ვის და როგორ შეაქმნევინა სტალინმა ამერიკის შეერთებულ შტატებში კომუნისტური პარტია
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 02.10

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი შორსმჭვრეტელი, მრავალმხრივი ნიჭითა და განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული პოლიტიკოსი იყო. მას უნიკალური თვისებები ჰქონდა და თავისუფლად შეეძლო საერთო ენის გამონახვა თვით დაპირისპირებული პოლიტიკური სისტემის წარმომადგენლებთანაც კი, თან ისე, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის მიზნებისთვის გამოეყენებინა.
სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის უნიკალურ დიპლომატიურ ნიჭზე მისი დაუძინებელი მტერი და ნომერ პირველი მეტოქე ლევ ტროცკი წერდა: სტალინს, დიპლომატიისა და ადამიანების დარწმუნების განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. სწორედ ამიტომ აგზავნიდა მას ლენინი ყველაზე რთული მოლაპარაკებების საწარმოებლად. სტალინი დიპლომატიის დიდოსტატი გახლდათ. მისი მოტყუება შეუძლებელი იყო, თავად კი ნებისმიერს მოატყუებდა, თავის ჭკუაზე გაატარებდა და ამასთან, მოლავირეთა შორის სტალინი უფრო დიდი მოლავირე იყო. სხვის ნათქვამ სიტყვას უფრო არგუმენტირებულ, შეფარულსა და ეშმაკობით გაჯერებულ სიტყვას უპირისპირებდა, პირობას – პირობას და თუკი მეტოქეს დიპლომატიური მარაგი ამოეწურებოდა და ძალისმიერ საშუალებებზე დააპირებდა გადასვლას, ასეთებისთვის სტალინს ყოველთვის მზად ჰქონდა ჩახმახზე შეყენებული „მაუზერი“, რომელიც საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გაისვრიდა და მიზანშიც ზუსტად მოხვდებოდაო... დამეთანხმებით, ალბათ, რომ ტროცკის მიერ სტალინის პერსონის ამგვარი შეფასება აბსოლუტურად ზუსტად ასახავს საბჭოთა ბელადის პორტრეტის ერთ-ერთ მთავარ შტრიხს. არადა, როცა ამ სტრიქონებს წერდა, ტროცკის ჩანაფიქრი სტალინის გაშავება იყო. თუმცა, პირიქით კი გამოუვიდა.“
სტალინის ამ თვისებებზე, ანუ დარწმუნების უნარზე მსჯელობისას, საუკეთესო მაგალითად გამოდგება უკვე მომავალში ამერიკელ მილიარდერ არმანდ ჰამერთან დაკავშირებული ისტორია. როგორც ცნობილია, გასული საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა, ჯერ კიდევ რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკას (საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი) არავინ ცნობდა და ბოლშევიკური ხელისუფლება სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ. აქედან გამომდინარე, არავინ აღიარებდა მათ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე სასტიკ უარს ამბობდნენ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ საბოტაჟთან ერთად, ანტიბოლშევიკურ შიდა ძალებს მთელი არსებით ეხმარებოდნენ და არც სამხედრო ინტერვენციას ერიდებოდნენ. მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობის კერძო პირები თუ წვრილი მეწარმეები და კომერსანტები იჩენდნენ ინტერესს ახალი ხელისუფლების მიმართ. ერთ-ერთი ასეთი დაინტერესებული პირი იყო სრულიად ნორჩი ამერიკელი ბიზნესკომერსანტი, ებრაული წარმოშობის, 20 წლის არმანდ ჰამერი. ის თავისი ინიციატივით ჩამოვიდა რუსეთში, რომ პირადად ენახა, თუ რა ხდებოდა ახალშექმნილ ქვეყანაში. იმდენიც კი მოახერხა, რომ კრემლში დიდი ოქტომბრის რევოლუციის ბელადს, ვლადიმერ ილიას ძე ლენინს შეხვდა. ნახევარსაათიანმა საუბარმა ზოგადი, შეიძლება ითქვას, ფორმალური სახე მიიღო. ილიჩმა (ლენინმა), რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იყო დაკავებული, არანაირი ინტერესი არ გამოიჩინა ჰამერის კომერციული მისწრაფებებისადმი. დაემშვიდობა ახალგაზრდა ამერიკელს და ალბათ, ამ ისტორიას არც ექნებოდა გაგრძელება, კრემლის დერეფანში სტალინს რომ არ შეხვედროდა, რომელიც მოლოტოვთან ერთად, ლენინთან მიდიოდა. სწორედ მოლოტოვი იხსენებდა ამ ისტორიას და ყვებოდა: „სტალინი და მე ერთად მივაბიჯებდით, რომ ილიჩის კაბინეტიდან სრულიად ნორჩი, მაღალი, გამხდარი უცხოელი გამოვიდა. სახეზე უკმაყოფილება ეტყობოდა. დაბნეული იყო და გვკითხა, როგორ უნდა ეპოვა გასასვლელი. სტალინმა კი თავისი კაბინეტის კარი უჩვენა და სთხოვა, რომ მისთვის მოეცადა. ამან ახალგაზრდა კიდევ უფრო დააბნია, მაგრამ დაემორჩილა „ულვაშა მამაკაცს“ (არმანდ ჰამერის ფრაზა)... სტალინი კაბინეტში 20 წუთში დაბრუნდა, ოღონდ უკვე მოლოტოვის გარეშე. ჰამერს ესაუბრა და გაარკვია, რომ ის სამედიცინო აღჭურვილობით მოვაჭრე იყო და აინტერესებდა, თუ რა კომერციული სარგებლის პოვნა შეეძლო რუსეთში... მეორე დღეს ჰამერი სამშობლოში დაბრუნდა. ერთი თვის მერე კვლავ მოსკოვს ეწვია და ექსკლუზიური უფლება მიიღო ქვეყნიდან ანტიკვარიატის გატანაზე. ამან ის სულ მალე მილიარდერი გახადა. სამაგიეროდ, ჰამერმა დიდი წვლილი შეიტანა ამერიკის შეერთებული შტატების კომპარტიის შექმნაში, რომელსაც 80-იანი წლების ბოლომდე სპონსორობდა და ეს ყოველივე სტალინის დამსახურება იყო.
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან