სად და როგორ ზრდიდა სტალინი მომავალ მსოფლიო ლიდერებს
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 03.08, 2023 წელი

იოსებ სტალინი მრავალმხრივი, მრავალწახნაგოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო და მართალია, მას უფრო მკაცრ პრაქტიკოსად იცნობს ხალხი, თუმცა, საბჭოთა ბელადი დიდი თეორეტიკოსიც იყო და მისი პრაქტიკული საქმიანობა, მის მიერვე შემუშავებულ თეორიასაც ეყრდნობოდა ხშირ შემთხვევაში.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მცდარია ის მოსაზრება, რომ თითქოს სტალინი მხოლოდ პრაქტიკოსი იყო და რომ ის კომუნისტური დოგმებით მოქმედებდა, რაც ლენინის მიერ იყო შემუშავებული. სიმართლე რომ ვთქვათ, უკვე მმართველი სტალინი ლენინურ დოგმებს ლოზუნგებად იყენებდა, ხოლო ძირითად საქმიანობაში პრაქტიკულად, საკუთარი თეორიის მიხედვით გარდაქმნიდა ხოლმე. ამის ნათელი დასტურია საბჭოთა ბელადის მმართველობის ოცდაათწლიანი პერიოდი. სტალინის სიტყვებია – „ლენინის გზით ლენინის გარეშე!“ სინამდვილეში კი ლენინის გარეშე სტალინურმა ქვეყანამ სტალინური თეორიის პრაქტიკულად განხორციელებით განაგრძო წინსვლა. სტალინური თეორია კი, ძირითადად, იმაში მდგომარეობდა, რომ ცალკეულ ქვეყანაში შესაძლებელი იყო სოციალიზმის მშენებლობა და რომ არა მხოლოდ შესაძლებელი იყო იდეურ მოწინააღმდეგესთან თანამშრომლობა, არამედ ეს აუცილებელიც იყო. საბჭოთა ბელადი გენიალური დიპლომატი იყო და თეორიულ რადიკალიზმს კატეგორიულად უარყოფდა. ტროცკისგან განსხვავებით, სტალინმა მყარად იცოდა, რომ რუსეთის „შეგდება მსოფლიო რევოლუციის კოცონში“ დამღუპველი რამ იყო და არასოდეს უცდია ეს. თუმცა, მსოფლიო რევოლუციის იდეას შინაგანად არამც თუ უარყოფდა, არამედ ფარულადაც კი მოქმედებდა საამისოდ. ამის საშუალებას კი იძლეოდა ის უდიდესი ბრუნებრივ-ინტელექტუალური რესურსი, რომელიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა“.
მსოფლიო რევოლუციის „ხანძრის გაჩაღება“ სტალინისთვის იყო ხერხი და არა მიზანი. სტალინის მოსაზრება იყო, რომ თუკი მსოფლიო რევოლუციის სხვადასხვა წერტილებს გააჩენდა პლანეტაზე, ამით იდეური მოწინააღმდეგეების რესურსებს მათზე გადაიტანდა, ხოლო მის მიერ მართული ქვეყანა კი უფრო მეტად განვითარდებოდა და ასეც იყო. ხოლო თავისი თეორია რომ წარმატებით განევითარებინა პრაქტიკულად, სტალინმა ეგრეთ წოდებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი შექმნა საბჭოთა კავშირში.
მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი, იგივე „იმელი“ წარმოადგენდა ორგანიზაციას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ამ სწავლებით აცნობდნენ. ანუ, თეორიულ ასპექტში და ეს იყო ზედაპირული, ხილული ნაწილი. მთავარი კი აქ დაფარული ნაწილი იყო. მკაცრი შერჩევის საფუძველზე მიღებულ ლიდერ ინტერნაციონალისტებს „იმელში“ ასწავლიდნენ დივერსიებს, საბოტაჟსა და ყველა იმ რევოლუციურ იატაკქვეშა დისციპლინებს, რასაც თავად ბოლშევიკები იყენებდნენ „ცარიზმის“ დროს. „იმელს“, რა თქმა უნდა, „ჩეკა“ ან „ენკავედე“ კურირებდა და ამ ინსტიტუტის კურსდამთავრებულები შემდგომ რევოლუციის კერებს აჩენდნენ თავიანთ ქვეყნებში. მაგალითად, დიმიტროვი – ბულგარეთში, ტელმანი – გერმანიაში, ტიტო – იუგოსლავიაში, ენვერ ხოჯა – ალბანეთში, ხო ში მინი – ვიეტნამში, კიმ ერ სენი – კორეაში და სხვები... ამ ხერხმა დიდი წარმატებით იმუშავა და წლების წინ გაღებულმა ძალისხმევამ დიდი ეფექტი მოუტანა საერთაშორისო სტალინურ პოლიტიკას მსოფლიო მასშტაბით.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ნიშანდობლივი ფაქტია და ბევრმა არც კი იცის, რომ „იმელის“ ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე თავად სტალინი მოღვაწეობდა ამ უწყებაში, როგორც ლექტორი. ის (სტალინი) სხვადასხვა ქვეყნის მომავალ ლიდერებს პირადად მოძღვრავდა და თითქმის ყველა მათგანი შემდგომში თავიანთი ქვეყნების მმართველები გახდნენ. თითოეული მათგანი სტალინის ერთგული მომხრე და მისი პოლიტიკის გამტარები გახდნენ. ამ კოჰორტაში ერთადერთი ტიტო იყო, ვინც ბოლომდე არ უერთგულა სტალინს, თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ გადაუხვია მის პოლიტიკურ კურსს“.
სტალინმა მშვენივრად იცოდა თავისი თავის ფასი და ამ ფაქტორს უზადოდ იყენებდა პოლიტიკაში. ნიშანდობლივია, რომ ჩერჩილი წერდა: სტალინს მომნუსხველი აურა ჰქონდა და მე არც თუ ისე იშვიათად მოვნუსხულვარო. წარმოიდგინეთ, თუკი ისეთი ანტიკომუნისტი და ანტისტალინისტი, როგორიც „ბრიტანელი ლომი“ იყო, ინუსხებოდა სტალინით, რა დაემართებოდათ ხოჯას, კიმ ერ სენსა და სხვა მსგავს პიროვნებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სტალინის წყალობით ავიდნენ მსოფლიო პოლიტიკის ოლიმპოზე?
ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინს განსაკუთრებული ქარიზმა ჰქონდა. ამ ადამიანთან პირად საუბარში ყოველთვის გრძნობდი, რომ უპირატესთან გქონდა საქმე და მისი მომნუსხველობა მის უდიდეს ინტელექტუალურ რესურსში იყო. ამას კი სტალინის ტიტანური ნებისყოფა ედო საფუძვლად.
სტალინის ქარიზმაზე ლეგენდებია დაწერილი. შესაძლოა, მათ შორის გადაჭარბებული ამბებიც კი იყო, მაგრამ იმდენად მცირე დოზით, რომ სალაპარაკოდაც კი არ ღირს.
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან