ბელადები

როგორ შეიქმნა ბერიას ძალისხმევით ფაშისტურ გერმანიაში ერთ-ერთი საჯაშუშო ქსელი

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 14.01, 2021 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

  მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას საბჭოთა კავშირის მმართველ იერარქიაში არაერთი თანამდებობა ეკავა, ის ყველგან მაინც ძალოვანი სტრუქტურის სპეციფიკური მეთოდებით მოქმედებდა და მისი, როგორც აღზევების, ასევე დაცემის საიდუმლოც, სწორედ,  იქ უნდა ვეძებოთ... 

ისტორიის დოქტორი ანატოლი მასლოვი წერს: „როგორც არ უნდა მივუდგეთ ბერიას, მის მრავალწახნაგოვან პორტრეტს, ის მაინც საბჭოთა უშიშროების შეფი იყო. ამ სტრუქტურის მოდერნიზატორი და ყველა თავის მოქმედებას ამ ფუნდამენტზე დაყრდნობით ახორციელებდა. ბერიას, რომ იტყვიან, სისხლში ჰქონდა გამჯდარი „ჩეკისტობა“ და მიაჩნდა, რომ ნებისმიერი საქმის წარმატებას მისი (ამ საქმის) საიდუმლო მხარე განაპირობებდა. ეს – ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი – ლავრენტი ბერია ნებისმიერ, ერთი შეხედვით ყოვლად უწყინარ, ჰუმანურ და სპეცსამსახურებისგან შორს მდგომ საქმეშიც კი „ჩეკისტურ“ შტრიხს ამატებდა და სადაზვერვო თუ სხვა საიდუმლო მიზნებისთვის იყენებდა. მაგალითად, საქართველოს „ცეკას“ პირველი და ამიერკავკასიის „ცეკას“ პირველი მდივნობის პერიოდში, 1935 წელს, უკვე ფაშისტურ გერმანიაში, ზაფხულის ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე, ივლისის თვეში სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა მოეწყო. იქ წარდგენილი იყო ქართული და სომხური კონიაკები. ქართულმა კონიაკმა ოქროს, ხოლო სომხურმა კი – ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. სექტემბრის თვეში კი ბერიამ ბერლინიდან წერილი მიიღო – გერმანელი კერძო მეწარმეები საქართველოს პარტიულ მეთაურს მცირე ზომის საწარმოს შექმნას სთავაზობდნენ, სადაც ქართული ტექნოლოგიით ჩამოსხმულ კონიაკს დაამზადებდნენ.

ბერიამ სპეციალურად ამ საკითხზე სტალინს ჩააკითხა მოსკოვში. ორი საათი ესაუბრა მას და თანხმობაც მიიღო. შემდეგ უკვე ოქტომბრის მიწურულს ბერლინში კონიაკის რამდენიმე ქართველი ტექნოლოგი ჩავიდა. ისინი ერთკვირიანი ვოიაჟის შემდეგ უკან დაბრუნდნენ და უკვე გერმანელებისგან ოფიციალურად გაფორმებული დოკუმენტაცია ჩამოიტანეს კონიაკის ჩამოსასხმელი ორი საწარმოს გახსნის თაობაზე ბერლინსა და მიუნხენში.

და 1937 წლის თებერვალში ამ ორ ქალაქში ასეთი საწარმოები მართლაც გაიხსნა. მათში ტექნოლოგებად ქართველი სპეციალისტები მუშაობდნენ. მუშებად კი – ადგილობრივები. იქ ყოველდღიურად 100-100 ლიტრი კონიაკი ისხმებოდა ნახევარლიტრიან ექსკლუზიურ ბოთლებში, რომელთა ეტიკეტზე „გეორგია“ ეწერა. სასმელი 4 მარკა ღირდა, რაც იმ დროისთვის ძალიან ძვირი იყო, თუმცა მალევე იყიდებოდა.

ეს სასმელი დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც გერმანულ არისტოკრატიაში, ასევე ფაშისტ ძალოვნებს შორის. განსაკუთრებით კი გერმანული საგარეო დაზვერვის შეფს ვალტერ შელენბერგს უყვარდა, რომელიც ამერიკულ სიგარეტ „ქემელთან“ ერთად, ხშირად, „გეორგიას“ სვამდა ხოლმე.

სხვათა შორის, როდესაც 1940 წელს ბერია ბერლინში ჩავიდა და თავის კოლეგებს შეხვდა, ჰენრიხ ჰიმლერთან აუდიენციისას, მას მაგიდაზე „გეორგია“ დაუდგეს და როგორც რაიხსფიურერმა ჰიმლერმა, ასევე ვალტერ შელენბერგმა დიდად შეაქეს ქართული კონიაკი.

ეს, რაც შეეხება ამ საკითხის ხილულ მხარეს. მთავარი და დაფარული ამაში კი ის იყო, რომ ქართული კონიაკის წარმოება ფაშისტურ გერმანიაში საფარი, შირმა იყო სადაზვერვო საქმიანობის წარმოებისთვის. სინამდვილეში, ქართული კონიაკის ტექნოლოგების ძირითადი საქმიანობა სულ სხვა იყო, ისინი საბჭოთა დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ და ფაშისტურ გერმანიაში თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ. მათ მთელი გერმანიის ტერიტორიაზე შეუზღუდავი გადაადგილების უფლება ჰქონდათ. ამას კი ისინი დიდი წარმატებით იყენებდნენ დაზვერვითი საქმიანობისთვის.

სწორედ, ამ კუთხით წარუდგინა ბერიამ სტალინს ქართული კონიაკის პროექტი გერმანიაში და თანხმობაც ამის გამო მიიღო. ქართველმა მზვერავ-ტექნოლოგებმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავეს ფაშისტურ ქვეყანაში და ოთხი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უმძლავრესი საჯაშუშო-დივერსიული ქსელი შექმნეს ადგილობრივი მოქალაქეებისგან. ქართული კონიაკის წარმოება ომის გამო შეწყდა და ტექნოლოგები (მზვერავები) სამშობლოში დაბრუნდნენ. თუმცა, მათ მიერ შექმნილი ქსელები ომის ბოლომდე მოქმედებდნენ. ხოლო გერმანიის გაყოფის შემდეგ მათმა ნაწილმა ფედერაციულ გერმანიაში განაგრძო ფარული საქმიანობა. მეორე ნაწილი კი დემოკრატიული გერმანიის ახლად შექმნილ უშიშროების სამსახურს დაექვემდებარა.

სხვათა შორის, როდესაც, 1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერზე წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა, სტალინმა ფაშისტი ფიურერის სიცოცხლის დაცვა ბერიას დაავალა. საბჭოთა ბელადს ჰიტლერი ომის გასაგრძელებლად და ევროპის გასაწითლებლად სჭირდებოდა. ბერიას ბრძანებით, სწორედ, ერთ-ერთი ეს ჯგუფი ასრულებდა ამ დავალებას. მათ ორი ტერაქტის ინფორმაცია მოიპოვეს და ფარულად „გესტაპოს“ გადასცეს, რითაც ჰიტლერს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. სხვათა შორის, ომის დაწყების პირველ თვეებში, როდესაც ჰიტლერი მოსკოვს მიადგა, ამავე ჯგუფებს მიეცათ მითითება, რომ ჰიტლერზე ტერაქტი მოემზადებინათ და შემდგომ ეს ბრძანება გაუქმდა.

ერთი სიტყვით, ლავრენტი ბერიას მრავალმხრივი მოღვაწეობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სპეცსამსახურების ფუნდამენტზე იყო დამყარებული და ბედის ირონიაა ის, რომ ამ ტოტალური კონტროლის აპარატის მფლობელმა საკუთარი სიცოცხლის დაცვა ვერ შეძლო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი