ბელადები

ვინ დაეხმარა სტალინს აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებაში

№3

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.01

სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, ლენინთან ერთად, სახელმწიფოს დამფუძნებელი იყო. მაგრამ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთ სტალინს მიუძღვის უდიდესი ღვაწლი იმაში, რომ სწორედ მან მისცა სრულყოფილი სტრუქტურული ფორმა სახელმწიფოს, რომელსაც საბჭოთა კავშირი ეწოდებოდა.

არსენ მარტიროსიანი (პოლკოვნიკი, სპეცსამსახურების ექსპერტი): „მართალია, ლენინი მოიხსენიება საბჭოთა კავშირის დამაარსებლად და ეს სიმართლეა, მაგრამ რომ არა სტალინის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის გენია, საბჭოეთი არასოდეს იქნებოდა ის უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფო, როგორიც ის იყო. დიადი საბჭოთა ქვეყნის ფორმირება სტალინმა ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეშივე დაიწყო. და ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ის პარტიის გენერალური მდივანი გახდებოდა, სტალინი ხელმძღვანელობდა დევიზით – კადრები წყვეტენ ყველაფერს! და სწორედ საიმედო პროფესიონალი და ერთგული კადრების შემოკრებითა და დაწინაურებით დაიწყო ქვეყნის მშენებლობა. სტალინი გამოცდილი, შეიძლება ითქვას, ძალიან ეშმაკი იატაკქვეშელი იყო და კარგად უწყოდა, რომ სახელმწიფოს ძლიერების ერთ–ერთი უმთავრესი ბურჯი სპეცსამსახურები იყო. სტალინმა აქედან დაიწყო. მან იმდენი შეძლო, რომ მოკლული ურეცკის შემდეგ „ჩეკას“ ხელმძღვანელად ფელიქს ძერჟინსკი დაინიშნა. ძერჟინსკი სტალინთან ერთად ძალიან გამოცდილი იატკქვეშელი იყო. „ოხრანკასთან“ პაექრობაში უდიდესი გამოცდილება ჰქონდა მიღებული და უსაფრთხოების სისტემას კარგად იცნობდა. ამასთანავე, ძერჟინსკი სტალინის ერთგული თანამებრძოლი იყო და სწორედ ამ ორმა ფაქტორმა ითამაშა მთავარი როლი ძერჟინსკის დაწინაურებაში. სტალინმა ძერჟინსკის დაუსახა მთავარი ამოცანა, „ჩეკას“ მოდერნიზაცია, ამ ორგანიზაციის ჩაყენება სახელმწიფო სამსახურში. საქმე კი ის იყო, რომ ურეცკის მიერ დაკომპლექტებული კადრები ტროცკისა და მისი მიმდევრების სამსახურში იდგნენ და ვიწრო კლანურ ინტერესებს ემსახურებოდნენ. აქედან გამომდინარე კი იმის დიდი საშიშროება არსებობდა, რომ „ჩეკას“ მესვეურებს სახელმწიფო გადატრიალების სურვილი გასჩენოდათ. საჭირო იყო მხოლოდ ერთი ბრძანება და ქაოსი დაიწყებოდა. ძერჟინსკის კი ეს საფრთხე თავიდან უნდა აეცილებინა ახლად შექმნილი ქვეყნისთვის. სტალინის მითითებით, ფელიქს ძერჟინსკიმ „ჩეკაში“ საიდუმლო განყოფილება შექმნა, სადაც ერთგულ კადრებს იღებდნენ სამუშაოდ. ამ განყოფილების მოვალეობა იყო უტყუარი კომპრომატების მოპოვება იმ ადამიანებზე, მათ შორის „ჩეკას“ მაღალი თანამდებობის პირებზე, ვინც სტალინისა და მისი ჯგუფის წინააღმდეგ იყო განწყობილი. როდესაც ეს სამუშაო შესრულდა და ძერჟინსკისა და სტალინის ხელში მსგავსი უტყუარი საბუთები იყო, სტალინის სანქციით ძერჟინსკიმ „ჩეკას“ წმენდა დაიწყო და თანამდებობიდან 400-მდე მუშაკი, მათ შორის მაღალი რანგის, გაათავისუფლა. ასეთივე ბედი ეწიათ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პარტიულ მაღალჩინოსნებსაც.“

უდავო ფაქტია, რომ სტალინი ერთპიროვნული მმართველობისკენ მიისწრაფოდა. მას ამის სრული შესაძლებლობები ჰქონდა და დაამტკიცა კიდეც, რომ სწორედაც მოიქცა. ამ გზის პირველ ეტაპზე სტალინი „ჩეკას“ დაეყრდნო, ამ ორგანიზაციის მეშვეობით სხვა უწყებებიც დაიმორჩილა და მთელი სახელმწიფოებრივ-პარტიული სტრუქტურის მმართველი გახდა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ურთულესი, უმძიმესი პერიოდი იყო. ახლად შექმნილი სახელმწიფოს ყველა უწყებაში ისეთი ადამიანები სჭარბობდნენ, ვინც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იოლად დათმობდა რევოლუციურ მონაპოვარს და მეძავი ქალივით დაუწვებოდა მსოფლიო იმპერალიზმის მესვეურებს. ეს კი ქვეყნის დაშლა-გაჩანაგებას გამოიწვევდა და იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობაში ჩავარდებოდა ხალხი, ვიდრე ეს „ცარიზმის“ დროს იყო. სტალინმა სწორი კურსი აიღო. ძერჟენსკის დახმარებით გაწმინდა „ჩეკა“, „ჩეკას“ დახმარებით კი გაწმინდა სამხედრო უწყება და მოღალატე პარტიული ნომენკლატურა. ახლა რომ გაჰყვირიან – სტალინმა და მისმა მომხრეებმა სისხლიანი ტერორი გააჩაღეს და მილიონობით უდანაშაულო ადამიანი დახოცესო, უსინდისო ტყუილია. ჯერ ერთი, მილიონობით ადამიანი არავის დაუხოცავს. რეპრესიები კი ნამდვილად იყო, მაგრამ „წმენდის დანის“ ქვეშ მოხვედრილთა 96 პროცენტი მართლა ხალხისა და სახელმწიფოს მტერი იყო. რეპრესიები და სისხლის ნიაღვარი კი მაშინ იქნებოდა, ამ ადამიანებმა რომ მიეღწიათ თავიანთი მიზნებისთვის. გადატრიალება რომ მოეხდინათ და სახელმწიფო მმართველობაში მოსულიყვნენ. სხვათა შორის, ჩვენი მაძაგებლები ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტს მალავენ. იმას, რომ ეგრეთ წოდებული რეპრესიების დაწყებამდე, ანუ მოღალატე მავნებელთა მეორედ დაპატიმრებამდე სტალინმა გააფრთხილა ისინი, რომ სწორ გზაზე დამდგარიყვნენ და პატიმრობებიდან გაათავისუფლა. თუმცა, სტალინის ეს სულგრძელობა მათ ბოროტად გამოიყენეს, სისუსტედ მიიჩნიეს და მავნებლობასა და ღალატს არ მოეშვნენ. მეორედ მათი პატიება სტალინის მხრიდან, უკვე სტალინის დანაშაულს ნიშნავდა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. სტალინი კი სწორედ ხალხისთვის ზრუნავდა და აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგა...“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული