ბელადები

ვინ და რატომ ეახლა სტალინს მოსკოვში საბოდიშოდ 1943 წელს

№42

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 28.10

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო და თავის ნიჭსა და უნარებს მაქსიმალურად ახმარდა საბჭოთა ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას. ის მზად იყო, თავი გაეწირა ამ დიდი საქმისთვის. გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ფანატიკოსი სტალინისტებისგან განსხვავებით, მე არ ვამტკიცებ, რომ მეორე მსოფლიო ომი მხოლოდ სტალინმა მოიგო. თუმცა ბოლომდე ვარ იმაში დარწმუნებული, რომ სტალინის გარეშე ომს თუ არ წავაგებდით, ის ძალიან დიდი ხანი გაგრძელდებოდა და საბჭოთა კავშირი მას სამჯერ მეტი დანაკარგით დაასრულებდა და ქვეყანაც იქვე დაიშლებოდა. სტალინმა წინასწარ განსაზღვრა ეს ყველაფერი და მსგავსი კატასტროფა რომ არ დაეშვა, თავისი მმართველობა საკმაოდ გაამკაცრა, განსაკუთრებით ომის მსვლელობისას. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საბჭოთა კავშირის სტრატეგიული მოკავშირეები იყვნენ, ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ ჰიტლერთან ომის შემდგომ საბჭოთა კავშირი უკიდურესად დასუსტებულიყო და მათზე დამოკიდებული გამხდარიყო. თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა“.

იმის დასტურად, რომ დასავლეთის ქვეყნებს საბჭოთა კავშირის გვერდზე გაწევა სურდათ, ისიც გამოდგება, რომ 1943 წლის 14-24 იანვარს მაროკოს ქალაქ ასში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შემდგომ „ას კონფერენციად“ წოდებული შეხვედრები მის გარეშე ჩაატარეს. იქ წარმოდგენილები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და ოკუპირებული საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, გენერალი შარლ დე გოლი. ამ ათდღიან კონფერენციაზე მიწვეული იყო იოსებ სტალინიც. თუმცა იმ პერიოდში წყდებოდა სტალინგრადის სტრატეგიული ბრძოლის ბედი და საბჭოთა ბელადი ასეთი ხანგრძლივი დროით ქვეყანას ვერ დატოვებდა. ამიტომ ამ კონფერენციის უმაღლეს მონაწილეებს შესთავაზა, რომ ეს შეხვედრა ერთი თვით გადაედოთ, მაგრამ უარი მიიღო. დე გოლი და რუზველტი მზად იყვნენ, სტალინის შეთავაზებას დათანხმებოდნენ, მაგრამ ჩერჩილი წინააღმდეგი წავიდა. თავისი კოლეგები დაითანხმა და მათ ეს კონფერენცია სტალინის გარეშე ჩაატარეს. გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ჩვენი საგარეო დაზვერვის უწყება ძალიან ნაყოფიერად მუშაობდა მაროკოში და სამეულის ყველა ღია თუ საიდუმლო შეხვედრების სრული ტექსტები მაშინვე ხელთ გვქონდა. შემდგომ ჩვენი ანალიტიკოსები მოხსენებით წერილებს ადგენდნენ და მთელი ინფორმაცია სტალინს მისდიოდა. „ას კონფერენციის“ დაწყებამდე პირადი, საიდუმლო მიმოწერისას ამ შეხვედრას კოდური სიტყვა „სიმბოლოთი“ მოიხსენიებდნენ და სტალინმა ესეც იცოდა. ასში სამმა დასავლელმა ლიდერმა მთელი აფრიკა გადაინაწილეს და შეთანხმდნენ, რომ მეორე ფრონტი ევროპაში მხოლოდ მას მერე გაეხსნათ, რაც საბჭოეთის დიდძალი და ყოველმხრივი დანაკარგი უკვე სახეზე იქნებოდა, ქვეყანა კი აშკარად დაუძლურდებოდა...“

სურვილის მიუხედავად, „დასავლური სამეული“ მწარედ შეცდა. საბჭოეთი დასუსტების ნაცვლად, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა, ეკონომიკა გააოთხმაგა და თითქმის გაუტოლდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „იმ კონფერენციის მსვლელობისას სტალინმა ერთ დღეს მითხრა:

– ერთადერთი ცუდი ამ საქმეში ისაა, რომ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინეს და კონფერენცია არ გადადეს. დანარჩენი კი ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. სანამ ისინი იქ ჩვენს დასუსტებაზე ოცნებობენ, „წითელი არმია“ წინ მიიწევს და როდესაც მიხვდებიან, თუ რა შეცდომა დაუშვეს, უკვე დამცირებული თვითონ აღმოჩნდებიან.

ვიცოდი რა სტალინის ხასიათი, ვკითხე:

– წერილის გაგზავნას აპირებ?

– დეპეშის, – მიპასუხა სტალინმა და ქაღალდი მომაწოდა, რომელზეც ეწერა: „კარგი იყო, კონფერენცია გადაგედოთ და ამ შეხვედრაში საბჭოთა კავშირიც ჩაგერთოთ. როგორც ვხვდები, „სიმბოლო“ ნაყოფიერად მიმდინარეობს. ჩვენი მხრივ, კი უფლებას ვიტოვებთ, რომ ომის შემდგომი მსვლელობა ერთპიროვნულად წარვმართოთ. მით უმეტეს, რომ ევროპაში მეორე ფრონტის გახსნას არ დაადგა საშველი. პატივისცემით, სტალინი“.

დეპეშა ასში 24 იანვარს გაიგზავნა. 26-ში მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კორდელ ჰალი ჩაფრინდა. მომქანცველი კონფერენციის მერე რუზველტის ჯანმრთელობა გაუარესდა და სტალინს პირადი წერილი გაუგზავნა, სადაც ბოდიშს იხდიდა. 27-ში მოსკოვში დე გოლი ჩავიდა და პირადად მოუხადა სტალინს ბოდიში. ჩერჩილი კი მხოლოდ 29-ში გამოჩნდა სტალინთან და მანაც მოიბოდიშა. „დასავლური სამეული“ სტალინის დეპეშამ მიახვედრა, რომ „წითელი არმია“ მათ გარეშე მოიგებდა ომს. მთელ ევროპას დაეპატრონებოდა და სწორედ, ამან შეაშინა ისინი. „თეირანის კონფერენცია“ კი ამერიკამ უკვე სტალინის სურვილით დანიშნა იმავე წლის ნოემბრის მიწურულს, სადაც სტალინი დომინირებდა და ეს იყო საბჭოთა ბელადის პოლიტიკური ტრიუმფი.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...