ბელადები

როგორ შეაცვლევინა სტალინმა ლენინს აზრი ბრესტ-ლიტოვსკის ზავზე

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 13.04, 2023 წელი

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

სტალინი ძლიერი პოლიტიკოსი იყო და მას ყველა ის თვისება ჰქონდა, რაც სახელმწიფოს მართვისთვისაა აუცილებელი. სწორედ ამიტომ მიაღწია მან დიდ წარმატებას თავის ხანგრძლივ პოლიტიკურ კარიერაში.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი, უპირველეს ყოვლისა, მმართველი იყო და რა დასამალია, მკაცრი, სასტიკიც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანი ვერ ააშენებდა ასეთ უზარმაზარ ქვეყანას იმ შორეულ, ბობოქარ პერიოდში. თუმცა, იმავდროულად, სტალინი იყო ძალიან გონიერი, ეშმაკი და შეიძლება ითქვას, ვერაგი მოთავმაშე იმ მინდორზე, სადაც ახლად შექმნილი ქვეყნის დამფუძნებლები (ბოლშევიკები) ერთმანეთს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ეცილებოდნენ. ამ ბრძოლაში რომ ორი მთავარი ფიგურა იყო გამოკვეთილი – სტალინი და ტროცკი, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. მათ პაექრობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ამიტომ ამ ბრძოლის პერიპეტიების აღწერას არ შევუდგები. მოვიყვან მხოლოდ ერთ დეტალს, რამაც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა ტროცკის დამარცხებასა და სტალინის შემდგომ ტრიუმფში. მხედველობაში მაქვს ბრესტ-ლიტოვსკის ზავი და ამ ხელშეკრულებას სწორედ ტროცკიმ მოაწერა ხელი. თუმცა ლევ დავიდოვიჩ ბრონშტეინს (ტროცკის) ამის გაკეთება სულაც არ უნდოდა“.

ბრესტ-ლიტოვსკის ზავი რუსეთის ისტორიაში იყო ყველაზე კაბალური და სამარცხვინო, რაზედაც კი ამ ქვეყანას (საბჭოთა კავშირიანად) ხელი მოუწერია. ამ ზავის შედეგად რუსეთმა თავისი უზარმაზარი ტერიტორიების მეოთხედზე მეტი (28 პროცენტი) დაკარგა. თანაც, უზარმაზარი რეპარაციაც დაეკისრა, რაც გაღატაკებული ქვეყნისთვის დამღუპველი იყო. ბოლშევიკების ძალაუფლების ხელში აღებიდან ერთი წელიც არ იყო გასული და რომ შეენარჩუნებინათ, პირველი მსოფლიო ომიდან გამოსვლა სჭირდებოდათ და ეს ხელშეკრულება სწორედ ამას ემსახურებოდა. აუცილებელი იყო, რომ არმია ქვეყანაში დაებრუნებინათ, რათა შიდა მტრებს გასწორებოდნენ. ამგვარად, ახალი ხელისუფლება დიდი დილემის წინაშე იდგა და გადაწყდა, ზავი დაედოთ.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ბრესტ-ლიტოვსკის ზავის დადებას წინ უძღოდა პოლიტბიუროს საგანგებო სხდომა, რომელიც ერთადერთი ორსაათიანი შესვენებით, 18 საათს გაგრძელდა და მასზე უმწვავესი დებატები გაიმართა. როდესაც წაიკითხეს, ეგრეთ წოდებული, „ცენტრალური სახელმწიფოების“ (შემდგომში სწორედ მათსა და საბჭოთა რუსეთს შორის დაიდო ეს ზავი) მოთხოვნები, თითქმის ყველა მონაწილე ამ პირობების შესრულების ამის წინააღმდეგი წავიდა. განსაკუთრებით კი ტროცკი აქტიურობდა და ომის გაგრძელებას მოითხოვდა. ლენინი მხოლოდ უსმენდა კოლეგებს და თავისი აზრის გამოთქმისგან თავს იკავებდა. ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილი იყო ომის გაგრძელება და ლენინიც უმრავლესობის მხარეზე გადაიხარა. რჩებოდა მხოლოდ კენჭისყრა, რაც იქ არსებული მდგომარეობის ფორმალურ დეტალს წარმოადგენდა, აშკარა იყო, ომის გაგრძელებას მხარს დაუჭერდნენ. ამ დროს სტალინმა აიღო სიტყვა და კოლეგებს მოუწოდა, რომ ცოტა შეესვენათ და მხოლოდ ამის მერე ჩაეტარებინათ კენჭისყრა. ლენინმა შესვენება გამოაცხადა და სხდომის მონაწილეები 2 საათით დაიშალნენ. ხოლო, როდესაც სხდომა განახლდა, პირველი სიტყვა ლენინმა აიღო. მან 30 წუთი ილაპარაკა და კენჭისყრა რომ გაიმართა, უმრავლესობამ ზავს დაუჭირა მხარი. შესვენების 2 საათი ლენინმა და სტალინმა ერთად გაატარეს ილიჩის (ლენინის) კაბინეტში და ლენინს აზრი სწორედ ამის შემდეგ შეეცვალა“.

