ბელადები

ვინ და რატომ მიიჩნევდა სტალინს ლენინზე დიდ მოღვაწედ

№42

ავტორი: ნიკა ლაშაური 21:00 31.10

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი და დიდი სახელმწიფოს შემქმნელი იყო. ადამიანი, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა და ეს ძალაუფლება სახელმწიფოს მშენებლობასა და ხალხის კეთილდღეობას შეალია.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ვლადიმერ ილიას ძე ლენინმა შექმნა, სწორედ ესაა დაფიქსირებული ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც ოქტომბრის რევოლუციის ბელადის – ლენინის ხელმოწერითაა დადასტურებული. მაგრამ ლენინმა მხოლოდ ამ გრანდიოზული პროგრამის საწყის, ფორმალურ ეტაპში მიიღო მონაწილეობა. ხოლო, რაც შეეხება ქვეყნის მშენებლობას, ლენინს ეს არ დასცალდა და ყველაფერი სტალინმა განახორციელა... მე მქონდა ბედნიერება, მემუშავა ცენტრალური კომიტეტის საიდუმლო არქივებში. იქ წავაწყდი სერგო ორჯონიკიძის მეუღლის, ზინაიდა ორჯონიკიძის დღიურებს. წავიკითხე და შოკირებული დავრჩი. ზინაიდა ორჯონიკიძე წერს სერგო ორჯონიკიძის მონათხრობს სტალინზე, საიდანაც ძალიან საინტერესო ამბებს ვიგებთ. 1935 წლის მაისით დათარიღებულ ჩანაწერებში ვკითხულობთ: „სერგო საპირველმაისო დემონსტრაციიდან ამაღლებულ განწყობაზე დაბრუნდა. მაკოცა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა:

– ხედავ, ზინაჩკა, რა მაგრები ვართ? ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ საბჭოთა ხელისუფლება, არამედ ქვეყანა ისე გავაძლიერეთ, რომ მთელ მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. ნურას უკაცრავად, აქ ახლა დაუსჯელად ფეხს ვერავინ შემოადგამს. წარსულს ჩაბარდა ოციანი წლები, როცა ინტერვენტები თავის ნებაზე დასეირნობდნენ ჩვენს ტერიტორიაზე.

– მართალი ხარ, ძვირფასო, – ვუთხარი სერგოს და დავამატე, – მაგრები აღმოჩნდით ბოლშევიკები. ლენინმა სწორი სახელი დაგარქვათ და სწორი მიმართულება მოგცათ.

სერგოს ჩაეცინა. თავი გააქნია და მითხრა:

– ილიჩი (ლენინი), რა თქმა უნდა, დიდი ადამიანი იყო. ჭკვიანი და მიზანსწრაფული რევოლუციონერი, მაგრამ ამ ყველაფერში მთავარი კობაა (სტალინის პარტიული მეტსახელი, რომლითაც ძველი რევოლუციონერები მოიხსენიებდნენ მას). მეტსაც გეტყვი, ლენინს რომ ეცოცხლა და ქვეყნისთვის ეხელმძღვანელა, შეიძლება, ძალაუფლება ათი წელიც ვერ შეგვენარჩუნებინა. ქვეყნის აღმშენებლობაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია.

სერგოს სიტყვებმა გამაოცა. აქამდე მსგავსი არაფერი მსმენია და დაბნეულმა ვუთხარი:

– ვერაფერს ვხვდები. ამიხსენი.

– ლენინი მსოფლიო რევოლუციის იდეით იყო შეპყრობილი და ოქტომბრის რევოლუცია მისთვის მხოლოდ სტარტს წარმოადგენდა ამ დამღუპველი ნაბიჯისკენ. სხვათა შორის, ამ კატასტროფისკენ ილიჩს ტროცკი უბიძგებდა. ეს ნაძირალა ტროცკი ამბობდა, რუსეთი ფიჩხია მსოფლიო რევოლუციის კოცონშიო. წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა, ტროცკი რომ არ დაგვემარცხებინა და არ გაგვეგდო ან ლენინს რომ ეცოცხლა? ისინი ამ ქვეყანას უტოპიურ იდეებს შესწირავდნენ. ხვდები ახლა, თუ რისგან იხსნა კობამ რუსეთი და სხვა რესპუბლიკები?

– გასაგებია. კობას გზა კი ცალკეულ ქვეყანაში სოციალიზმის მშენებლობაა, რაც ქვეყნის გადარჩენისა და სიძლიერისთვის, მისი (ანუ ჩვენი) განვითარებისთვის სწორი მიმართულებაა.

სერგომ კვლავ მაკოცა. ისევ თმაზე მომეფერა და მითხრა:

– შენ ყოველთვის სწორად სწვდებოდი ჩემს სიტყვებს. მოემზადე, საღამოს ბანკეტია კრემლში და კობამ პირადად დაგვპატიჟა.

საპირველმაისო ბანკეტზე უამრავი სტუმარი იყო მიწვეული და გაჩახჩახებულ დარბაზში გაშლილ უზარმაზარ სუფრასთან ყველა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენელს მოეყარა თავი. სტალინი დარბაზში თეთრ კიტელში გამოწყობილი შემოვიდა და ყველანი ფეხზე ამდგარნი, მხურვალე ოვაციებით შევეგებეთ. მე ყურადღებით ვაკვირდებოდი ბელადს და გახარებული ვიყავი იმით, რომ მან შეძლო, დაემარცხებინა ტროცკი და მისი მომხრეები, რომლებიც ჩვენი სამშობლოს დაწვას აპირებდნენ მსოფლიოს რევოლუციის უტოპიური იდეის გამო.“

ზინაიდა ორჯონიკიძის ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, თუ რა სწორი გზით მიჰყავდა სტალინს ქვეყანა და რამდენად მართალი იყო, როდესაც ტროცკის და მის მომხრეებს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა და ეს უზარმაზარი ქვეყანა განადგურებისგან იხსნა. ამ ყველაფრის განსახორციელებლად კი სტალინს ძალიან დიდი ძალისხმევა და თავისი მომხრეების მობილიზება დასჭირდა.“

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „1922 წელს ლენინი უკვე საკმაოდ მძიმედ იყო დაავადებული. ძირითადად, ის გორკაში იმყოფებოდა, აგარაკზე და ზოგჯერ ისე უმწვავდებოდა დაავადება, რომ საშინელი ტკივილებისგან თავის დასახსნელად სიკვდილს ნატრობდა და საწამლავს ითხოვდა. ასეთი თხოვნით მან სტალინს მიმართა, რადგან პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, სწორედ სტალინს ჰქონდა დავალებული ლენინზე ზედამხედველობა გორკაში. სტალინმა ლენინის ეს თხოვნა პოლიტბიუროს წევრებს გააცნო და კატეგორიული უარი განაცხადა ლენინისთვის კალიუმციანიდის მიწოდებაზე. პოლიტბიუროს წევრებიც დაეთანხმნენ მას. დროგამოშვებით ლენინს დაუბრუნდებოდა ხოლმე ცნობიერება და უმალვე, კრუპსკაიას ძალისხმევით, რომელსაც ტროცკი მართავდა, სტალინის წინააღმდეგ იწყებდა ბრძოლას და მის გადაყენებას გეგმავდა. საამისოდ სპეციალური წერილიც კი დაწერა. თუმცა, სტალინმა აქაც თადარიგი დაიჭირა. იმ პერიოდის ლენინს იდიოტის გამომეტყველება ჰქონდა. სტალინმა მას სურათები გადაუღო და სპეცარქივში ჰქონდა შენახული, იმ შემთხვევისთვის, თუკი ლენინის წერილების გამოყენებას შეეცდებოდნენ. ასეთ შემთხვევაში გამოქვეყნდებოდა ის ფოტოები და ზედ კომენტარიც დაერთვებოდა, რომ ეს წერილები სრულ ჭკუაზე მყოფ ადამიანს ნამდვილად არ ეკუთვნოდა, რასაც ფოტოებიც დაადასტურებდა. თუმცა, ამის გაკეთება აღარ დადგა საჭირო, რადგან ლენინი გარდაიცვალა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა