როგორ შექმნა სტალინმა „სახელმწიფო სახელმწიფოში“ ამიერკავკასიაში
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 24.04

იოსებ ბესარიონის ძე სტალინზე უამრავი წიგნი და სხვადასხვა სახის პუბლიკაციაა გამოქვეყნებული. გადაღებულია ბევრი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი. ერთი სიტყვით, ამ გენიალური პიროვნების შესახებ თითქმის ყველაფერია ცნობილი. თუმცა, დროდადრო სხვადასხვა წყაროდან ჩნდება ახალი, აქამდე უცნობი დეტალები მისი ბიოგრაფიიდან, რაც საინტერესო იქნება მკითხველთა ფართო მასისთვის.
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი (სპეცსამსახურების ექსპერტი): „როგორც ცნობილია, სტალინს ებარა, ჟარგონულად რომ ვთქვათ, ბოლშევიკური პარტიის „ობშჩიაკი“ და არა მარტო ებარა ეს სალარო („ობშჩიაკი“), არამედ მისი მთავარი შემვსები იყო. ბოლშევიკური პარტიის სალაროში შემავალი თანხის 75 პროცენტი, ანუ სამი მეოთხედი, სწორედ სტალინის ძალისხმევის შედეგი იყო. მაშინ მომავალ საბჭოთა ბელადს „კობა“ ერქვა და „ოხრანკის“ არქივებშიც ამ მეტსახელითაა ჩაწერილი. ბოლშევიკურ მოძრაობაში სტალინმა მთავარი ადგილი ძალიან ადრეულ ასაკში დაიკავა. 1903-1905 წლების რევოლუციების მიწურულს 26 წლის „კობა“ უკვე ძალიან გამოცდილი იატაკქვეშელი იყო და მთელი ამ მოძრაობის საიდუმლო კონსპირაციულ ქსელს ლენინთან ერთად, ფაქტობრივად, ისიც მართავდა. ოქტომბრის რევოლუციის მომავალი ბელადი, ლენინი უპირობოდ ენდობოდა „კობას“ და მას „მხურვალე კოლხიდელს“ უწოდებდა. „კობა“ მეოცე საუკუნის დასაწყისში ბაქოში მოღვაწეობდა. იმ პერიოდში ბაქო სწრაფად განვითარებადი რეგიონი იყო, რადგან იქ ნავთობის ძალიან დიდი მარაგი იყო. ამიტომ, ბაქოში წყალივით მიედინებოდა უცხოური ინვესტიციები და უამრავი ფული იშოვებოდა. ბაქოს ნავთობის საბადოები განაწილებული ჰქონდათ როტშილდებს, როკფელერებს, ნობელებსა და შედარებით ნაკლები რანგის სხვა მდიდარ ადამიანებს. სტალინს არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ ბაქო „ქერის ორმო“ იყო არალეგალებისთვის და ბოლშევიკური მოძრაობისთვის ფინანსების მოსაპოვებლად ამ ოქროს ხაზზე „დაჯდომა“ გადაწყვიტა. უდიდეს კონსპირატორ „კობას“ ამიერკავკასიაში საუკეთესო არალეგალური საბრძოლო რაზმები ჰყავდა. ეს რაზმები, ძირითადად, მუშებისგან შედგებოდა და საკმაოდ კარგად იყვნენ შეიარაღებული, გაწვრთნილი და დისციპლინირებული. მათ შორის იყვნენ ქალებიც, რომლებიც მამაკაცებს არ ჩამოუვარდებოდნენ სიმამაცეში, ზოგ შემთხვევაში კი, სჯობნიდნენ კიდეც მათ. სწორედ ეს ჯგუფები ახორციელებდნენ ექსპროპრიაციის აქციებს, ანუ ფულის ამოღებას სხვადასხვა უწყებებიდან და კერძო პირებისგან. „კობას“, გარდა შეიარაღებული ჯგუფებისა, ინფორმატორთა ფართო ქსელი ჰქონდა. ზოგიერთი მათგანი მას სხვადასხვა ძალოვანი უწყებებიდან ჰყავდა გადაბირებული, რომლებიც იდეურად თანამშრომლობდნენ ბოლშევიკებთან. ზოგიერთი კი მოსყიდული ჰყავდა, ფულს უხდიდა და მათგან ძვირფას ინფორმაციებს იღებდა. ამგვარად, „კობას“ მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულში კავკასიაში შექმნილი ჰქონდა „სახელმწიფო სახელმწიფოში“. ის ჯერ 30 წლისაც არ იყო, რომ ამ რეგიონში უდიდესი ავტორიტეტი და გავლენა ჰქონდა. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოზიცია „კობას“ ბაქოში ეკავა და იქიდან იღებდა ყველაზე მსხვილ თანხებს ბოლშევიკური მოძრაობისთვის. „კობა“ უშუალოდ როტშილდებისა და როკფელერების ნავთობის ბიზნესს „აჯდა“, მათთან მყარი შეთანხმება ჰქონდა ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ – „კობას“ მებრძოლები ნავთობსარეწების მეპატრონეებთან ახლოსაც არ უშვებდნენ იმ მრავალრიცხოვან ბანდიტურ დაჯგუფებებს, რომლებიც უამრავნი იყვნენ იმ პერიოდის ბაქოში. „კობამ“ ამ ბანდიტური ჯგუფების მეთაურებს შესთავაზა, ბოლშევიკებს შეერთებოდნენ. მათი ნაწილი დაეთანხმა „კობას“ წინადადებას. ნაწილმა კი სამუდამოდ დატოვა ბაქო... 1908 წლის მაისში, როტშილდების ახალმა წარმომადგენელმა ბაქოში გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ბოლშევიკებისთვის ფულის გადახდისთვის. თუმცა, მას ურჩიეს, ხელი აეღო ამ განზრახვაზე, რომ „კობა“ არ განერისხებინა. თუმცა, ახალი წარმომადგენელი ჯიუტი აღმოჩნდა და მრჩეველს უთხრა: ერთხელ გადავიხდი ფულს, მკვლელებს დავიქირავებ, „კობას“ მოვსპობ და პრობლემაც ამით გადაწყდებაო. და მართლაც, ახალმა წარმომადგენელმა ვინმე აბაევს გადაუხადა ფული, რომ „კობა“ მოეკლათ. აბაევი და მისი ბანდიტური ჯგუფი ნაწყენი იყო სტალინზე და სიამოვნებით დაეთანხმა ამ წინადადებას. ფულის ნაწილიც წინასწარ აიღეს და „კობას“ ლიკვიდაციის გეგმაც შეიმუშავეს. „კობა“ აბაევსა და მის დამქაშებს ბაქოს გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ სახლში უნდა მოეკლათ, სადაც სტალინი დროგამოშვებით მიდიოდა ხოლმე. ექვსკაციან ჯგუფს ჯერ ბომბები უნდა შეეყარა სახლში, შემდეგ კი უნდა შევარდნილიყვნენ და თუკი ვინმე გადარჩებოდა, იარაღით დაეხოცათ. „კობას“ ამ გეგმის შესახებ აბაევის ერთ-ერთმა მებრძოლმა აცნობა, რომელიც მისი ინფორმატორი იყო. ამიტომ, როცა გეგმის განხორციელებლად მივიდნენ, მათ უწყვეტი ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზევე ჩახოცეს. აბაევი კი ტყვედ აიყვანეს და მისი მოკვეთილი თავი როტშილდების ოფისში გაგზავნეს. ორი დღის შემდეგ კი უკვე ახალი წარმომადგენელი მოკლეს ბაქოს ცენტრში. ამ მკვლელობაში პოლიციამ სიმონ ტერ-პეტროსიანი, იგივე „კამო“ დაადანაშაულა და მასზე ძებნა გამოცხადდა. თუმცა, მოგვიანებით „კამოს“ ეს ბრალდება მოუხსნეს. ამ მოვლენების შემდეგ როტშილდებმა ბაქოში ახალი წარმომადგენელი გამოგზავნეს, რომელიც თავის წინამორბედზე ჭკვიანი აღმოჩნდა. ახალმა წარმომადგენელმა ბოლშევიკებს გადასახადი გაუორმაგა და „კობას“ ლიკვიდაციაზე ფიქრის მაგივრად, სტალინთან ახლო მეგობრული ურთიერთობები დაამყარა. მოგვიანებით, უკვე საბჭოთა ხელისუფლების დროს ახალ წარმომადგენელს ეს საქციელი დაუფასდა და სტალინმა მას 30-იან წლებში ბაქოს ერთ-ერთ ნავთობსარეწზე ბიზნესის კეთების უფლება მისცა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან