ბელადები

როგორი გეოპოლიტიკა მიიღო სტალინმა ომის შემდეგ

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 31.08

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, რომელიც მოხერხებულად იყენებდა მსოფლიოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას და საბჭოთა კავშირისთვის სასარგებლო პოლიტიკას ატარებდა. საბჭოთა ბელადი დიდი წარმატებით იყენებდა პარტნიორების სისუსტეებს და თუ ეს სხვაგვარად არ ხერხდებოდა, მცირეოდენ დათმობებზეც კი მიდიოდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: 1940 წლის 10 მაისს ბრიტანეთის მონარქმა გეორგ მეექვსემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უინსტონ ჩერჩილი დანიშნა. იმ დღეს ჰიტლერი საფრანგეთში შეიჭრა. მართალია, სტალინსა და ჰიტლერს თავდაუსხმელობის პაქტი ჰქონდათ დადებული, მაგრამ საბჭოთა ბელადი სიღრმისეულად ერკვეოდა „პოლიტიკურ კომბინაციებში“, შესანიშნავად იცოდა მსოფლიო პოლიტიკა, ანუ საიდან „უბერავდა ქარი“. ამიტომ იმავე დღეს (10 მაისს), გვიან ღამით, სტალინმა ჩერჩილს დაუნინგ-სტრიტზე (პრემიერ-მინისტრების რეზიდენცია ლონდონში) მისალოცი დეპეშა გაუგზავნა და იქვე უპირობოდ შესთავაზა მოკავშირეობა. რამდენიმე საათის შემდეგ (უკვე 1940 წლის 11 მაისს) სტალინმა ჩერჩილისგან საპასუხო დეპეშა მიიღო. ახლად დანიშნული პრემიერი მადლობას უხდიდა სტალინს მილოცვისთვის და საკმაოდ მკაცრი დიპლომატიური ტონით განმარტავდა, რომ დიდი ბრიტანეთი ვერასოდეს გახდებოდა კომუნისტური რუსეთის მოკავშირე. მით უმეტეს, რომ სტალინს ჰიტლერთან უკვე ჰქონდა დადებული „მეგობრული“ ხელშეკრულება. სტალინს ამ დეპეშაზე არაფერი უპასუხებია.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: სტალინი ჩერჩილისგან მოელოდა მსგავს დიპლომატიურ დემარშს. უკვე 11 მაისი თენდებოდა. ჰიტლერი საფრანგეთში იყო შეჭრილი და ფაქტობრივად, დაუბრკოლებლად მიიწევდა ქვეყნის (საფრანგეთის) სიღრმისკენ. ამის შესახებ ჩვენ ზუსტ ინფორმაციას ვიღებდით, როგორც ბერიას უწყებისგან („ენკავედე“), ასევე „გრუსგან“ („წითელი არმიის“ სამხედრო დაზვერვა). ჩერჩილის პასუხი მე მივუტანე სტალინს. იმ ღამეს სტალინი კენცევოში არ გამგზავრებულა და კრემლში, თავის სამუშაო კაბინეტში დარჩა. როდესაც წერილის (დეპეშის) შინაარსს გაეცნო, სტალინს ირონიულად ჩაეცინა და მითხრა:

– სწორედ ასეთ პასუხს ველოდებოდი ახალგამომცხვარი მწვავე ანტიკომუნისტი ბრიტანელი პრემიერისგან... მით უარესი მათთვის! მცირე ხანში ვიხილავთ, თუ როგორ გადაუფრენენ „გერინგის არწივები“ ლონდონს და რა ზარალს მიაყენებენ მათ დედაქალაქსო. როგორც მოგვიანებით გავაანალიზე, სტალინი ფიქრობდა, რომ ჩერჩილი დიდი მონდომებით შეეცდებოდა ჰიტლერის „შემოგდებას“ საბჭოთა კავშირში. ამას კი დიდი სამხედრო მზადყოფნა სჭირდებოდა და სტალინმა ისედაც სწრაფი მომზადების ტემპები სამხედროებს კიდევ უფრო დააჩქარებინა.

სტალინი თავის გაანგარიშებაში არ შემცდარა. სამაგიეროდ, ჩერჩილს გაუცრუვდა იმედები. მან ვერ მოახერხა იმ მომენტში არსებული სამხედრო-გეოპოლიტიკური მდგომარეობის შეცვლა. მიუხედავად დიდი დიპლომატიური ძალისხმევისა, ჰიტლერი არ დაეთანხმა ჩერჩილის ფარულ წინადადებას, საფრანგეთის სასწრაფო დეოკუპაციის თაობაზე. ჩერჩილი შეფარული დიპლომატიური მანევრით სთავაზობდა ჰიტლერს, საფრანგეთის ნაცვლად რუსეთზე გალაშქრებას. თანაც, მნიშვნელოვან დახმარებას სთავაზობდა, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო და პოლიტიკური კუთხით. მაგრამ ჰიტლერმა ეს შეთავაზება კატეგორიულად უარყო, ჩერჩილს მოკავშირეობა შესთავაზა, მაგრამ საფრანგეთის დეოკუპაციაზე სასტიკი უარი განაცხადა. ჩერჩილმა კი კარგად უწყოდა, რომ საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ჯერი დადგებოდა. ამიტომ, ბრიტანეთის პარლამენტში ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, დიდი ბრიტანეთის მიწის თითოეული გოჯის თავგანწირვით დაცვის შესახებ, რომლის შემდეგ „გერინგის არწივებმა“ ლონდონის პერიოდულ დაბომბვას მიჰყვეს ხელი.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „შემდგომ ჩერჩილი, ფაქტობრივად, ნანობდა, რომ სტალინის წინადადება არ მიიღო. ამას კი „ბრიტანელი ლომი“ არა მარტო კერძო საუბრებში, თავის მემუარებშიც აღიარებდა. ჩერჩილი წერდა: „სტალინისთვის უარის თქმა მოკავშირეობის შემოთავაზებაზე ჩემს ერთ-ერთ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია. ამის შედეგები 5 წლის შემდეგ ჯერ იალტის, შემდგომ კი პოტსდამის კონფერენციაზე გამოჩნდა. იმ პერიოდში სტალინი უკვე ნომერი პირველი მსოფლიო პოლიტიკური ფიგურა იყო. გეოპოლიტიკურ საკითხებს ჩვენ გარეშე წყვეტდა. თანაც, რა თქმა უნდა, მისთვის სასარგებლოდ და არც პოლონეთის მცირედი ნაწილი დათმო და არც ჩეხოსლოვაკიის ანალოგიური ტერიტორია“. გერმანია კი იძულებით გავყავით ორ ნაწილად. ჩერჩილი ამ აღიარებით ამბობდა: თავიდანვე რომ მოკავშირეები ვყოფილიყავით, სტალინი მთელი ევროპის უდიდეს ნაწილს ვერ გააწითლებდაო. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ასე მაინც მოხდებოდა. სტალინი მოახერხებდა ისეთი გეოპოლიტიკა მიეღო, როგორიც დაგეგმილი ჰქონდა და საბჭოთა ბელადს ამაში ვერანაირი მოკავშირე ვერ შეუშლიდა ხელს, მათ შორის, ვერც ჩერჩილი

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...