რა მოხდა ლენინის კაბინეტში და რაზე ილაპარაკეს ლენინმა და სტალინმა, ამაზე დიმიტრი ვოლკოგონოვი მოგვითხრობს: „კრუპსკაიას (ლენინის მეუღლე) ჩანაწერებით, სადაც ლენინის მონათხრობია გადმოცემული, ირკვევა, რომ სტალინმა დეტალურად გაუშიფრა ილიჩს, თუ რა მოხდებოდა, თუკი საბჭოთა რუსეთი ომიდან არ გამოვიდოდა და დაარწმუნა, რომ ბოლშევიკები ძალაუფლებას დაკარგავდნენ. ძალაუფლების დაკარგვა კი ლენინს არ უნდოდა და სტალინის არგუმენტები სრულად გაიზიარა. სწორედ ლენინის ავტორიტეტმა და მუქარამ, რომ თანამდებობიდან გადადგებოდა, აიძულა პოლიტბიუროს უმრავლესობა, დათანხმდებოდა ამ სეპარატისტულ ზავს. წინააღმდეგი მხოლოდ ტროცკი იყო. მაგრამ ის მარტო ვერაფერს გააწყობდა. ლენინს სტალინისთვის უკითხავს, ტერიტორიები რომ ჩამოგვერთმევაო? რაზეც სტალინს უპასუხია: არა მარტო იმ მიწებს, სამჯერ მეტს დავიბრუნებთ, მაგრამ ჯერ ხელისუფლება უნდა შევინარჩუნოთო.

სტალინმა კიდევ ერთი ეშმაკური კომბინაცია გაითამაშა და ლენინის რეკომენდაციით, ზავის დასადებად სწორედ ტროცკი გაგზავნეს, რომელიც ამის წინააღმდეგი იყო. თუმცა, ეს პოლიტბიუროს უმრავლესობამ გადაწყვიტა, რასაც ტროცკი წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. ამგვარად, ამ სამარცხვინო ზავს ტროცკის ხელმოწერა შემორჩა. წლების მერე კი, როდესაც ტროცკი ყველა თანამდებობიდან მოხსნეს და დიდი ძალაუფლება გამოაცალეს ხელიდან, სტალინმა მას სეპარატისტი უწოდა და ფაქტად ბრესტ-ლიტოვსკის ზავი მოიყვანა. ტროცკი, რა თქმა უნდა, ამბობდა: მე ეს არ მინდოდა და პოლიტბიუროს ნებას დავემორჩილეო. მაგრამ სტალინს კონტრპასუხი უკვე მზად ჰქონდა და მიახალა: არასწორს, პოლიტბიუროს გადაწყვეტილებასაც კი არ უნდა დაემორჩილო და ასეთი მერყევი კაცი კიდევ უფრო საშიშია ქვეყნისთვისო. ტროცკი პირწმინდად დამარცხდა. სტალინმა კი ლენინისთვის ნათქვამი სიტყვა გადაჭარბებით შეასრულა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი