახლავს ქავილი, განსაკუთრებით ღამით და პრობლემა შესაძლოა, ეგზემითაც გართულდეს. ამ დროს ქავილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს დაძინება კი არა, ერთ ადგილზე გაჩერებაც კი უჭირს. ტკიპები კანქვეშ გვირაბებს აკეთებენ, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მკურნალობენ გოგირდის მალამოებითა და ხსნარებით. დასნებოვნების დროს ოჯახში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს მკურნალობა, სრული განკურნება მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი.

ენიტალური ჰერპესი – ეს ფართოდ გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძალიან ჰგავს ტუჩის ჰერპესს. დასნებოვნებიდან 3-7 დღის შემდეგ გენიტალიების მიდამოში ჩნდება პატარა მტკივნეული ბუშტუკები, რომლებიც ვირუსებითაა სავსე. ბუშტუკების წარმოქმნის პროცესს თან ახლავს შემაწუხებელი ქავილი. შესაძლოა, თავი იჩინოს სხვა სიმპტომებმაც – ლიმფური კვანძების გადიდებამ ან სხეულის ტემპერატურის მომატებამ. დიაგნოზს სისხლის ან ბუშტუკების შიგთავსის გამოკვლევით სვამენ. ვირუსი შესაძლოა, ნერვული სისტემის უჯრედებში ჩაინერგოს და წლების განმავლობაში პასიური დარჩეს. თუმცა დროდადრო გააქტიურდეს და დაავადების რეციდივი გამოიწვიოს, თუმცა ასეთ დროს კლინიკური სურათი მძიმე არ არის.

ამ პრობლემის ყველაზე გავრცელებული მიზეზი კი სწორი ნაწლავის დაავადებაა – ჰემოროი, ასევე, ჭიები, სასქესო ორგანოების დაავადებები, შეკრულობა, სოკოვანი დაზიანება, არასათანადო ჰიგიენა.

👉ხშირად მიიღეთ აბაზანა. ეს პროფილაქტიკის ეფექტური საშუალება ანალური მიდამოს მიკროცირკულაციას აუმჯობესებს და სისუფთავესაც უზრუნველყოფს;

👉ნუ შემოიფარგლებით ტუალეტის ქაღალდის გამოყენებით, აუცილებლად ჩაიბანეთ უკანა ტანი დეფეკაციის აქტის შემდეგ და ეცადეთ, რბილი ტუალეტის ქაღალდი გამოიყენოთ;

👉თავიდან აიცილეთ ყაბზობის განვითარება და მოიწესრიგეთ ნაწლავთა მოქმედება, რასაც რეგულარული და ჯანსაღი კვებით მოახერხებთ;

👉ეცადეთ, დეფეკაციის აქტის დროს მინიმალურად გაიჭინთოთ;

👉ეცადეთ, დიდი ხანი არ გაატაროთ მჯდომარე მდგომარეობაში. დიდხანს ჯდომა სისხლის მიმოქცევის დარღვევას და ვენურ სისტემაში მის შეკავებას იწვევს. თუ ასეთი სამსახური გაქვთ, ხშირად შეისვენეთ, ადექით, გაიარეთ. გარდა ამისა, მისდიეთ აერობიკას, იცურეთ, მეტი იარეთ ფეხით;

👉 ნუ გაატარებთ დიდ დროს საჭესთან;

👉ჭარბად ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, ცხარე და მარილიან საკვებს;

👉დროულად მიმართეთ ექიმს, ნუ ეცდებით, თავად დასვათ დიაგნოზი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი