როგორი უსაფრთხოების სისტემა შექმნა ლავრენტი ბერიამ
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 10.08

ლავრენტი პავლეს ძე ბერია სტალინურ პოლიტბიუროში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც უნიკალური, მრავალმხრივი ნიჭი ჰქონდა საქმის კეთებისა, ამასთან, თანაბრად ძლიერი იყო ყველა იმ სფეროში, რასაც ხელს მოჰკიდებდა. მას სანიმუშოდ შეეძლო, გაძღოლოდა პოსტსტალინურ საბჭოთა კავშირს და სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გაეძლიერებინა. საამისოდ ძალოვანი სტრუქტურებიც მის დაქვემდებარებაში იყო, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და „კოლექტიურ ტურებთან“ ბრძოლა წააგო.
პროფესორი ალექსეი პროტოზანოვი: „უკეთესად ვერ იტყვი, სწორედ რომ, კოლექტიურმა „შაკალებმა“ (ტურებმა) მოკლეს ბერია და ამით მყარი საფუძველი ჩაუყარეს დიადი საბჭოთა კავშირის მოსპობის პროცესს. არადა, ბერიას, ფაქტობრივად, ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და მის უსაფრთხოებას ერთი შეხედვით, არაფერი ემუქრებოდა. ბერიამ ყოველგვარი გაუთვალისწინებლობის თავიდან ასაცილებლად ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე შექმნა კარგად დახვეწილი, ორგანიზებული უსაფრთხოების სისტემა და ამ სისტემის გვირგვინი იყო ფელიქს ძერჟინსკის სახელობის დივიზია.
ძერჟინსკის დივიზია სრულიად ავტონომიური სამხედრო დანაყოფი იყო. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შედიოდა და პირადად ლავრენტი ბერიას დაქვემდებარეობაში იმყოფებოდა. დივიზია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციფიკას საგრძნობლად აჭარბებდა. მას ჰქონდა ყველა სახის მსუბუქი შეიარაღება, რაც მილიციური სპეციფიკისთვის ჩვეულებრივი რამ იყო, მაგრამ ამ დივიზიას, ასევე, ჰქონდა ავიაცია, მძიმე ჯავშანტექნიკა და ყველა სახის არტილერია. თანაც, დივიზიის ყველა სახის შეიარაღება უახლესი მოდელებისგან შედგებოდა. დივიზიის პირად შემადგენლობაში კი სპეციალურად მომზადებული ჯარისკაცები იყვნენ. თითოეული მათგანი საგანგებოდ იყო მომზადებული და ბერიასადმი უსაზღვრო ერთგულებით გამოირჩეოდნენ. ამ მებრძოლებს ხელეწიფებოდათ ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადაწყვეტა წყალში, ხმელეთზე, ჰაერში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. ძერჟინსკის დივიზია ნებისმიერ არმიულ ქვედანაყოფზე ძლიერი დაჯგუფება იყო და ის ყოველ წამს მზად იყო პირადად ლავრენტი ბერიას ბრძანების შესასრულებლად. ბერიას მიერ შექმნილი ეს სტრუქტურა წინამორბედია თანამედროვე „სპეცნაზისა“, რომლებიც დღეს ყველა სახელმწიფოს აქვს და სწორედ იმ მიზნებს ახორციელებს, რაც მათ ლავრენტი ბერიამ დაუსახა შორეულ 40-60-იან წლებში. ნიშანდობლივია, რომ ბერიას მიერ შექმნილი უსაფრთხოების სისტემის ყველა მთავარი პოსტი ქართველებს ეკავათ. ბერია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სწორედ ქართველებს ენდობოდა, განსაკუთრებით კი მეგრელებს. ერთადერთი არაქართული მთავარი რგოლი ამ სისტემაში გენერალი ივანე სეროვი იყო. ის ბერიას პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა და სწორედ სეროვი შეეკრა შეთქმულებს და უღალატა ბერიას, რომელმაც სეროვი დააწინაურა და ენდობოდა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ როგორც კი ბერია ვერაგულად მოკლეს და მისი ადგილი (იგულისხმება მთავარი მმართველი) ნიკიტა ხრუშჩოვმა დაიკავა, ძერჟინსკის დივიზია, ფაქტობრივად, გაანადგურეს და თითქმის მთლიანად დაუკარგეს ის ძალა და პოტენციალი, რაც მას ჰქონდა, წაართვეს ავიაცია, ჯავშანტექნიკა, არტილერია და მსუბუქი შეიარაღებიდან მხოლოდ პისტოლეტები და ავტომატები დაუტოვეს. აგრეთვე, ჩამოართვეს ის სპეციალური ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, რითაც უნივერსალურ მებრძოლებს წვრთნიდნენ. მათი ინსტრუქტორების 90 პროცენტი კი საერთოდ გაათავისუფლეს ორგანოებიდან. ზოგიერთი მათგანი კი, აბსურდული ბრალდებით, საპყრობილეშიაც კი გამოამწყვდიეს. სინამდვილეში კი იმიტომ დასაჯეს, რომ ისინი ბოლომდე ბერიას ერთგული დარჩნენ. აგრეთვე, ისინი ისე ძლიერ იყვნენ გაწვრთნილები, რომ ეშინოდათ, არ გაერთიანებულიყვნენ და ბერიას მკვლელობის გამო ტერორისტული აქტი არ მოეწყოთ შეთქმულთათვის. ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური და ბერიას უერთგულესი ინსტრუქტორი 30 წლის ტიტე გაბელია იყო. ის სოხუმის მკვიდრი გახლდათ და განსაკუთრებული მოქნილობით, ათლეტიზმითა და გონებით გამოირჩეოდა. აგრეთვე, უბადლოდ ცურავდა და შეეძლო, წყალში 3 დღე ამოუსვლელად ყოფილიყო. ტიტე მაიორის ჩინს ატარებდა. ბერია რომ დააპატიმრეს, ტიტე გაბელია სამსახურიდან გააგდეს. ის სოხუმში დაბრუნდა და მაშველად დაიწყო მუშაობა. თუმცა, ორი თვის მერე ტიტე გაბელია გაიხსენეს და მისი დაპატიმრება მოინდომეს. საამისოდ კი სოხუმში მოსკოვიდან სპეციალური ჯგუფი გაგზავნეს. ამის შესახებ ტიტეს ერთ-ერთმა სოხუმელმა მილიციის მაიორმა აცნობა, თან ურჩია მიმალულიყო. ტიტემ დაუჯერა მას და ერთ-ერთ ნათესავს შეეხიზნა მაღალმთიან სოფელში. გაბელიას ძებნა დაუწყეს, რომ იტყვიან, გაააბრაგეს და მასზე ნადირობა გამოცხადდა იმ საბაბით, თითქოსდა ტიტე ხრუშჩოვისა და ჟუკოვის ლიკვიდაციას გეგმავდა, რაც ტყუილი იყო. ბოლოს კი ტიტე გაბელიაზე ოფიციალურად გამოცხადდა ლიკვიდაციის ბრძანება, სადაც დაკონკრეტებული იყო, რომ ვინც ტიტეს მოკლავდა, მას საბრძოლო წითელი დროშის ორდენსა და 100 ათას მანეთს გადასცემდნენ. თუმცა, ტყეში გავვარდნილ გაბელიას მოსკოვიდან გამოგზავნილი სპეციალური ჯგუფები ვერ იხელთებდნენ. ერთწლიანი დევნის შემდეგ გაბელია ფარულად ჩავიდა ბათუმში და სექტემბრის ერთ თბილ ღამეს ცურვით გადავიდა თურქეთში. შემდგომ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩააღწია და ცურვის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ კოლეჯში. იქვე დაოჯახდა. ბერიაზე წიგნიც გამოსცა და 90 წლის ასაკში, 2013 წელს, ფილადელფიაში გარდაიცვალა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან