ბელადები

როგორ უმკლავდებოდა სტალინი დასავლეთის „ნიუ პოლიტიკას“

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 04.11, 2021 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსია და მიუხედავად იმისა, რომ „ცივი ომის“ პერიოდში მთელი დასავლური სამყარო ანტისტალინური პროპაგანდით იყო დაკავებული, რაც დღემდე გრძელდება, საბჭოთა ბელადს რომ კიდევ 2-3 წელიწადი ეცოცხლა, მას, დიდი ალბათობით, ნობელის პრემიას მიანიჭებდნენ. გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ცოტა შორიდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ როდესაც 1953 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში უინსტონ ჩერჩილს მიაკუთვნეს, ამაში ლომის წილი იოსებ ბესარიონის ძე სტალინს მიუძღვის. სწორედ, სტალინმა წარადგინა ჩერჩილი ნობელის პრემიაზე. თუმცა, მშვიდობის დარგში. ნობელის კომიტეტმა კი წარდგინება სტალინის თანხმობით შეცვალა და რომ იტყვიან, გადაალიტერატურა, რაც შემდგომ განხორციელდა კიდეც. განმარტებაში, თუ რის გამო მიენიჭა ჩერჩილს ნობელის პრემია ლიტერატურაში, ეწერა: ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებთა მაღალი ოსტატობისა და ბრწყინვალე ორატორული ხელოვნებისთვის, რისი მეშვეობითაც დაცული იქნა უმაღლესი ადამიანური ღირებულებები...

ნობელის პრემიის მინიჭების (ლიტერატურის დარგში) ასეთი ანოტაციით (განმარტებით) გაოცებული იყო როგორც ჩერჩილი, ასევე მრავალი ცნობილი პიროვნება. ამ პერიოდისთვის სტალინი უკვე გარდაცვლილი იყო და ცოცხალი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, ისიც არანაკლებ გაოცდებოდა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 1954 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე სტალინი იყო წარდგენილი. ეს წარდგენა კი ჩერჩილმა ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში განახორციელა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ბელადი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მას ნამდვილად მიანიჭებდნენ. ამ პრემიას. თუმცა მისი გარდაცვალების გამო სტალინი პრეტენდენტთა სიიდან ამოიღეს, რადგან ამ პრემიას სიკვდილის შემდგომ არ ანიჭებენ...“

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენა სტალინისთვის, თანაც ჩერჩილისგან, მოულოდნელი არ ყოფილა და სტალინი ამ ყველაფერს 50-იანი წლების „ნიუ პოლიტიკას“ უკავშირებდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან პირად საუბარში მითხრა:

– ჩერჩილს მშვიდობის ნობელის პრემიაზე წარვუდგენივარ და როგორც ეტყობა, ამ ბრიტანელ ბებერ მელას „ნიუ პოლიტიკის“ შემოქმედებმა ურჩიეს – სტალინი უნდა გავხედნოთ და ცოტათი მაინც გადავადასავლუროთო.

მე ჩამეცინა და სტალინს ვუთხარი:

– ჰო მაგრამ, მათ ხომ მშვენივრად იციან, რომ ასეთი რამ შეუძლებელია?

სტალინსაც ჩაეცინა და მიპასუხა:

– რა თქმა უნდა, იციან, მაგრამ მცდიან. სწორედ, ესაა მათი „ნიუ პოლიტიკის“ არსი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მათი პრესა მლანძღავს, „წამახალისებენ“ და პრემიას რომ მომანიჭებენ, თუკი „ძველებურს გავაგრძელებ“, უკვე მათი გაგებით, უფლება ექნებათ, რომ კოალიციასთან ერთად, სამხედრო ძალით დაგვარტყან, კოალიციას კი არა მარტო ნეიტრალურ სახელმწიფოებთან ერთად, საფრანგეთის შეყვანასაც შეეცდებიან.

– თუ მასეა, მაშინ პრემიას უეჭველად მოგანიჭებენ, – ვუთხარი სტალინს. მან კი თავი გააქნია და მიპასუხა:

– მომანიჭებენ და უარს ვიტყვი...

სტალინმა უარის თქმა ვერ მოასწრო, რადგან ის გარდაიცვალა და პრეტენდენტთა სიიდან ამოიღეს. დასავლურმა „ნიუ პოლიტიკამ“ კი საბჭოთა ბელადის სიკვდილით დიდი შეღავათი მიიღო და ჩვენ კი, მისმა მემკვიდრეებმა, ამ პოლიტიკასთან გამკლავება ვერ შევძელით...“

ვიაჩესლავ მოლოტოვმა სტალინთან ეს დიალოგი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, „პერესტროიკის“ დროს გაიხსენა „ცენტრალური ტელევიზიისთვის“ მიცემულ დიდ ინტერვიუში, რომელსაც პირადად გორბაჩოვმა დაადო ტაბუ, დიდი ალბათობით, დასავლეთის მითითებით. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მოლოტოვი სრულ სიმართლეს ამბობდა სტალინსა და იმ პერიოდის მსოფლიო პოლიტიკაზე, რაც დასავლეთს ხელს არ აძლევდა. ეს მრავალსაათიანი ტელეინტერვიუ დღემდე გასაიდუმლოებულ არქივებშია შენახული და მისი შინაარსი მკვლევრებისთვის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ვიდეოფირებითაა ცნობილი. ასევე, იმ ადამიანთა (ტელევიზიის ტექნიკური პერსონალი) ზეპირი მონათხრობიდან, ვინც ამ ინტერვიუს იწერდა. მაგალითად, მოლოტოვი ჰყვებოდა, რომ სტალინმა ჯერ კიდევ 1951 წელს შესთავაზა ანგლოსაქსებს მნიშვნელოვანი განიარაღება და ერთობლივი სამრეწველო-ეკონომიკური პროექტების განხორციელება, რაზედაც მათ კატეგორიული უარი განაცხადეს. სტალინი მზად იყო, დასავლური ტექნოლოგიებისთვის ციმბირის სიმდიდრეების ნაწილიც კი გაეხსნა, თუკი ისინი მშვიდობისმოყვარე წინადადებებზე წამოვიდოდნენ, მაგრამ დასავლეთს მწვავე კონფრონტაცია უნდოდა და უარი თქვა.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება, ის დასკვნა გაკეთდეს, რომ სანამ სტალინი ცოცხალი იყო, საკმაოდ ძლიერი დასავლეთი ვერაფერს აკლებდა საბჭოთა კავშირს. სტალინის სიკვდილმა კი უდიდესი კატასტროფა გამოიწვია, რაც დღემდე გრძელდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი