ამოიცანით ინსულტი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.09, 2021 წელი

არსებობს ინსულტის ორი სახეობა: ჰემორაგიული და იშემიური ინსულტი. იშემიურია, როდესაც თრომბი იჭედება სისხლძარღვში და სისხლი ტვინს აღარ მიეწოდება. ჰემორაგიულის შემთხვევაში კი თავში სისხლძარღვი სკდება და სისხლი თავის ტვინში იღვრება. შემთხვევათა დაახლოებით 85–90 პროცენტი იშემიური ინსულტია.
დაავადების შედეგად გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობა და ინვალიდიზაცია დაგვიანებული სამედიცინო ჩარევითაა გამოწვეული. თრომბის გაჭედვიდან, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად ზიანდება ტვინის ქსოვილი. ამიტომ საჭიროა სწრაფი მოქმედება. მკურნალობის უახლესი მეთოდი არის თრომბოლიზისი, რომელიც პირველი სამი საათის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს პირევლადი ნიშნები, რომლებიც ინსულტს ახასიათებს.
სამი სიმპტომი, რომელსაც არასამედიცინო სფეროს წარმომადგენელიც ადვილად ამოიცნობს, არის:
✔️მეტყველების დარღვევა;
✔️სახის ასიმეტრია;
✔️სისუსტე კიდურებში.
აღნიშნულიდან ერთის შემჩნევის შემთხვევაშიც კი აუცილებელია, რომ პაციენტი მაქსიმალურად სწრაფად გადავიყვანოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე ან სასწრაფო დახმარების მოსვლამდე თავად ეცადოთ პაციენტის მდგომარეობის მართვას. იმისთვის, რომ მას ნაკლები დეფექტი დარჩეს, აუცილებელია, გაუსწოროთ თავი და ნიკაპი, ასევე კიდურები. დააკვირდით სუნთქვას და გულისცემას. აკონტროლეთ, რომ ხმასა და ტკივილზე რეაგირებდეს. ზოგადად, ინსულტი მულტიფაქტორული დაავადებაა.
ჰემორაგიული ინსულტის გამომწვევი მიზეზი ძირითადად ჰიპერტონიაა, ხოლო იშემიურისა – ათეროსკლეროზი, თრომბოემბოლიური დაავადება, მოციმციმე არითმია.
გაახალგაზრდავებული ინსულტის მიზეზი კი შეიძლება იყოს: სტრესი, ჭარბი წონა, მავნე ჩვევები, არასწორი კვება, ნაკლებმოძრავი წესით ცხოვრება, გენეტიკური ფაქტორი, ეკოლოგია და ასე შემდეგ.
რადგან ინსულტი ასე ხშირი და თან სამწუხაროდ, გაახალგაზრდავებული დაავადებაა, მნიშვნელოვანია, რომ მისი რისკი მინიმუმამდე შეამციროთ. ამისთვის, მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ და დაარეგულიროთ წნევა, აკონტროლოთ ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, იკვებოთ ჯანსაღად, აკონტროლოთ წონა, შეწყვიტოთ მოწევა, არ მიიღოთ ჭარბი ალკოჰოლი, იყოთ ფიზიკურად აქტიურები.
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადებისგან, ინსულტისგან, ფაქტობრივად, არავინ არის დაზღვეული. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, პრევენციული ზომებით მინიმუმამდე შეამციროთ მისი რისკი. დაავადების პირველივე ნიშნების შემჩნევისთანავე კი სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან