ბელადები

სად და როგორ დაასაქმა ბერიამ ომში გაუწვეველი ქართველები

№32

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 20.08

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ეშმაკი, ამასთან, ძლევამოსილი ადამიანი იყო. მას კომბინატორობის საოცარი უნარი ჰქონდა. თუმცა, ზოგჯერ ამ ადამიანის ეშმაკობა თავად მისთვისაც უკიდურესად სარისკო ხდებოდა. მაგრამ ის მაინც ახერხებდა თავის დაძვრენას.

სერგო ბერია: „ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ლავრენტი ბერია მამაჩემი იყო. ობიექტურად ვამბობ სიმართლეს და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მამამ ქართული გენოფონდი განადგურებას გადაარჩინა. „დიდ სამამულო ომში“ 700 ათასი ქართველი წავიდა, მათგან 400 ათასი კი – დაიღუპა. მაშინდელი სიტუაციიდან, ომის კანონებიდან გამომდინარე, ამ ომში მილიონი ქართველი უნდა გაეწვიათ. ეს რომ მომხდარიყო, ამდენი გაეწვიათ და იმავე პროპორციით დაღუპულიყვნენ, მაშინ ექვსასი ათასი ქართველი გაწყდებოდა და ჩვენი გენოფონდი საბოლოოდ განადგურდებოდა. მამამ კი მთელი თავისი გავლენა, გონება, თუ გნებავთ, ეშმაკობა გამოიყენა და ქართველ წვევამდელთა რაოდენობა 30 პროცენტით შეამცირა. ერთი შეხედვით, ასეთი საქციელი დანაშაული იყო სამშობლოს (საბჭოთა კავშირი) წინაშე. სინამდვილეში კი ის, რაც მამამ დიდი რისკის ფასად ჩაიდინა, იყო გმირობა, უდიდესი დამსახურება თავისი ნამდვილი სამშობლოს, საქართველოს წინაშე“.

ლავრენტი ბერიამ სამჯერ შეამცირა რა ქართველ წვევამდელთა ომში გაწვევა, მან ამ ადამიანების უმრავლესობა თავდაცვითი ინდუსტრიის სფეროში დაასაქმა. ანუ, უმეტესი მათგანი სამხედრო ქარხნებში გაამწესა. ამ კატეგორიის ხალხს კი ჯავშანი ჰქონდათ და ფრონტზე არ მიჰყავდათ. საკმაოდ დიდი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ მიავლინეს სამუშაოდ – ძირითადად, ურალს მიღმა. მაშინ სწორედ იქ იყო ევაკუირებული საბჭოთა სამხედრო მრეწველობა. ამ პროცესს, გარდა გენოფონდის გადარჩენისა, ის პლუსიც ჰქონდა, რომ ამ სფეროში დასაქმებულებმა მაღალი კვალიფიკაცია მიიღეს, დიდი გამოცდილება შეიძინეს, რაც შემდგომში საქართველოს გამოადგა. ვინც უკან დაბრუნდა, ადგილობრივი მძიმე მრეწველობა ააღორძინა. ვინც ურალსა თუ სხვა რეგიონებში დარჩნენ, ხელმძღვანელი თანამდებობები მიიღეს, აგრეთვე, შექმნეს კომპაქტური ქართული დასახლებები თავისი სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით და არც ეს იყო ურიგო ამბავი.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სრულიად ნორმალურად გამოიყურება ბერიას საქციელი ომში გასაწვევ ქართველთა რაოდენობის შესახებ. სიმართლე რომ ვთქვათ, პროცენტულად, სწორედ ქართველები იკავებენ, მსოფლიო მასშტაბით, პირველ ადგილს როგორც გაწვეულთა, ასევე ომში დაღუპულთა რაოდენობით. და, ეს არა იმიტომ, რომ ქართველებს ბრძოლა არ შეეძლოთ. არამედ იმიტომ, რომ ეს ხალხი გმირულად იბრძოდა. ომში არანაირ რისკს არ ერიდებოდა და მსხვერპლიც ძალიან დიდი იყო. ბერიამ კარგად უწყოდა ქართველების ბუნება და ეს ცოდნაც იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართველთა გაწვევა შეემცირებინა“.

ძალიან საინტერესო ისტორიაა ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ბერიას დაცვის უფროსმა, სარქისოვმა თავის ახლობლებს მოუყვა. სომეხი ეროვნების რაფაელ სარქისოვი უზადოდ ფლობდა არა მარტო სომხურ, ქართულ და რუსულ ენებს, არამედ მეგრულსაც. სარქისოვმა მეგრული ენა ბერიასადმი ერთგულების გამო შეისწავლა. ომი ახალი დაწყებული იყო. სტალინთან ყველა რესპუბლიკის სამხედრო კომისარი იყო შეკრებილი და სამობილიზაციო საკითხები განიხილებოდა. ამ სხდომას ბერიაც ესწრებოდა. იმ პერიოდში საქართველოს სამხედრო კომისარი მარტვილელი (მაშინდელი გეგეჭკორი) გერასიმე ხვიჩია იყო. სტალინის კაბინეტში შესვლამდე (სარქისოვის მონათხრობით) ბერიამ ხვიჩიას რამდენიმე კითხვა დაუსვა. შემდეგ ფურცელი გამოართვა, სადაც მოხსენება იყო დაბეჭდილი და გულდასმით გაეცნო მას. სარქისოვის თქმით, ბერიას სახე ეცვალა. რუსულიდან მეგრულზე გადავიდა და საქართველოს სამხედრო კომისარს უთხრა: გერასიმე, ძალიან დიდი ტემპი აგიღია და ეს არ ივარგებს. შეამცირე ეს რიცხვი ახლვეე, ჩემ წინ და სტალინთან მოხსენების დროს ენა არ დაგებას, იცოდე! გასაგებია? ხვიჩიამ მისაღებშივე გადაასწორა მილიონი 700 ათასად და სწორედ ეს რიცხვი მიაწოდა სტალინს საქართველოდან გასაწვევი კონტინგენტის მოხსენებისას.

იაკობ კედმი: „ერთ-ერთი შოვინისტი (გვარსა და ეროვნებას გამოვტოვებ) 80-იან წლებში წერდა: „დიდ სამამულო ომში“ ქართველები გაწვევას ემალებოდნენ და მათ ბერია მფარველობდა, რომ შემდგომ ეს ადამიანები თავისი შავბნელი მიზნებისთვის გამოეყენებინაო... რომელ „შავბნელზეა“ ლაპარაკი არ ვიცი, მაგრამ ბერიას საქციელი იყო არა მარტო ეშმაკური, არამედ ჰუმანური, რა თქმა უნდა, თავისი ერის მიმართ. არცერთ დაწერილ თუ დაუწერელ კანონში არ წერია, თუნდაც დიდ ომში მთელი ერი უნდა გაწყდესო და რაღა ბერიას დაერღვია ეს კანონები? მაშინ ხომ ეს ადამიანი მართლა შესაჩვენებელი იქნებოდა, მაგრამ ამქვეყნად ამის გამკეთებელიც აღარავინ დარჩებოდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...