როგორ შევიდა საბჭოთა კავშირი არქტიკაში ბერიას დამსახურებით
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 27.10
ლავრენტი პავლეს ძე ბერიას რუსეთისთვის საკმაოდ ბევრი ისეთი საქმე აქვს გაკეთებული, რასაც ეს ქვეყანა დღემდე სასიკეთოდ იმკის და ამით სარგებლობს.
პროფესორი იური დოლგოპოლოვი: „ლავრენტი ბერია თავისი გამჭრიახობითა და წინხედვით არაფრით ჩამოუვარდებოდა სტალინს. მეტიც, სწორედ ბერიას რჩევითა და რეკომენდაციით განახორციელა სტალინმა გრანდიოზული პროექტები და სწორედ მათი წყალობით სულდგმულობს დღევანდელი რუსეთი. საყოველთაოდ გავრცელებული აზრით, ბერიას ყველაზე დიდი მიღწევაა საბჭოთა ატომური ბომბის შექმნა. ეს, ალბათ, ასეცაა. მაგრამ არსებობს სხვა საქმეებიც, რომლებიც ასევე ბერიას სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ ფართო მასებისთვის არაა ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი პროექტია საბჭოთა ატომური ფლოტის შექმნა. საბჭოთა (ახლა უკვე რუსეთის ფედერაციის) ატომური ფლოტი ორი განყოფილებისგან შედგება. წყალქვეშა ნავების ატომური ფლოტი და ატომური ყინულმჭრელების ფლოტი. სწორედ ბერიას სახელთანაა დაკავშირებული წყალქვეშა ნავებზე ატომური რეაქტორის დაყენება და სწორედ ბერიამ მისცა ვიზა ამ კლასის წყალქვეშა ნავების შექმნას. იმ პერიოდისთვის ეს სიახლე იყო და რომ იტყვიან, გარღვევას წარმოადგენდა სამხედრო მეცნიერებაში. პირველი საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავი ძალიან მოკლე პერიოდში შეიქმნა. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებული იყო და ამ ნავს ისეთი ტექნიკური პარამეტრები ჰქონდა, რაზეც იმ დროს ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. ამ ნავს შეეძლო 3 თვის განმავლობაში ამოუყვინთავად ემოძრავა წყალქვეშ. იყო ძალიან მძლავრი და სწრაფი, საკმაოდ გამძლე და მნიშვნელოვან სიღრმეზე ყვინთავდა. ამიტომ, ამ კლასის წყალქვეშა ნავები მთელი მსოფლიოს წყლებში დელფინებივით დაცურავდნენ და სამხედრო მისიების პარალელურად, სამეცნიერო კვლევებსაც ახორციელებდნენ. ყველაზე ნიშანდობლივი კი ისაა, რომ საბჭოთა წყალქვეშ ნავები ამერიკის შეერთებული შტატების ნაპირებთან დაცურავდნენ და შეეძლოთ არა მარტო ცოცხალი ძალების იქ გადასხმა, არამედ სასიკვდილო იარაღის იქ მიტანა და გამოყენება, ანუ საბჭოთა კავშირი რომ მტრულად ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, 50-იანი წლების დასაწყისში მათ ტერიტორიაზე ატომურ ბომბსაც ააფეთქებდა და ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ იარაღსაც. მაგრამ, არც სტალინი და არც ბერია არ იყო ამის მომხრე... ნიშანდობლივი ფაქტი ისაა, რომ როდესაც ამერიკელებმა, უკვე ბერიას გარდაცვალების შემდეგ, შეიტყვეს საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავების არსებობის ამბავი და გაიაზრეს თუ რა შეეძლო მათ, ტოტალური ისტერიკა დაემართათ. ალენ დალესი თავის მემუარებში წერდა: „ჩეულებისამებრ, მშვიდი, პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი ძალიან აღელვებული იყო, როდესაც საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავების ამბავი დეტალურად შეატყობინეს. ის ოვალურ კაბინეტში ნერვიულად სცემდა ბოლთას და ბოლოს თქვა: „მადლობა ღმერთს, რომ სტალინის ადგილას ჰიტლერი არ იყო, თორემ დღეს ჩვენი ქვეყანა აღარ იარსებებდა და შეერთებულ შტატებს ატომური და ქიმიურ-ბიოლოგიური უბედურება მოსპობდა...“ წყალქვეშა ატომური ნავების ამბავი ივანე სეროვის დროს გამჟღავნდა. გენერალი სეროვი საბჭოთა უშიშროების შეფი იყო. ხრუშჩოვის დიდი ნდობით სარგებლობდა, მაგრამ, როდესაც ამ ინფორმაციამ ამერიკელებთან მიაღწია, ხრუშჩოვმა სეროვი თანამდებობიდან გადააყენა...
ბერიას მიერ შექმნილი ატომური ფლოტის მეორე განყოფილება იყო ატომური ყინულმჭრელები. ასევე, ბერიას რეკომენდაციით, შემდგომ კი უშუალო ბრძანებით, შეიქმნა საბჭოთა კავშირში მძლავრი ატომური ყინულმჭრელი. შემდგომ კი – მთელი ფლოტი. თავდაპირველად სტალინს არც კი უნდოდა ამის განხორციელება. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ატომური ყინულმჭრელის დამზადება ძალიან ძვირი ჯდებოდა და დღემდეც ასეა. ბერიამ რომ სტალინს ეს პროექტი გააცნო, სტალინმა ხარჯებს თვალი გადაავლო და მის განხორციელებაზე უარი განაცხადა. თუმცა ბერიამ ის დაარწმუნა, რომ ხარჯები ასმაგად ანაზღაურდებოდა, თუკი ატომურ ყინულმჭრელს დავამზადებდით.
– როგორ? – იკითხა სტალინმა.
ბერიამ კი უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, ეს ყინულმჭრელი არქტიკის წყლებში ისე შევა, როგორც დანა კარაქში. არქტიკა აუთვისებელია, დღეს ის არავის ეკუთვნის. თუ ჩვენ დავმკვიდრდებით, იქ იმდენი წიაღისეულია, რაც ათასი წელი ეყოფა კაცობრიობას.
მხოლოდ ამ არგუმენტების შემდეგ მისცა სტალინმა ვიზა ამ პროექტს და ბერიას წყალობით, ჩვენ არქტიკაში შევედით.“
ამჟამად არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულება იმის შესახებ, რომ არქტიკა ნეიტრალური ტერიტორიაა და არავის ეკუთვნის. თუმცა, მასზე პრეტენზიას არაერთი ქვეყანა აცხადებს და სწორედ ამ ბუნებრივი რესურსების გამო. ნიშანდობლივი კი ისაა, რომ არქტიკაში რუსეთს უზარმაზარი ტერიტორია აქვს შემოსაზღვრული, რომელსაც სხვა ქვეყნები ვერ ეკარებიან, რადგან იქ რუსული ბაზებია და ფაქტობრივად, იქ რუსეთს დიდი სიმდიდრე აქვს, რაც ბერიას დამსახურებაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან