ბელადები

ვისი მეშვეობით განახორციელა სტალინმა ინდუსტრიალიზაცია

№41

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 17.10

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ის ადამიანი იყო, ვინც რუსეთს იმდენი სიკეთე გაუკეთა, რაც რუსეთის ერთად აღებულ ყველა მმართველს არ შესძლებია.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგნოვი (სტალინის ბიოგრაფი): „სტალინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რა თქმა უნდა, ინდუსტრიალიზაცია იყო და მან ეს ბრწყინვალედ განახორციელა. თუმცა, ამ საქმის ასე მაღალ დონეზე მოგვარება შესაბამისი კადრების გარეშე წარმოუდგენელი იყო და რომ იტყვიან, სწორედ აქაა დამარხული ძაღლის თავი. ინდუსტრიალიზაციის მთავარი, ცენტრალური ფიგურა სერგო ორჯონიკიძე იყო. სწორედ ამ ადამიანს დააწვა ამ საქმის მთელი სიმძიმე. სტალინს აქვს ნათქვამი – ყველაფერს კადრები წყვეტენო და ეს აბსოლუტური სიმართლეა. საბჭოთა ბელადს კადრების შერჩევისა და მათი ამუშავების უნიკალური უნარი ჰქონდა, მართალია, ეს უნარი მკაცრი, ზოგ შემთხვევაში, სხვადასხვა ფორმით, იძულებით ზომებზე იყო დამყარებული, მაგრამ იმ პერიოდში ამის გარეშე დიდი საქმეების გაკეთება შეუძლებელი იყო.“

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინი სერგო ორჯონიკიძეს საბჭოთა ინდუსტრიის მამას უწოდებდა და ეს აბსოლუტური სიმართლე იყო. სტალინმა ორჯონიკიძე ტყუილად როდი დანიშნა მძიმე მრეწველობის სახალხო კომისრად. სტალინს შესანიშნავად ჰქონდა შესწავლილი ორჯონიკიძის პოტენციალი და დარწმუნებული იყო, რომ ამხანაგი სერგო წარმატებით გაუძღვებოდა ამ საქმეს. შედეგმაც არ დააყოვნა და ქვეყანამ გიგანტური ნაბიჯებით წაიწია წინ.“

იაკობ კედმი: „სერგო ორჯონიკიძე და სტალინი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. ისინი ჯერ კიდევ იატაკქვეშეთში დაახლოვდნენ და ლენინი მათ „შესანიშნავ ქართულ ტანდემს“ უწოდებდა. თავად სტალინი კი სერგოს საკუთარ ორეულს და სულიერ იდეოლოგიურ ძმას ეძახდა. სერგო ორჯონიკიძე სტალინივით მკაცრი და ხშირ შემთხვევაში, ძალიან შეუბრალებელი ადამიანი იყო. მეტიც, სტალინისგან განსხვავებით ორჯონიკიძეს შეეძლო, გაელახა კიდეც ოპონენტი და ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე იყო. ყველაზე ცნობილი ფაქტი ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში მოხდა. 1922 წელს საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომაზე სერგო ორჯონიკიძესა და დამსახურებულ რევოლუციონერ კობახიძეს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. კობახიძე სერგოს რაღაც უმნიშვნელო საკითხში შეეწინააღმდეგა და მის აზრს არ დაეთანხმა. დავა ჩხუბში გადაიზარდა და სერგომ ოპონენტს მუშტი დაჰკრა, თან გინების კორიანტელიც მიაყოლა. კობახიძე ლენინთან დაახლოებული ადამიანი იყო, ისევე, როგორც ორჯონიკიძე. ამ ამბავმა ლენინის ყურამდე მიაღწია და ბელადი საშინლად გაბრაზდა. პოლიტბიურო შეკრიბა და ორჯონიკიძის პარტიიდან გარიცხვასა და ყველა თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. საქმეში სტალინი ჩაერია. მან ლენინს აუხსნა, რომ ის საჭირო ადამიანი იყო და გადააფიქრებინა ორჯონიკიძის ასე მკაცრად დასჯა და სერგოს მხოლოდ სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. ლენინი პარტიული დემოკრატიისა და კოლეგიალობის მომხრე და დამცელი იყო და ასეთ მკაცრ ზომებს ამიტომ ითხოვდა. თუმცა, სტალინი ბევრად უფრო შორს იყურებოდა და სერგოც ძირითადად ამის გამო დაიცვა. მომავალმა ბელადმა, სტალინმა ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეშივე კარგად იცოდა, თუ რა უდიდესი ძვრების განხორციელება მოუწევდა და საამისოდ წინასწარ არჩევდა შესაბამის კადრებს.“

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სერგო ორჯონიკიძესთან დაკავშირებით ერთი ინციდენტია ცნობილი, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდნენ განსაკუთრებით კი ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში. გაგანია ინდუსტრიალიზაციისას, როდესაც უზარმაზარ ქვეყანაში ფართო ფრონტით იყო გაშლილი უდიდესი მშენებლობები და მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი ორჯონიკიძე ხან ერთ მშენებლობაზე მიდიოდა შესამოწმელად, ხან – მეორეზე და მისთვის სპეციალურად გამოყოფილი თვითმფრინავით სერავდა საჰაერო სივრცეს. ის უკრაინაში ჩაფრინდა, რომ დნეპრჰესის მშენებლობა შეემოწმებინა. და უცებ აღმოაჩინა, რომ მშენებლობის დირექტორი, მთავარი ინჟინერი და წამყვანი სპეციალისტეი, სულ 25 ადამიანი, წინა დღით დაუპატიმრებიათ და კიევში წაუყვანიათ. იმ პერიოდში უკრაინის პარტიული ხელმძღვნელი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო. სერგო სასწრაფოდ ჩაფრინდა კიევში. უკრაინის „ენკავედეს“ ხელმძღვანელს კაბინეტში შეუვარდა და გაიგო, რომ იმ 25 ადამიანის დაპატიმრება ხრუშჩოვის ბრძანება იყო. იმ პერიოდში ხრუშჩოვი „ხალხის მტრებს ავლენდა“ სტალინს დასახვრეტთა სიებს უგზავნიდა, სტალინისგან „დამსახურებულ“ შექებას ელოდა. სწორედ ამ სიაში აღმოჩნდნენ ეს ხალხიც. სასწრაფოდ გაათავისუფლეთ ეს ადამიანები და აეროდრომზე დამახვედრეთ, რომ უკან წავიყვანო! – უბრძანა ორჯონიკიძემ უკრაინელი „ჩეკისტების“ შეფს, თავად კი ხრუშჩოვის რეზიდენციისკენ ფეხით გაემართა, რომელიც ასიოდე მეტრში მდებარეობდა. ხრუშჩოვს კაბინეტში შეუვარდა, სადაც ბიუროს სხდომა მიმდინარეოდა და ნიკიტას აგინა. ბოლოს შეტრიალდა, აეროდრომისკენ გაემართა და ციხიდან გამოყვანილი დნეპრჰესის ხელმძღვანელობა თავიანთ სამუშაო ადგილებზე დააბრუნა. სტალინს რომ ეს ამბავი მოახსენეს, სერგოსთვის დაურეკავს და უთქვამს: თუ ასეთი ტემპებით გააგრძელე, ხელმძღვანელი კადრები აღარ დარჩებაო. სერგოს კი სახარებისეული პასუხი გაუცია: გამხმარი და უნაყოფო ხე უნდა მოსპოო.

საგულისხმო ფაქტია, რომ საბჭოთა ინდუსტრიალიზაცია სტალინის, ეგრეთ წოდებულმა, „კავკასიურმა“, სინამდვილეში, ქართულმა გუნდმა განახორციელა, რადგან ამ სისტემის ხელმძღვანელ, წამყვან და საპასუხისმგებლო პოსტებზე 70 პროცენტი ქართველები იყვნენ.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა