მედიცინა

ალუჩის სასარგებლო თვისებები

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.05, 2022 წელი

ალუჩა
დაკოპირებულია

ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ხილის სია, სწორედ რომ, ალუჩით იწყება. ალუჩა განსაკუთრებულად მცირე რაოდენობით შეიცავს შაქარს. მდიდარია ლიმონისა და ვაშლის ორგანული მჟავებით. მასში ბევრია პროვიტამინი A, B ჯგუფისა, PP და E ვიტამინები, დიდი რაოდენობითა ასკორბინმჟავა, პექტინი, ასევე, მინერალები: კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა და ფოსფორი.

ალუჩის ნაყოფს ავიტამინოზებისა და ყაბზობის სამკურნალოდ იყენებენ, რადგან უმი სახით, ის კუჭ-ნაწლავის მოქმედების სტიმულირებას ახდენს.

ალუჩის წვენი კარგი მატონიზირებელი საშუალებაა, შესანიშნავად უმკლავდება წყურვილის გრძნობას, მკურნალობს ვიტამინების ნაკლებობას და მუცლის ღრუს დაავადებებს.

კალიუმის მაღალი შემცველობა ალუჩას გულის დაავადებებისთვის საოცრად სასარგებლო პროდუქტად აქცევს – ეს მინერალი თავიდან გვაცილებს არითმიას და ამკვრივებს გულის კუნთს. ალუჩა სასარგებლოდ მოქმედებს ნერვული სისტემის მდგომარეობაზე, აქვს დამამშვიდებელი და მომადუნებელი მოქმედება. თუ მაღალი წნევის გამო თავი აგტკივდათ, მიირთვით დაახლოებით 200 გრამი ალუჩა და 40-50 წუთში თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება.

სასარგებლოა ალუჩისა და ტყემლის ნახარშები და კომპოტებიც – აძლიერებს მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. განსაკუთრებით კი ფასობს გასტრიტებისა და მომატებული მჟავიანობისას. ალუჩისა და ტყემლისგან გემრიელი მურაბები, საწებლები, ხილფაფები მზადდება.

ოფიციალური მედიცინა ალუჩისა და ტყემლის რაციონში ჩართვას განსაკუთრებით ურჩევს ორსულ და მეძუძურ ქალებს, ბავშვებს, ხნიერ ადამიანებს, რადგან ის ორგანიზმის ვიტამინებით, მინარალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგების ფასდაუდებელი საშუალებაა.

ალუჩა გამოიყენება ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებებისას. შაქრის დაბალი შემცველობის წყალობით, მას ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროსაც იყენებენ. ის სასარგებლოა პათოლოგიური სიმსუქნითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვებაშიც.

ალუჩის ცოცხალი წვენი ჩინებული ოფლის მომდენი და ხველების საწინააღმდეგო საშუალებაა გაციებებისა და გრიპოზული მოვლენების დროს. უჯრედისისა და პექტინების დიდი შემცველობის წყალობით, ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნას, ანუ ჩვენს ორგანიზმში დაგროვებულ მავნე, რადიაციულ გამოსხივებას სპობს.

ალუჩის უკუჩვენებები:

უმი სახით ალუჩის მიღება უკუნაჩვენებია მუცლის ღრუს იმ დაავადებების დროს, რომლებიც კუჭის წვენის მომატებულ გამომუშავებას უკავშირდება. ალუჩისა და ტყემლის მიღება, ასევე, არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც გასტროდუოდენური მიდამოს და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება აქვს. ალუჩა უკუნაჩვენებია ინდივიდუალური აუტანლობისას, არაა რეკომენდებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანების დროს.

რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ გიყვართ და ჯანმრთელობის მდგომარეობაც ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ, ალუჩა თამამად მიირთვათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი