ბელადები

როგორი სახით შეხვდა სტალინი თავისი მკვლელობის მორიგ მცდელობას

№32

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 15.08

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინი საკმაოდ დაცული იყო და ეს სისტემა კარგად იყო აწყობილი, ის ქვეყნისა თუ პირადი მტრების მუდმივი სამიზნე გახლდათ. მასზე რამდენიმე თავდასხმაც განხორციელდა, მაგრამ ყველა წარუმატებელი იყო.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „სტალინის ბიოგრაფიაზე მუშაობისას არაერთი საიდუმლო საბუთი ვნახე და ბევრ ისეთ ადამიანთან ვისაუბრე, ვინც პირადად ძალიან ახლოს იცნობდა საბჭოთა ბელადს. შესაბამისობის მიხედვით, ჯგუფებად მაქვს დახარისხებული ესა თუ ის თემა და რა თქმა უნდა, რაც სტალინს ეხება, ყველაფერი საინტერესოა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა - ტერაქტები სტალინის წინააღმდეგ და ასეთი მე თხუთმეტამდე შემიგროვდა. ნიშანდობლივია ის, რომ სტალინზე თავდასხმები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც „კობა“ იატაკქვეშა რევოლუციონერი იყო და გადასახლებიდან გარბოდა. მაგალითად, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ციმბირული გადასახლების ერთ-ერთ პირველ ეტაპზე სტალინის მკვლელობა „ესერებს“ ჰქონდათ შეკვეთილი. მათ ახალგაზრდა კობა ერთმანეთზე დაწყობილი მორების საშუალებით უნდა გაენადგურებინათ – როგორღაც მორების ქვეშ მოექციათ და ეს ყველაფერი კი უბედურ შემთხვევად შეერაცხათ. ბოლო მომენტში „ესერმა“ ლოზოვსკიმ ეს ფაქტი სტალინს გაუმხილა. „კობა“ გადარჩა და იმავე ღამეს გაქცევაც მოახერხა. ის ლოზოვსკისაც სთავაზობდა გაქცევას, იმ მოტივით, რომ დავალების შეუსრულებლობის გამო მას „ესერები“ მოკლავდნენ, მაგრამ ლოზოვსკიმ დარჩენა არჩია. და მართლაც, ლოზოვსკი თავისიანებმა მოკლეს – ის სწორედ მორების ქვეშ მოაყოლეს, სტალინისთვის რომ იყო განკუთვნილი. მოგვიანებით სტალინმა ამ მკვლელობის ყველა მონაწილე დასაჯა. მან „ენკავედეს“ დაავალა გამოძიება და ექვსი ყოფილი „ესერი“ „ლუბიანკის“ ციხეში ჩამოახრჩვეს.

სტალინი ძალიან მამაცი, მაგრამ იმავდროულად, ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო. მან საკმაოდ კარგად ორგანიზებული დაცვის სამსახური ჩამოაყალიბა და ასე იოლად, შეუმოწმებლად ვერავინ მიეკარებოდა. თუმცა, ასეთ პირობებშიც კი იყო სტალინის მოკვლის მცდელობა, რაც დარჩენილმა ოპოზიციამ შეუკვეთა. 1939 წლის 15 სექტემბერს, ეგრეთ წოდებული, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელის მოწერიდან ცოტა ხანში, როდესაც ევროპაში უკვე მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, სტალინზე ტერორისტული აქტის განხორციელებას ეცადნენ. დღის 2 საათზე, როდესაც სტალინი მეორე სადარბაზოთი კრემლის ეზოში ჩავიდა და იქვე მდგომი მანქანისკენ მიემართებოდა, რომ „ლუბიანკაზე“ გამგზავრებულიყო და დარბაზში შეკრებილ „ჩეკისტებს“ შეხვედროდა, ვინმე ოლეგ კორბუდმა ბელადის მკვლელობა სცადა. მან „ნაგანი“ მიუშვირა სტალინს და სასხლეტს თითი გამოჰკრა, თუმცა ტყვია არ გავარდა და ტერორისტი ადგილზევე შებოჭეს და გაანეიტრალეს. 30 წლის ოლეგ კორბუდი, სინამდვილეში, ოლეგ შუშკევიჩი იყო. 1937 წელს მას მინსკში დედ-მამა დაუხვრიტეს. თავად კი ამ პერიოდში უკვე მოსკოვში, კრემლის სამხედრო გარნიზონში მსახურობდა და კორბუდის საბუთები ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ 1928 წელს მოიპოვა. საქმე ის იყო, რომ მისი შემდგომში დახვრეტილი მშობლები, იმთავითვე ანტისაბჭოელები იყვნენ და 1927 წელს საბოტაჟისთვის იყვნენ დაპატიმრებული, თუმცა შემდგომ შეიწყალეს. ამიტომ მათმა შვილმა ვინაობაის შეცვლა განიზრახა და განახორციელა კიდეც. მასაც სასტიკად სძულდა საბჭოთა წყობა და მართალია, ის სამხედრო სამსახურში მოეწყო, მაგრამ მავნებლობისთვის ყოველთვის მზად იყო. მშობლების დახვრეტის მერე კი – სასტიკი შურისძიებისთვის.“

კორბუდი-შუშკევიჩის განუხორციელებელ ტერაქტს სხვადასხვა მკვლევრები სხვადასხვანაირად აფასებენ. ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს ქმედება თავიდან ბოლომდე „ჩეკას“ მიერ კონტროლდებოდა და რომ მას გაფუჭებული „ნაგანი“ და სასწავლო ტყვიები „შეუცურეს“, ხოლო ტერაქტის მცდელობა კი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს, რათა ოპოზიციის ნარჩენები გაენადგურებინათ. და მართლაც განეიტრალებულმა ტერორისტმა გამოძიება არალეგალურ ჯგუფზე გაიყვანა, რომლის ყველა წევრი დააპატიმრეს, გაასამართლეს და მათ შორის, 26 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. მეორე ვერსიით კი კორბუდ-შუშკევიჩს, უბრალოდ, „ნაგანმა“ უმტყუნა. სხვათა შორის, როდესაც კორბუდი ბელადს იარაღს უმიზნებდა, სტალინი არც განძრეულა და პირდაპირ თვალებში უყურებდა მას. ამ ისტორიას სტალინის პირადი მცველი, ნიკოლაი ვლასიკი ჰყვებოდა. ის იმ დროს ბელადის გვერდით იმყოფებოდა და პირველი გადაეფარა „პატრონს“ და მას უკვე სხვებიც მიეშველნენ.

ნიკოლაი ვლასიკი: „პირველ რიგში, მე სტალინის სიმშვიდემ განმაცვიფრა, როდესაც მასზე „ნაგანი“ იყო დამიზნებული. შემდგომ კი, უკვე „ლუბიანკის“ სააქტო დარბაზში გამოსვლისას, სტალინს მღელვარების ნატამალიც არ ეტყობოდა და ისე წარდგა „ჩეკისტების“ წინაშე, ვითომ თხუთმეტი წუთის წინ სიკვდილს არ უმზერდა თვალებში. ბერიამ, სტალინის გამოსვლის მერე აიღო სიტყვა და „ჩეკისტებს“ ამ ფაქტის შესახებ აუწყა. მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და ბელადს მქუხარე ტაშით შეეგება.“

ასე იყო თუ ისე, ფაქტია, რომ სტალინზე არაერთი თავდასხმა და მისი მკვლელობის მცდელობა ყოფილა, რომელთაც ბელადი, როგორც ყოველთვის, ფოლადივით მტკიცედ, თვალის დაუხამხამებლად ხვდებოდა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა