ბელადები

როგორი გამოსავალი მოძებნა სტალინმა რთული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამოსასვლელად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 24.11, 2022 წელი

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი (ერთადერთი თუ არა) მმართველი იყო. მან უზომოდ მძიმე ტვირთი ღირსეულად ზიდა მთელი ცხოვრების განმავლობაში და რაც უნდა ჩირქი მოსცხონ მავანთა, ამით კაცობრიობისთვის მის მიერ გაწეული უდიდესი ღვაწლი მაინც არ დაკნინდება.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის წინასწარმეტყველური ფრაზაა – ჩემს საფლავს უამრავ ტალახსა და ჭუჭყს დააყრიან, მაგრამ ისტორიის ქარიშხალი მას პირწმინდად გაფანტავსო. ჯერჯერობით (იგულისხმება „პერესტროიკის“ წლები) სტალინის სახელს მხოლოდ ჩირქს სცხებენ და ვისაც არ ეზარება, მისთვი აუგ სიტყვებსა და ცილისწამებას არ იშურებს. მაგრამ საკმარისია, იმ ისტორიულ პერიოდს ობიექტური ანალიზი ჩავუტაროთ, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგება და სიმართლეც გაირკვევა. საბჭოთა ბელადის წინააღმდეგ წამოჭრილ პრეტენზიათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ბრალდებაა, ეგრეთ წოდებული, „ევროპის გაწითლება“, „სოვეტიზაცია“, ანუ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ძალადობრივი მოქცევა საბჭოთა ორბიტაზე და გერმანიის შუაზე გაყოფა. ეს, ერთი შეხედვით, ჭეშმარიტი ფაქტები სულ არაა ჭეშმარიტება და გამოწვეული იყო იმ ობიექტური რეალობიდან, როგორიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე შეიქმნა. დავიწყებ იმით, რომ გერმანიის შუაზე გაყოფა სულაც არ იყო სტალინის იდეა და საბჭოთა ბელადი ამ ქვეყნის ერთიანობას ქადაგებდა. თუმცა, იქვე აღნიშნავდა, რომ გერმანია, პირველ რიგში, დემილიტარიზებული უნდა ყოფილიყო და ეს პირობა სრულად განხორციელდა. სტალინის მთავარი მოთხოვნა იყო, ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის მიეცათ საშუალება, რომ ყოველგვარი გარედან ჩარევის გარეშე მიეღოთ სწორი გადაწყვეტილება და მათთვის სასურველი ხელმძღვანელობა აერჩიათ. ეს იდეა სტალინმა ჯერ კიდევ თეირანში გააჟღერა. შემდგომ ყირიმშიც გაიმეორა და ცდილობდა, პოტსდამშიც დაეცვა, თუმცა, მაშინდელი მოკავშირეები (ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი) საპირისპირო პოზიციაზე იდგნენ და „პროტექტორობის“ ვარიანტს ქადაგებდნენ. საქმე კი ის იყო, რომ როგორც დასავლეთი, ასევე სტალინი, საუცხოოდ ერკვეოდნენ და ზუსტად იცოდნენ გერმანიის მოსახლეობის განწყობა. სახეზე იყო თავისუფალი საარჩევნო ხმების შეფარდება და ეს კი აშკარად პროსაბჭოური იყო – საარჩევნო პროსაბჭოური ხმები 60/40-ზე იყო საბჭოეთის სასარგებლოდ. ამიტომ, დასავლეთმა ამაზე უარი თქვა, თან ძირგამომთხრელი საქმიანობა გაასამმაგა. იმას კი არ ვამბობ, რომ დამარცხებული გერმანიის მოსახლეობა სტალინსა და საბჭოეთზე გიჟდებოდა, მაგრამ მთავარი იყო ორი ფაქტორი (შემდგომ ამას მესამე ფაქტორიც დაემატა). პირველი – ანტიფაშისტი კომუნისტები (ანუ ის ხალხი, ვისაც მართლა მიაჩნდა საბჭოეთი და სტალინი ჭეშმარიტ მხსნელად და ისეთ ინტენსიურ პროპაგანდას ეწეოდნენ, რომ ძალთა (საარჩევნო ხმები) თანაფარდობა თავიანთ სასარგებლოდ გადაწონეს. ფაქტორი მეორე – ამას ემატებოდა ის 2 მილიონ 500 ათასი ებრაელი (გერმანიის მოქალაქე), რომლებმაც არაადამიანური რეპრესიები და დამცირება გამოიარეს და სტალინი და საბჭოეთი მათი ხალხის გადამრჩენლად მიაჩნდათ, რაც სინამდვილეში ასეც იყო. როგორც უკვე ვთქვი, ეს ძალთა თანაფარდობა დასავლეთმაც შესანიშნავად იცოდა და სტალინის იდეას, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმდნენ და ჩააგდეს.“

თუმცა, სტალინი რის სტალინი იყო, რომ სათადარიგო ვარიანტი არ ჰქონოდა და როდესაც გერმანია გაიყო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია, საბჭოურ ორბიტაზე მოექცნენ, ბელადმა (სტალინმა), ერთი მხრივ, მძლავრი ეკონომიკური ბერკეტები მისცა ამ ქვეყნებს და მეორე მხრივ კი, ლაგამი ამოსდო. აი, სწორედ ეს იყო მესამე ფაქტორი გერმანიისთვის და მნიშვნელოვანი როგორც პოლონეთისთვის, ასევე ჩეხოსლოვაკიისთვის (გერმანია უკვე ვახსენე). ანუ, სტალინმა ამ ქვეყნების ინდუსტრიალიზაცია განახორციელა. ამით ამ ქვეყნების მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სამუშაო ადგილები მისცა და მათ ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესეს. მეორე მხრივ კი, რადგან ამ ინდუსტრიულ ქვეყნებს წარმოებისთვის საკმარისი რესურსი არ გააჩნდათ თავიანთი ინდუსტრიის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, ნედლეული საბჭოთა კავშირიდან მისდიოდათ. საკმარისი იყო, მათ ნედლეული არ მიეღოთ, პროდუქციას ვერ შექმნიდნენ და მის რეალიზაციას ვერ განახორციელებდნენ. მნიშვნელოვანი ისიც იყო, რომ მათ პროდუქციას ძირითადად საბჭოთა კავშირი ყიდულობდა. ამას კი გაღარიბება მოჰყვებოდა, შიმშილი და ყველა ის უძლურება, რაც ასეთ დროს ხდება ხოლმე. ლაგამიც სწორედ ეს იყო. ერთი სიტყვით, დასავლეთის ამ ფანდს სტალინმა საპირწონე უპოვა და მძლავრი ბერკეტებიც ჩაიგდო ხელში.

იაკობ კედმი: „სტალინის „ლაგმისა“ და „ორცხობელის“ პოლიტიკა, ერთი შეხედვით, ძალიან ცუდი და მჩაგვრელობითი რამაა, მაგრამ განა ასე არ იქცევიან დღეს მოწინავე სახელმწიფოები? ასე იყო იმ შორეულ, ძალიან რთულ ეპოქაში და საბჭოთა ბელადმა იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად იმოქმედა. ეს კი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული. აქედან კი სტალინი ღირსეულად გამოვიდა და სწორადაც მოიქცა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი