ბელადები

სტალინის შემოქმედებითობამ ჰიტლერის სწორხაზოვნება დაამარცხა

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 06.01, 2022 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინს დასავლელი მკვლევრები და პოსტსაბჭოური მათი კოლეგები ხშირად მატყუარასა და „ისტორიის ფალსიფიკატორს“ უწოდებენ და ამის საბუთად ზოგიერთი ლიტერატორისა თუ ისტორიკოსის ჩანაწერები მოაქვთ.

ვიაჩესლავ მოლოტოვი თავის ტაბუირებულ ტელეინტერვიუში ამბობდა: „ბურჟუაზიულ პუბლიცისტიკაში ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე ვხვდებოდით ეპითეტს: სტალინი – ისტორიის ფალსიფიკატორი და „ველიკორუსი ისტორიკოსი“... ეს სისულელე კი დასავლეთში მას მერე დაამკვიდრეს, რაც 30-იან წლებში კანადაში გაქცეულმა ვაილიტერატორმა, ისააკ მორგუნოვმა დაწერა – სტალინმა ალექსეი ტოლსტოის, „პეტრე პირველის“ პირველი ტომი გადააკეთებინა და ლამის დახვრიტა მისი შინაარსისთვის. შემდგომ კი, როდესაც ტოლსტოი სტალინს დათანხმდა, საბჭოთა ბელადის საყვარელი მწერალი გახდა და „წითელი გრაფის“ ტიტული მოირგოო. სინამდვილეში კი, სტალინმა ალექსეი ტოლსტოის რეკომენდაცია მისცა, იქნებ მას ისე დაეწერა ეს ისტორიული რომანი, რომ იმპერატორი პეტრე არ „გაშავებულიყო“. ეს იყო და ეს. ბურჟუაზიულმა პუბლიცისტიკამ კი, ჩემი აზრით, გადააჭარბა...“

გასაგებია, რომ მოლოტოვი „ზომიერად“ საუბრობს. თუმცა სტალინის რეკომენდაციას რამხელა ძალა ჰქონდა, არც ესაა უცნობი. უბრალოდ, სტალინს სურდა, რომ რუსეთის მმართველნი, კონკრეტულად კი – პეტრე პირველი, ქართველის ნაბიჭვრად არ გამოჩენილიყო. ალექსეი ტოლსტოის კი სწორედ, ასეთი სურათი ჰქონდა დახატული ამ რომანის პირველ ტომში, სანამ ის სტალინის „რეკომენდაციით“ არ შეცვალა... და, საერთოდ, სტალინმა პირდაპირი ტაბუ დაადო მსგავს პუბლიკაციებს. იქნებოდა ეს ნაწერი, რადიოთი მოთხრობილი თუ კინოსურათი (ტელევიზია ჯერჯერობით არ არსებობდა). მსგავსი ბედი ეწია ეიზენშტეინის „ივანე მრისხანეს“. მისი პირველი სერია სტალინმა ეიზენშტეინს თავიდან გადააღებინა. მეორე კი საერთოდ არ გამოაშვებინა ეკრანებზე. პირველ სერიაში რუსეთის მეფე შეშლილს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადეკვატურ მმართველს და საქმეც ეს იყო. ხოლო მეორე სერიის თავიდან გადაღება კი იმ უბრალო მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ ეიზენშტეინი 1948 წელს გარდაიცვალა და ფილმის გადაკეთება ვერ მოასწრო. თუმცა 1958 წელს მეორე სერია მაინც გაუშვეს ეკრანებზე...

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „რბილად რომ ვთქვათ, მე არ ვეთანხმები დასავლელი პუბლიცისტებს, ვინც სტალინს დიქტატორად რაცხავს, ჩემი აზრით, იოსებ სტალინი მხოლოდ მკაცრი მმართველი იყო. ასეთი მმართველობა კი ყველაფერში (მათ შორის განსაკუთრებულად მწერლობასა და დრამატურგიაში) სიმკაცრეს მოითხოვს. თუმცა სტალინს ერთგვარი „უცნაურობები“ ახასიათებდა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი რეჟისორი გრიგორი ალექსანდროვი 1933 წელს გადაღებულ ფილმში „მხიარული ახალგაზრდობა“ და 1936 წელს გადაღებულ ფილმში „ცირკი“ ალეგორიულად ამხელდა და დასცინოდა საბჭოთა ყოფა-ცხოვრებას (სტალინს ეს ალეგორია არანაირად არ გამოჰპარვია), ბელადმა ალექსანდროვი მედალ-ორდენებითა და პრემიებით აავსო, თან „ჰოლივუდში“ გაუშვა სტაჟირებაზე... თუნდაც, იგივე ალექსეი ტოლსტოი, რომელიც 1936 წელს გამოცემულ წიგნში, „ოქროს გასაღები, ანუ „ბურატინოს თავგადასავალი“, ბევრად უფრო მწვავე ალეგორიითა და პირდაპირობით ამხელდა წყობასა და მის მესვეურთ, არ დაუსჯია და ეს „საბავშვო წიგნი“, პირიქით, გააპიარა. თუმცა, ერთი-ორი „ტკბილი“ სიტყვა კი უთხრა. ლაზარ კაგანოვიჩი ყვებოდა: „იმ პერიოდში გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობდა მოსკოვის გენერალურ რეკონსტრუქციაზე და მთელი დღეები სტალინის კაბინეტში ვიყავით. იქვე ვჭამდით საჭმელს. ერთ-ერთი მსგავსი შესვენების დროს კაბინეტში პოსკრებიშევმა ალექსეი ტოლსტოი შემოიყვანა, რომელსაც სტალინთან რაღაც საქმე ჰქონდა და სტალინმა ასეთი ფრაზა თქვა ღიმილით: აი, ამხანაგებო, ეგრეთ წოდებული, „წითელი გრაფი“, ვინც თავის „ბურატინოს თავგადასავალში“ ყარაბას-ბარაბასად მომნათლაო. ტოლსტოის უხერხულად გაეღიმა. თუმცა, კარგად ჩანდა, თუ რა დაუჯდა მას ეს უხერხულობა...“

მავანი, ალბათ, გაიკვირვებს, მერე რაო, მაგრამ ასე არაა საქმე. „მკაცრ“ სახელმწიფოში „მკაცრი“ მმართველი ყოველთვის მკაცრად სჯის არა მარტო პირდაპირ მოწინააღმდეგეებს, არამედ, ეგრეთ წოდებულ, „ალეგორისტებსაც“. მაგრამ ტოლსტოისა და ალექსანდროვის მიმართ სრულიად საპირისპირო ეპიზოდი გათამაშდა. სტალინი, სავარაუდოდ, ხალისობდა, ამ ქმნილებებით და მძაფრი რეაქცია ამიტომაც არ ჰქონდა. თუმცა საკმარისი იყო „პეტრე პირველი“ არ გადაკეთებულიყო ან „ივანე მრისხანე“ არ განეახლებინათ, რომ შედეგი სავალალო იქნებოდა. ჰიტლერისგან განსხვავებით, რომელიც აბსოლუტურად სწორხაზოვანი იყო და მას, ფაქტობრივად, არც იუმორის გრძნობა გააჩნდა, სტალინი შემოქმედი იყო. შეეძლო შემოქმედებითად მიდგომოდა მწვავე ალეგორიასაც კი და მისი ასეთი ქცევაც ამის ბრალი იყო. და სწორედ, სტალინის შემოქმედებითობამ აჯობა ჰიტლერის სწორხაზოვნებას და საბჭოთა ბელადის დიდი გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი