ბელადები

როგორ თარგმნა სტალინმა ფსალმუნები ძველბერძნული ენიდან

№7

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.02, 2021 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

 იოსებ ბესარიონის ძე სტალინზე დღემდეც ხშირად იწერება. თუმცა მათ შორის ბევრი მითია და უმეტესი მათგანი კი – მონაჩმახი, რადგან მავანთ სურთ, რომ სტალინი ისეთ მონსტრად წარმოაჩინონ, ვინც უმოწყალოდ ხოცავდა ადამიანებს. თუმცა, ამ ბოლო დროს ისეთი პუბლიკაციებიც გამოჩნდა, რომლებიც ჭეშმარიტი კვლევის შედეგია და ეფუძნება როგორც უტყუარ საარქივო მასალას, ისე მიუკერძოებელი ადამიანების წერილობით თუ სიტყვიერ მონათხრობებს...

ისტორიულ-მეცნიერებათა დოქტორი ათანასე კუზმიჩევი წერს: „სასაცილოა, სამარცხვინოობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ის, თითქოს საბჭოთა ბელადი, იოსებ სტალინი უვიცი, გაუნათლებელი და გონებაშეზღუდული ადამიანი იყო. ამ ლოგიკით გამოდის, რომ უდიდესი ქვეყანა სულელმა ააშენა და 30 წელიწადზე მეტხანს მართავდა არა მარტო საბჭოთა კავშირს, არამედ მთელს მსოფლიო პოლიტიკას. პირიქით, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ და სტალინის მიერ აშენებული ქვეყნის რღვევა ნამდვილად ასეთმა დაიწყო და მისი სახელია ნიკიტა ხრუშჩოვი. თუმცა, ახლა სტალინზეა ლაპარაკი და არა ხრუშჩოვზე. სტალინს ერთ-ერთი მაძაგებელის დახასიათებაში წერია, რომ თითქოს მან ენები არ იცოდა. საშუალოდ ფლობდა მშობლიურ ქართულს, ცუდად კი – რუსულსო. ეს ტროცკისეული ინსინუაცია ზოგიერთი ადამიანისთვის დღემდე აქტუალურია და სჯერათ ამის.

სინამდვილეში კი პოეტი და პუბლიცისტი სტალინი არა მარტო საუცხოოდ ფლობდა მშობლიურ ქართულ და რუსულ ენებს, რომლებზეც, რომ იტყვიან, მაღალი კლასის ლიტერატურას თარგმნიდა, ნებისმიერი სახის პუბლიკაციებსა და ლექსებსაც კი წერდა.

სტალინი, აგრეთვე, უმაღლეს დონეზე ფლობდა ლათინურ, ძველბერძნულ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებს. ამ დანარჩენ შვიდ ენაზე სტალინი არა მარტო თავისუფლად მეტყველებდა, არამედ წერდა და შეცდომებსაც არ უშვებდა. მარტო ის რად ღირს, რომ ცნობილი აკადემიკოსი ნიკო მარი 1930 წელს ლენინგრადში მსოფლიო მეცნიერთა გაფართოებულ შეხვედრაზე სინანულით აღნიშნავდა: ამხანაგ სტალინის სახით ენათმეცნიერებამ უდიდესი მკვლევარი დაკარგაო. ჯერ კიდევ 1917 წელს მარი შემთხვევით გაეცნო ეროვნებათა სახალხო კომისრის, იოსებ სტალინის სტატიას ენათმეცნიერების განვითარების შესახებ. შემდეგ შეხვდა სტალინს, რომელთანაც სწორედ იმ მიზნით მივიდა, რომ ერთობლივი მუშაობა შეეთავაზებინა, რაზეც სტალინმა მას თავაზიანი უარი განუცხადა. ნიშანდობლივია ის, რომ 1934 წელს, როდესაც ნიკო მარი გარდაიცვალა, სტალინი მეორე დილასვე, 21 დეკემბერს, ჩაფრინდა მოსკოვიდან ლენინგრადში და პირადად მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს. არადა, იმ დღეს სტალინის დაბადების დღე იყო.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 1897 წელს, ჯერ კიდევ 17 წლის სემინარიელმა იოსებ ჯუღაშვილმა ძველი ბერძნულიდან ფსალმუნები თარგმნა ქართულ და რუსულ ენებზე. მისი ეს ნაშრომი მოიწონეს სემინარიის კოლექტივშიც და შემდგომ – ეკლესიაშიც და წიგნადაც უნდა გამოცემულიყო, თუმცა 1899 წელს სტალინი (იოსებ ჯუღაშვილი) სემინარიიდან გარიცხეს, წიგნის გამოცემა შეაფერხეს, ხელნაწერები კი თბილისის სასულიერო სემინარიის არქივში შეინახეს. 1900 წელს ფსალმუნების წიგნი მაინც გამოიცა. თუმცა მას სტალინის სახელი არ ეწერა და აღნიშნული იყო, რომ გამოსცა სასულიერო სემინარიამ. ეს იყო აშკარა პლაგიატი და უსამართლობა, რასაც ყოველთვის ებრძოდა მისი ავტორი. დღესდღეობით ეს ხელნაწერები, სავარაუდოდ, რუსეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ან არქივში უნდა იყოს დაცული. თუმცა ჯერჯერობით მიუწვდომელია.

სტალინის კალამსვე ეკუთვნის 1903 წელს 24 წლის სტალინის მიერ შედგენილი და არალეგალურად დაბეჭდილი პოლიტიკური ლექსიონი. ეს წიგნი 3 ათას ტერმინს შეიცავდა და „კოლხეთელის“ ფსევდონიმით გამოიცა. ლექსიკონი მალე იატაკქვეშელ რევოლუციონერთა სამაგიდო წიგნად გადაიქცა. მას დიდი შეფასება მისცეს თვით ლენინმა და გიორგი პლეხანოვმა. მოგვიანებით (1937 წელი), როდესაც სტალინი უკვე საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელობდა, ეს ლექსიკონი ხელახლა გამოსცეს. სტალინს კი შესთავაზეს, რომ მასზე მისი სახელი დაეწერათ, როგორც ავტორის. თუმცა საბჭოთა ბელადმა არამც თუ სტალინის სახელი არ დააწერინა წიგნზე, არამედ ფსევდონიმი „კოლხეთელიც“ ამოაღებინა და წიგნი საბოლოოდ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის სახელით გამოიცა.

თამამად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება, ითქვას, რომ არა სტალინის პოლიტიკური საქმიანობა, იოსებ ჯუღაშვილი მეცნიერების არაერთ მწვერვალს დაიპყრობდა. საგულისხმოა, რომ კოლოსალური მოუცლელობის ჟამს, სტალინი მაინც ახერხებდა ხოლმე მეცნიერულ-ფილოსოფიური ნაშრომების შექმნას. სტალინის გენიის ერთ-ერთი დასტურია ისიც, რომ საბჭოთა ბელადი პოლიგლოტი იყო, ამდენი ენის სრულფასოვანი ცოდნა სახუმარო სულაც არაა. დღესდღეობით არავის უკვირს პოლიგლოტობა, მაგრამ იმ ექსტრემალურ, იატაკქვეშა რევოლუციურ, ბობოქარ სიტუაციაში ასეთი საფუძვლიანი ცოდნის მიღება ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო. მართალია, ამაში სტალინს თანდაყოლილი ნიჭი დაეხმარა, მაგრამ ტიტანური ნებისყოფის გარეშე მაინც არაფერი გამოუვიდოდა. განა ტყუილად ამბობდა სტალინის დაუძინებელი მტერი ტროცკი – სტალინს არაადამიანური ნებისყოფა ჰქონდა და ყველა რევოლუციონერს ერთად აღებულს გვჯობდაო.

ალბათ, შორს არაა ის დრო, როდესაც სტალინის გენიას ყველა მისი მაძაგებელიც უპირობოდ აღიარებს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი