ბელადები

როგორ უმასპინძლა ბერიამ თბილისში მივლინებით მყოფ მიხეილ ბულგაკოვს

№39

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 06.10

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ძალიან ეშმაკი, მოხერხებული ადამიანი იყო. მან შესანიშნავად იცოდა ადამიანების ფსიქოლოგია და ამ ცოდნას ის დასახული მიზნების მისაღწევად წარმატებით იყენებდა.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „1938 წელს გენიალურ რუს მწერალს მიხეილ ბულგაკოვს სტალინმა სთხოვა, რომ დაეწერა მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოები მის, ანუ საბჭოთა ბელადის შესახებ. მიხეილ ათანასეს ძე სიამოვნებით დათანხმდა ბელადს და უთხრა, რომ წიგნის მასალების მოსაძიებლად მას საქართველოში გამგზავრება დასჭირდებოდა. სტალინს გაეღიმა და დაამატა: არა მხოლოდ საქართველოში, ამხანაგო მწერალო, არამედ კავკასიის რეგიონის სხვა რესპუბლიკებშიც, რადგან ჩემი მოღვაწეობა მაშინ, როგორც ამჟამადაც, მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა. ერთი სიტყვით, ბულგაკოვი საქართველოში გაემგზავრა, რომ სტალინის შესახებ მთელ კავკასიაში შეეკრიბა მასალები. იმ პერიოდში კი ლავრენტი ბერია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ამიერკავკასიის უპირობო მმართველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამიერკავკასიის ფედერაცია უკვე დაშლილი იყო და მის ნაწილებს თავიანთი ხელმძღვანელები ჰყავდათ. ცოტა ხნით ადრე, სანამ ფედერაცია დაიშლებოდა, მთელი ამ რეგიონის მმართველი სწორედ ლავრენტი ბერია იყო. ახალი მმართველები კი ბერიას მიერ იყვნენ დაწინაურებული და სრულად ემორჩილებოდნენ. მიხეილ ბულგაკოვი მოსკოვიდან თბილისში ჩაფრინდა. მას აეროდრომზე პირადად ბერია დახვდა, რომელიც პირადად სტალინმა გააფრთხილა ბულგაკოვის ვიზიტისა და ამ ვიზიტის მიზნის შესახებ. მწერალი ბერიამ პირადად მიაცილა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში, რომელიც ახალი აშენებული იყო და მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა. ბერიას მითითებით, რეზიდენციაში გოგირდის წყალი იყო მიყვანილი და აბანოები სწორედ გოგირდის წყლით მარაგდებოდა. ბულგაკოვი საუკეთესო ლუქს-ნომერში მოათავსეს, უმაღლესი კლასის კვება და მომსახურება დაუნიშნეს და პერსონალური ავტომობილი გამოუყვეს, მძღოლით. ბულგაკოვზე მიმაგრებული ყველა ადამიანი „ენკავედეს“ თანამშრომელი იყო. გარდა ამისა, ბულგაკოვის ნომერში ფარული კინოკამერა იყო დამონტაჟებული და აუდიოჩანაწერები საიდუმლოდ ხორციელდებოდა. ბულგაკოვს, ასევე, დარიცხული ჰქონდა ყოველდღიური სამივლინებო თანხა – 300 მანეთი, რაც ძალიან დიდი ფული იყო. მით უმეტეს, რომ მას საცხოვრებელში, საკვებსა და ტრანსპორტში ფული არ ეხარჯებოდა. ერთი სიტყვით, მიხეილ აფანასის ძე მეორე დღიდანვე შეუდგა მუშაობას და პირველ რიგში, გორში გაემგზავრა. იმ წლებში ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ის ადამიანები, ვისაც სტალინი ბავშვობაში ახსოვდათ. მართალია, სტალინის დედა, კეკე, ახალი გარდაცვლილი იყო, მაგრამ ბულგაკოვი კეკეს მეგობრებს შეხვდა გორშიც და თბილისშიც და მათგან ძვირფასი ინფორმაციები მოიპოვა, როგორც სტალინის ბავშვობის შესახებ, ასევე სტალინის დედისა და მამის შესახებაც. ბულგაკოვი მრავალ ადამიანს ხვდებოდა. ზოგიერთი მათგანი კრწანისის რეზიდენციაში აკითხავდა. მწერალი მათ საუბრებს იქ იწერდა. პარალელურად კი, ყველაფერი იწერებოდა როგორც მაგნიტურ ფირზე, ასევე კინოკამერაზეც. მთელ ამ მასალას კი, როგორც ფარულ ჩანაწერებს, ასევე ბულგაკოვის ხელით ჩაწერილსაც, პირადად ბერია ეცნობოდა. „ენკავედეს“ თანამშრომლები ბულგაკოვის ჩანაწერების ასლებს აკეთებდნენ და „ჩეკისტებს“, ანუ ბერიას, აბსოლუტურად ყველა მასალა ჰქონდა. მიხეილ ბულგაკოვის ვიზიტი კავკასიაში (ძირითადად საქართველოსა და თბილისში) მივლინების 43-ე დღეს შეწყდა. მწერალს იმ მომენტისთვის სტალინზე უკვე ზღვა მასალა ჰქონდა შეგროვებული. რა თქმა უნდა, ეს ზღვა მასალა ჰქონდა ბერიასაც. საღამო ხანს ბულგაკოვის ნომერში ტელეფონმა დარეკა. მწერალს პირადად სტალინმა დაურეკა და უთხრა: ამხანაგო მწერალო, ვფიქრობ, რომ დროა, დედაქალაქში დაბრუნდეთ, უკვე საკმაო მასალა გაქვთ შეგროვებული და წიგნის შემდგომი ბედის შესახებ დამატებით გაცნობებთო. ბულგაკოვს არ გასჭირვებია იმის მიხევდრა, რომ სტალინს უკვე გაცნობილი ჰქონდა მის მიერ მოძიებული ყველა მასალა. არც ის იყო ძნელი მისახვედრი, რომ ეს მასალები ბელადს ბერიამ მიაწოდა და რა თქმა უნდა, მიხეილ აფანასის ძე იმაშიც დარწმუნდა, რომ მის ყოველ ნაბიჯს, ასევე, ბერიას მითითებით, „ენკავედეს“ აგენტები აკონტროლებდნენ. ბულგაკოვი მეორე დილით გაფრინდა თბილისიდან, მაგრამ ბერიას ის არ გაუცილებია. მოსკოვში ჩაფრენისთანავე მწერალს „ენკავედეს“ ოფიცერი დახვდა და თავაზიანად გამოართვა ტყავის ჩანთა, სადაც ბულგაკოვის მიერ კავკასიაში მოპოვებული მასალები იყო მოთავსებული. ოფიცერს ბულგაკოვისთვის არ უთქვამს, თუ რა მიზნით ართმევდა მას ჩანთას და ეს ჩანთა მწერლისთვის არავის დაუბრუნებია. რა თქმა უნდა, არც წიგნი გამოსულა, მით უმეტეს, რომ ეს წიგნი ბულგაკოვს არც დაუწერია, რადგან მასალები ჩამორთმეული ჰქონდა. მოგვიანებით ბერიას საქმეზე დაპატიმრებულ და დახვრეტილ, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, სერგო გოგლიძეს გამომძიებლის ჩვენებაში დაუწერია: „ბულგაკოვს მოპოვებული ჰქონდა მასალები ერთ-ერთი ძველი ბოლშევიკისგან, რომელიც თბილისურ იმ ექსპროპრიაციაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც 300 ათასი მანეთი გაიტაცეს და უამრავი ადამიანი დაიღუპა. სტალინი ყოველთვის უარყოფდა ამ აქციაში მონაწილეობას. აგრეთვე, იმ ბოლშევიკმა ბულგაკოვს კამოს უცნაური დაღუპვის შესახებაც გაუზიარა თავისი მოსაზრებაო.“

საგულისხმოა, რომ ის ბოლშევიკი, ვინმე ვართანოვი, 1938 წელს მტკვარში დაიხრჩო. როგორც ეტყობა, მას მერე, რაც ბერია გაეცნო ამ აკრძალულ ინფორმაციებს, სტალინის შესახებ, ეს ცნობები ბელადს მიაწოდა. სწორედ ამის საფუძველზე დაედო წიგნის გამოცემას ტაბუ. ბერია კი სტალინმა ძალიან მალე მოსკოვში გადაიყვანა და „ენკავედე“ ჩააბარა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა