ვინ და როგორ გეგმავდა სტალინის ლიკვიდაციას ციმბირში
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 20.06

სტალინი ის ადამიანი იყო, ვინც ჯერ კიდევ არალეგალური მოღვაწეობის პერიოდში მუდმივი დარტყმის ქვეშ იმყოფებოდა, როგორც მეფის რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ასევე პოლიტიკური ოპონენტებისგან და მიუხედავად არაერთი ტერაქტისა, მომავალი საბჭოთა ბელადი მუდამ უვნებელი რჩებოდა.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „როგორც ჰიტლერის, ასევე სტალინის წინააღმდეგ არაერთი ტერორისტული აქტი დაიგეგმა, თუმცა, არცერთ მათგანს არ ეწერა განხორციელება. საბჭოთა ბელადს ჯერ კიდევ ციმბირული კატორღის დროს უპირებდნენ ლიკვიდაციას „ოხრანკის“ მიერ დაქირავებული პატიმრები, მაგრამ ის გადარჩა და მეორე დღეს რომ კატორღიდან გაქცევა არ მოეხერხებინა, მას, ალბათ, მაინც მოკლავდნენ. მარტის სუსხიანი ციმბირული დილა იყო და პოლიტიკურ პატიმართა დასახლების დაბა თოვლით იყო დაფარული. ხის ჭრაზე გასული პოლიტიკური პატიმრები ენერგიულად შრომობდნენ, რათა არ გაყინულიყვნენ. მათ შორის იყო სტალინიც, რომელიც ჯერ კიდევ კობას ფსევდონიმს ატარებდა. პატიმრებს დავალებული ჰქონდა, რომ ორ-ორად დაწყვილებულებს უზარმაზარი ხის მორები ერთმანეთზე დაეწყოთ. ეს კი არცთუ ისე იოლი საქმე იყო, რადგან არსებობდა იმის საშიშროება, რომ სველი მორი დაცურებულიყო, ადამიანი ქვეშ მოეყოლებინა და გაესრისა. ასეთი შემთხვევები ციმბირულ კატორღებში საკმაოდ ხდებოდა. იმ მარტის სუსხიან დილას სტალინის მეწყვილე, ვინმე პავლოვსკი იყო. ესერების პარტიის წევრი, რომელიც ტერორისტული მოღვაწეობისთვის იხდიდა კატორღას. როდესაც ბადრაგმა პატიმრებს სამუშაო ადგილებთან უბრძანა მისვლა, აღმოჩნდა, რომ სტალინ-პავლოვსკის წყვილს მორების უზარმაზარი გროვა შეხვდათ, რომელიც წინა დღით იყო დაწყობილი და შუაში სოლი ჰქონდა ჩარჭობილი, რომ სველი მორები არ დაცურებულიყო. სწორედ იქ უნდა ემუშავათ პატიმრებს. სანამ მუშაობას დაიწყებდნენ, სტალინი გვერდით გაიხმო ვიქტორ სერგეევმა, ვითომ თამბაქოს მოსაწევად. სინამდვილეში კი გააფრთხილა, რომ პავლოვსკი „ოხრანკის“ მიერ გადაბირებული პროვოკატორი იყო და სტალინის მოკვლა ჰქონდა დავალებული. პავლოვსკი მორების გორაზე უნდა ამძვრალიყო და როცა სტალინი ქვევით იდგებოდა, მორებისთვის სოლი გამოეცალა და სტალინი ქვეშ მოექცია. ამ შემთხვევაში სტალინის სიკვდილს უბედურ შემთხვევას მიაწერდნენ. „ოხრანკას“ არ უნდოდა, რომ სტალინის ლიკვიდაცია ტერორისტულ აქტად მიეღოთ, რაც ბოლშევიკი პატიმრების აჯანყებას გამოიწვევდა. იმ პერიოდში სტალინი უკვე ძალიან გავლენიანი რევოლუციონერი იყო და მისი მკვლელობა დიდ ზიანს მოუტანდა მეფის რეჟიმს. როგორც გაირკვა, სერგეევს ამ ტერაქტის შესახებ თავად პავლოვსკიმ მოუყვა. წინა ღამით ისინი ბარაკში არაყს სვამდნენ. პავლოვსკი კი ისე გამოიბრუჟა, რომ პირი დააღო და თანაპარტიელს ყველაფერი უთხრა. ერთი სიტყვით, სტალინის ლიკვიდაცია „ლესოპავალზე“ არ მოხერხდა. მეორე დილით კი სტალინმა თავხედური გაქცევა მოაწყო. მოგვიანებით, უკვე ქვეყნის მეთაურად ყოფნის პერიოდში, სტალინმა უკვე სერგეევს გაუწია დახმარება. ეს ძველი ესერი უკვე საბჭოთა ხელისუფლების პერიოდშიც პოლიტიკურ სასჯელს იხდიდა. სტალინმა კი მისი გამოშვება ბრძანა. შემდგომ მოსკოვშიც დაასახლა და ბინაც მისცა მას. არ დავიწყებია სტალინს პავლოვსკიც. ეს ძველი ესერი პროვოკატორი ფრანგულ ემიგრაციაში, პარიზში იმყოფებოდა. თუმცა, 1932 წელს ის ელისეს მინდვრებზე მოკლა რუსმა ტაქსისტმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ენკავედეს“ დავალებას ასრულებდა. ყველაზე დიდი და საშინელი ტერორისტული აქტი სტალინის წინააღმდეგ 1937 წლის 1 მაისს უნდა განხორციელებულიყო. იმ დღეს მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია იმართებოდა, რომელსაც სტალინი ესწრებოდა, საბჭოთა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად. საქმე კი ის იყო, რომ „ენკავედეს“ კონტრდაზვერვის განყოფილებამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მავზოლეუმის ტრიბუნა, რომელზეც სტალინი და სხვა ხელმძღვანელები უნდა ასულიყვნენ, დანაღმული იყო. ანუ, მზადდებოდა სამხედრო გადატრიალება. ხოლო ამ გადატრიალების მესვეურებიც რომ არ დაზარალებულიყვნენ, სწორედ 1 მაისისთვის დაგეგმეს მათ სამხედრო სწავლება ბელორუსიაში. როცა სტალინს ეს ინფორმაცია მიაწოდეს, ბელადმა სამხედრო სწავლება გააუქმა და სამხედროებს მოსთხოვა, დემონსტრაციას დასწრებოდნენ და მასთან ერთად დამდგარიყვნენ მავზოლეუმის ტრიბუნაზე. აქედან გამომდინარე, მავზოლეუმის აფეთქება გამოირიცხა. თუმცა, ეს მაინც არ მოხდებოდა, რადგან ნაღმები „ენკავედემ“ გაანეიტრალა. ამგვარად გადაურჩა სტალინი და დანარჩენი თანამდებობის პირები ამ საშინელ ტერაქტს. როგორც კი ზეიმი დასრულდა, ორი გენერალი მაშინვე დააპატიმრეს, ერთ-ერთი კი მიხვდა რა, რომ გაშიფრული იყო, თავი მოიკლა. დანარჩენები, მარშალ ტუხაჩევსკის მეთაურობით, მოგვიანებით დააპატიმრეს, ადრე დაპატიმრებული გენერლების ჩვენების საფუძველზე.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან