ბელადები

რომელ ქვეყნებსა და წრეებში ჰყავდა ბერიას პირადი აგენტები

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 24.01, 2021 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

  ლავრენტი ბერია არაერთი ეპითეტითაა შემკული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა უარყოფითია. თუმცა ბერიას ნამდვილ არსს ალენ დალესის მიერ შერქმეული სახელი გამოხატავს –  ამერიკის დაზვერვის შეფმა მას „დაზვერვის გენია“ უწოდა... 

პუბლიცისტი ვალენტინ ოზეროვი წერს: „ალენ უელშ დალესი ამერიკის ცენტრალური დაზვერვის („ცეერუ“) ლეგენდარული შეფი იყო და ამ უწყებას 1953-1961 წლებში ხელმძღვანელობდა. ამიტომ, ბერიას პიროვნების მისეული შეფასება ძალიან საინტერესოა, ზუსტია და მნიშვნელოვან შტრიხებს მატებს ლავრენტი პავლოვიჩის პორტრეტს, რომელიც დღემდე, სამწუხაროდ, მხოლოდ მუქ ფერებშია წარმოდგენილი. დალესი კარგად იცნობდა ბერიას საქმიანობას და აღიარებდა, რომ მის (ბერიას) მიერ მართულმა უწყებამ, კონკრეტულად კი, საბჭოთა საგარეო დაზვერვამ სუფთად დაამარცხა როგორც ფაშისტური გერმანიისა და მისი სატელიტების დაზვერვები, ასევე ანგლო-ამერიკული სპეცსამსახურები. ამის ერთ-ერთ დასტურად კი დღეს იმ ზესაიდუმლო სეპარატული მოლაპარაკებების გამჟღავნება მოჰყავს, რომელსაც ანგლო-ამერიკელები 1945 წლის გაზაფხულზე აწარმოებდნენ შვეიცარიის ქალაქ ბერნში. მაშინ დალესი ამერიკული რეზიდენტურის შეფი იყო და პირადად უძღვებოდა პროცესს. როგორც დალესი შემდეგ გამოტყდა, ბერიას ჯაშუშებმა მოახერხეს და მთელი ეს პროცესი მაგნიტურ ფირზე ჩაწერეს, ზოგიერთი მომენტი კი კინო და ფოტოფირებზეც კი გადაიღეს. ნიშანდობლივია ის, რომ ამერიკულმა და ბრიტანულმა კონტრდაზვერვებმა საგულდაგულო გამოძიება ჩაატარეს. ჩხრიკეს, ჩხრიკეს, მაგრამ საბჭოთა ჯაშუშს ვერ მიაგნეს. არადა, ამ მოლაპარაკებებში მაღალჩინოსანი ამერიკელი, ბრიტანელი და გერმანელი ფაშისტი პერსონები მონაწილეობდნენ. ხოლო ვინ იყო (იყვნენ) მათ შორის ჯაშუში, ვერ აღმოაჩინეს. დალესი სიმართლენარევი იუმორით წერდა: „გამოძიების მასალებს რომ გავეცანი, რომელშიც ჯაშუშის პიროვნება არ ფიგურირებდა, გავიფიქრე – მე ხომ არ ვარ-მეთქი ბერიას ის ჯაშუში...“

ლავრენტი ბერიას ჯაშუშები თითქმის ყველა ქვეყანაში და ისეთ წრეებში ჰყავდა, რომლებსაც სხვა ვერც კი წარმოიდგენდა. ბერია უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს აწვდიდა სტალინს, რასაც საბჭოთა ბელადი საკუთარი პოლიტიკის განსამტკიცებლად იყენებდა.

მაგალითად, ბერიას პირადი ინფორმატორი ჰყავდა შარლ დე გოლის გარემოცვაში – ფრანგი გენერლის თარჯიმანი შარლ ანდრონიკოვი (შავლეგ ანდრონიკაშვილი) ბერიაზე მუშაობდა. ამიტომ სტალინმა აბსოლუტურად ზუსტად უწყოდა, „მოუთვინიერებელი“ ფრანგი გენერლის გეგმების შესახებ და მას სანიმუშოდ მომზადებული ხვდებოდა. კონკრეტულად კი 1944 წლის დეკემბერში, როდესაც დე გოლი ლონდონიდან მოსკოვში ჩაფრინდა და სტალინს ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ესაუბრებოდა, საბჭოთა ბელადმა უკვე იცოდა, რომ დე გოლის მთავარი მიზანი ომის შემდეგ საფრანგეთ-საბჭოთა კავშირს შორის მრავალმხრივი ხელშეკრულების დადება იყო. სტალინმა კი დე გოლს „პოლონეთის საკითხი“ დაახვედრა. ანუ დაითანხმა, რომ საფრანგეთი სცნობდა კომუნისტურ პოლონეთს და ასეც მოხდა. ეს ინფორმაცია კი ბერიას ანდრონიკოვმა მიაწოდა. 25 წლის ანდრონიკოვი, რომელიც რვა ენაზე ლაპარაკობდა, ბერიას პირადი ბრძანებით გადაიბირეს 1944 წლის მარტში. ანდრონიკოვის ბიძა (მამის ძმა) და ბიძაშვილები საქართველოში ცხოვრობდნენ და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ. მათ გვარი ჰქონდათ შეცვლილი და იაშვილებად ეწერნენ. ბერიამ მათ ხელი არ ახლო, თუმცა კოტე ანდრონიკაშვილი ლონდონში ფარულად ჩაიყვანეს და გადაბირება სწორედ, მისი მეშვეობით განხორციელდა. ბერიას პირადი აგენტი ბერიას მკვლელობის მერეც აგრძელებდა თავის თარჯიმანულ საქმიანობას, მაგრამ აღარ უჯაშუშია. საქმე კი ის იყო, რომ ის პირადად ბერიაზე მუშაობდა. მოსკოვში შეხვდა კიდეც მას და ბერია შეჰპირდა, რომ ის არცერთ ოფიციალურ საბუთში არ იქნებოდა მოხსენიებული. ლავრენტი პავლოვიჩმა თავისი პირობა შეასრულა და ანდრონიკოვი არ გაუშიფრავს. ბერიას პირადი ჯაშუში მისმა მეუღლემ ამხილა 1962 წელს, მას მერე, რაც ანდრონიკოვი ცოლს გასცილდა. თუმცა, ქალმა ამის დამტკიცება ვერ შეძლო და თარჯიმანი მხოლოდ სახელმწიფო სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმავდროულად, მას სოლიდური ფულადი კომპენსაცია გადაუხადეს, რითაც ანდრონიკოვმა გამომცემლობა დააარსა და ამ ბიზნესს მიჰყვა.

ლავრენტი ბერიას პირადი ჯაშუშების სია საკმაოდ გრძელია, მაგრამ თითქმის არცერთი მათგანის სახელი არ გამჟღავნებულა. ყოველ შემთხვევაში, ბერიასგან. ამ კარტოთეკას ლავრენტი პავლოვიჩი სიცოცხლის ბოლომდე თავში ინახავდა.

არსებობს იმის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ლავრენტი ბერიას დავალებით მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ინდოეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს გადაბირებაზე თუ არა, მის ისეთ სიტუაციაში ჩაყენებაზე, რომ ნერუს პროსაბჭოური პოლიტიკა გაეტარებინა. და სინამდვილეში არავინ იცის, ეს მცდელობა რით დასრულდა, თუმცა, ფაქტია, რომ 17 წლის განმავლობაში ნერუ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი იყო და სწორედ, ისეთ პოლიტიკას ახორციელებდა, რაც საბჭოეთს წაადგებოდა. ბევრი ამის საფუძველზე ამტკიცებს, რომ ეს ბერიას დამსახურება იყო და რომ ლავრენტი პავლოვიჩმა ამას პირადად მიაღწია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი