ბელადები

ვინ და როგორ მოისყიდა სტალინმა კამოს გამო

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 20.06

საბჭოთა ბელადი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინს, სანამ საბჭოთა კავშირის მმართველი გახდებოდა, ბობოქარი რევოლუციურ-იატაკქვეშა მოღვაწეობა ჰქონდა გაჩაღებული და რომ იტყვიან, „ცარიზმის“ ჯოჯოხეთის ყველა შრე საკუთარ თავზე გამოცადა.

ბორის სოკოლოვი: „იოსებ სტალინის ბიოგრაფიიდან შედარებით ნაკლებადაა აფიშირებული ამ გიგანტი ადამიანის რევოლუციურ-არალეგალური საქმიანობის ზოგიერთი ეპიზოდი, არადა, სტალინი ამ პერიოდის ჭეშმარიტი რაინდი იყო. საბჭოთა პერიოდში დიდ რევოლუციონერად მხოლოდ ლენინი იყო შერაცხული. ამ აზრს არც თავად სტალინი ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, მშვენივრად უწყოდა, რომ თავადაც არანაკლები წვლილი ჰქონდა შეტანილი ამ საქმეში (სინამდვილეში ლენინზე მეტი), მაგრამ ილიჩს ის თავის მასწავლებლად მიიჩნევდა და სულაც არ სურდა მასზე დიდი გამოჩენილიყო. როდესაც სტალინს სერგო ორჯონიკიძის ქვრივის, ზინაიდა ორჯონიკიძის მემუარული ხელნაწერები მიუტანეს, საბჭოთა ბელადმა ყურადღებით წაიკითხა ისინი. შენიშვნები გააკეთა. შემდგომ ამ ხელნაწერების ავტორი თავისთან მიიწვია და სთხოვა, რომ იქიდან ცალკეული ეპიზოდები და დასკვნები ამოეღო და მხოლოდ ამ თხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ მისცა ვიზა ამ მემუარების გამოქვეყნებას. ზინაიდა ორჯონიკიძის მემუარები, ძირითადად, სერგო ორჯონიკიძის მონათხრობებზეა დამყარებული. იმ ამბებზე, რასაც სერგო ორჯონიკიძე თავის მეუღლეს უზიარებდა. სტალინს არ მოეწონა ფრაზა, რომელიც სერგო ორჯონიკიძეს უთქვამს ცოლისთვის. ეს ასე ჟღერს – ლენინი ვერასოდეს განახორციელებდა ბოლშევიკურ რევოლუციას, რომ არა სოსო (სტალინი). სწორედ სოსომ შეძლო იმ უმძლავრესი რევოლუციურ-ბოლშევიკური ბირთვის შეკვრა, გაზრდა და გაძლიერება. სწორედ ის იყო, ვინც ეს დიდი საქმე გააკეთა, შემდგომ კი ძალაუფლება შეუნარჩუნა ლენინსო. სტალინს ზინაიდა ორჯონიკიძისთვის დელიკატურად უთქვამს: სერგო ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. აქედან გამომდინარე, ის ზოგჯერ გადაჭარბებულად მაფასებდა. ილიჩზე მაღლა ჩემი დაყენება არასწორად მიმაჩნია და გთხოვ, ეს ეპიზოდები, ეს პასაჟები შენი წიგნიდან ამოიღოო. ზინაიდა ორჯონიკიძემ სტალინის თხოვნა ყურად იღო... თუმცა, მოგვიანებით ზინაიდა ორჯონიკიძის მემუარები სრულად გამოქვეყნდა, იქ არაფერია ამოღებული და ძალიან საინტერესო სათავგადასავლო ეპიზოდებს შეიცავს. ერთ-ერთი, ეგრეთ წოდებული, „თბილისური ექსპროპრიაციაა“. თბილისში, ერევნის მოედანზე, კამოს ხელმძღვანელობით, ბოლშევიკ-იატაკქვეშელებმა სახელმწიფო ბანკიდან 350 ათასი მანეთი გაიტაცეს, რაც იმ პერიოდისთვის არნახული თანხა იყო. შემდგომ კამომ ეს თანხა ევროპაში არალეგალურად გაიტანა და ის გერმანიაში გადახურდავების მცდელობისას დააპატიმრეს. კამოს ექსტრადიციის შემთხვევაში, თუკი მას რუსეთში დააბრუნებდნენ, სასიკვდილო განაჩენი ელოდებოდა. კამო სტალინის უახლოესი ხელქვეითი და თანამებრძოლი იყო, ამიტომ მალევე დაიწყო მოქმედება მის გასათავისუფლებლად. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ემიგრაციაში მყოფმა ლენინმა „ხელები დაიბანა“ მძარცველის დაცვაზე და ფაქტობრივად, კამო ბედის ანაბარა მიატოვა. ბედი კი კამოს სიკვდილს უქადდა. არადა, ეს ნაძარცვი თანხა სწორედ ლენინისა და სხვა ემიგრანტი რუსი რევოლუციონერებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა მხოლოდ სტალინი ზრუნავდა კამოს გადარჩენაზე. ამიტომ „კობამ“ (მაშინ სტალინი ამ ფსევდონიმს ატარებდა) ბაქოელ ნავთობმაგნატებს 5 ათასი ოქროს მანეთი აართვა და ეს თანხა ერთ გერმანელ ფსიქიატრს გადაუხადა. ექიმმა კამო შეურაცხადად გამოაცხადა. ეს კი კამოს სასიკვდილო განაჩენს უუქმებდა და კამო ფსიქიატრიულ კლინიკაში გაამწესეს. იქიდან, ასევე სტალინის ძალისხმევით, კამო გაიქცა და თბილისში ჩამოვიდა. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კამო „ოხრანკამ“ დააპატიმრა და ის მეტეხის ციხეში ჩასვეს. რადგან კამოს შეურაცხადობის საბუთი ჰქონდა, სასიკვდილო განაჩენი აღარ ეკუთვნოდა. თუმცა, გადაწყდა, რომ ის ჩრდილო ყინულოვან ოკეანესთან გადაესახლებინათ, რაც ფაქტობრივად, სიკვდილს ნიშნავდა. იქიდან გაქცევა გამორიცხული იყო. საქმეში კვლავ სტალინი ჩაერთო, მან მოახერხა მეტეხის ციხის ზედამხედველის მოსყიდვა. ფილიპე მახარაძე მღვდლის მანტიაში გამოაწყო და ციხეში შეუშვა – ვითომ აღსარებისთვის. სინამდვილეში კი მახარაძემ კამოს ქლიბები და ხერხები შეუტანა გისოსების გადასაჭრელად. კამომ შეძლო და გისოსები გადახერხა. მეტეხის კლდიდან თოკით მდინარე მტკვარზე დაეშვა, იქ კი მას ნავით სტალინი და ფილიპე მახარაძე ელოდნენ და სამივე ღამის წყვდიადში გაუჩინარდნენ. სერგო ორჯონიკიძის ეს მონათხრობი ამ მემუარების ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია და ასე მთავრდება: „სტალინი არასდროს ტოვებდა თავის მეგობრებს და თანამებრძოლებს გასაჭირში. ყოველთვის გვერდით ედგა და მათთვის თავის გაწირვაც კი შეეძლო.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული