ბელადები

როგორ შექმნა ბერიამ „ოდეერის“ ინსტიტუტი

№49

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:22 07.12, 2020 წელი

ლავრენტი ბერია
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას მრავალწახნაგოვანი მოღვაწეობის შესახებ უსასრულოდ შეიძლება წერა და მსჯელობა. მავანნი ამ მოღვაწეობას მხოლოდ უარყოფითად აფასებენ. სხვები – დადებითად. ყველაზე საინტერესო შეფასებებს კი ნეიტრალური მკვლევარ-პუბლიცისტები გვთავაზობენ. ისინი, ყოველგვარი ტენდენციურობისგან თავისუფალნი, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით ხელმძღვანელობენ და სწორი დასკვნებიც გამოაქვთ... 

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ვსევოლოდ ვოსკობოინიკოვი წერს:

„მარშალ ბერიაზე უსასრულოდ შეიძლება, ილაპარაკო, იდავო და მის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ ათასობით არგუმენტი მოიყვანო, მაგრამ თავი რომ დავანებოთ გლობალურ ბერიასეულ პროექტებს, რითაც ლავრენტი პავლოვიჩმა ცალსახად ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეები გააკეთა და ამას წყალი არ გაუვა, გავაანალიზოთ ბერიას მიერ განხორციელებული „მცირე“ სადავო საქმეები და დასკვნები გავაკეთოთ. ერთ-ერთი ასეთი „მცირე“ სადავო საქმეა, ეგრეთ წოდებული, „ოდეერის“ ინსტიტუტის შექმნა.

სიტყვა „ოდეერი“ აბრევიატურაა და ასე იშიფრება: მოქმედი რეზერვის ოფიცერი, ანუ, ესაა უშიშროების სისტემის კადრის თანამშრომელი, რომელიც ჩანერგილი იყო სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში. მის ძირითადი ამოცანას წარმოადგენდა ადგილზე სიტუაციის კონტროლი და ინფორმაციის მიწოდება თავის უწყებაში, ანუ – უშიშროებაში. აგრეთვე, სხვადასხვა საიდუმლო მისიის შესრულება ამავე უწყების დავალებით.

„ოდეერს“ ხალხში ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, ეშინოდათ მისი და ერიდებოდნენ. თუმცა, ბერიას მიერ შექმნილ ამ ინსტიტუტს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა და ბერიასეულ საქართველოში ბევრი კარგი საქმე აქვს შესრულებული.

ლავრენტი ბერიამ ჯერ კიდევ საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად ყოფნის პერიოდში 1931 წლის დასაწყისში ჩამოაყალიბა თავისი უწყების ოფიცერთაგან საგანგებო ჯგუფი. ისინი სხვადასხვა რესპუბლიკურ უწყებაში მოაწყო სამუშაოდ (რა თქმა უნდა, საშუალო რანგის თანამდებობებზე) და ამოცანად დაუსახა ყოველდღიური სიტუაციის კონტროლი. ანუ, ამ ოფიცრებს, „ენკავედეს“ მიერ ჩანერგილ „ჩეკისტებს“, უნდა სცოდნოდათ, თუ რა ხდებოდა მათდამი მინდობილ ადგილზე. უნდა შეეგროვებინათ ინფორმაციები და ეს ცნობები გადაეგზავნათ უწყებაში (უშიშროებაში). იქ კი ხორციელდებოდა ამ ინფორმაციების ანალიზი და შესაბამისი რეალიზაცია.

ამგვარად, ბერიას უწყებამ დაწვრილებით იცოდა, თუ საქართველოს რომელ უწყებაში რა ხდებოდა. ვინ რას ლაპარაკობდა და ვინ რას ფიქრობდა. შემდგომ კი ამის მიხედვით ხორციელდებოდა კადრების შერჩევა, ზოგიერთის – კარიერული წინსვლა, ზოგიერთის კი – უკუსვლა ან შეფერხება.

სუფთა უსაფრთხოების საკითხთა პარალელურად, რაც მხოლოდ და მხოლოდ უშიშროების პრეროგატივა იყო, „ცენტრში“ (უშიშროებაში) გროვდებოდა წმინდა კრიმინალური (სისხლის სამართლის) ტიპის ინფორმაციები. ასეთ ინფორმაციებს კი, შესაბამისი ანალიზისა და გადახარისხების შემდეგ, მილიციას აწვდიდნენ და საქმეში უკვე ისინი ერთვებოდნენ. აი, მაგალითად, 1932 წელს განეიტრალებული იქნა სტუდენტთა შეიარაღებული ექვსკაციანი ბანდა. ისინი ბანკის ინკასატორზე აპირებდნენ თავდასხმას. მილიციამ კი მათ ჩასაფრება მოუწყო. ერთი გასროლის გარეშე აიყვანა და დიდი სისხლისღვრა აიცილა თავიდან.

ამგვარად, „ოდეერის“ ინსტიტუტი დიდ პრევენციულ საქმიანობასაც ახორციელებდა. ეს პრევენცია, ზემოხსენებული კრიმინალური სფეროს გარდა, უშუალოდ უშიშროების სფეროშიც ხორციელდებოდა. ანუ, „ოდეერებს“ კონტრდაზვერვის საქმიანობის განხორციელებაც ევალებოდათ.

მაგალითად, თბილისის ერთ-ერთ საიდუმლო საჰაერო-საკონსტრუქტორო ბიუროში „ოდეერის“ ძალისხმევით გაანეიტრალეს ჯაშუშთა ოთხკაციანი, კარგად ორგანიზებული ჯგუფი. ისინი საფრანგეთის დაზვერვისთვის საიდუმლო ნახაზების გადაცემას გეგმავდნენ და დროულად იქნენ გაუვნებელყოფილები.

შემდგომ, უკვე საქართველოს „ცეკას“ პირველი და ამიერკავკასიის „ცეკას“ პირველი მდივნობისას ბერიამ „ოდეერის“ ინსტიტუტი უფრო მეტად დახვეწა და ლავრენტი პავლოვიჩმა ზუსტად იცოდა, თუ ვინ რას ფიქრობდა და არა მარტო საქართველოში, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.

მოგვიანებით, როდესაც სტალინმა შეიტყო ბერიას ინოვაცია, ბელადს ძალიან მოეწონა ეს ამბავი. ბრძანა სასწრაფოდ დაენერგათ რუსეთში და შემდგომ უკვე მთელ საბჭოთა კავშირშიც. აი, სწორედ, ამგვარად გავრცელდა „ოდეერის“ ინსტიტუტი მთელ საბჭოეთზე და მან საკმაოდ დიდი სამსახური გაუწია ქვეყანას. ძირითადად, რა თქმა უნდა, ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით... მოგვიანებით, როცა ბერიას ფალსიფიცირებულად ასამართლებდნენ და ათას სისულელეში სდებდნენ ბრალს, ერთ-ერთ ბრალდებად ეგრეთ წოდებული, „შიდა ჯაშუშური ქსელის“ შექმნაში დაადანაშაულეს, რომელიც თითქოსდა, უცხო ქვეყნის დაზვერვებს ემსახურებოდა. მოგვიანებით, მიხვდნენ, რა ამ ბრალდების აბსურდულობას, ის მოუხსნეს. თუმცა, ამით ხრუშჩოვისეულ მართლმსაჯულებას ღირსება არ მომატებია და ბერია უღირსებმა „გაასამართლეს“ და მისი ტალახში ამოსვრით სცადეს საკუთარი დანაშაულების მიჩქმალვა და სახელის შენარჩუნება, რაც არ გამოუვიდათ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი