ბელადები

როგორ შეაძულა სტალინმა ლათინოამერიკელებს ამერიკის შეერთებული შტატები

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.08, 2022 წელი

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ისეთი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ზუსტად იცოდა, თუ რა სიტუაციებში როგორ ემოქმედა და რა ადეკვატური პასუხი გაეცა მოწინააღმდეგისთვის მის ამა თუ იმ მოქმედებაზე.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „როცა ჩვენმა მოკავშირეებმა ყველა ძირითადი შეთანხმება დაარღვიეს, რაც ყირიმსა და პოტსდამში იქნა მიღწეული, აღარც სტალინმა დაუწყო მათ ლოლიავი და პროსაბჭოური, ევროპაში მძლავრი ორბიტის შექმნას შევუდექით. ამერიკამ ეს ნაბიჯი თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ მიიჩნია და შეფარული მოქმედებებიდან აშკარა საბოტაჟზე გადავიდა. ამას „მარშალის გეგმა“ მოჰყვა და შედეგად ევროპა ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბანაკად დაიყო. ეს კი რადიკალურად ცვლიდა ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივას. თანაც, ამერიკისა და სხვა დასავლური სპეცსამსახურები აძლიერებდნენ ჯაშუშურ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, იძულებული ვიყავით, სასწრაფოდ მოგვეძებნა ადეკვატური ზომები, რომ ამ ზეწოლისთვის გაგვეძლო და აღმშენებლობის ის ტემპი არ დაგვეკარგა, რომელიც ომის დასრულებისთანავე ავკრიფეთ. გამოსავალი აქაც სტალინის გენიამ მოძებნა...“

„მარშალის გეგმის“ დანიშნულება იყო მიწასთან გასწორებული გერმანიის ფეხზე დაყენება და ევროპის იმ ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა, რომლებიც პროდასავლურ ორბიტაზე იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ამ გეგმას უნდა ეჩვენებინა პროსაბჭოური ევროპისთვის დასავლური ცხოვრების წესის უპირატესობა – კეთილდღეობა, სიტყვის თავისუფლება და სხვა ღირებულებები. ამან ჯეროვანი შედეგი გამოიღო. ომისგან გაწამებული ევროპელები კარგი ცხოვრებისკენ მიისწრაფვოდნენ და საბჭოეთს პრობლემებს უქმნიდნენ. იმართებოდა დიდი საპროტესტო გამოსვლები „რუსების“ (საბჭოთა კავშირის) წინააღმდეგ. ყალიბდებოდა არალეგალური ორგანიზაციები და საბჭოური პოლიტიკა ძალიან დიდ სირთულეებს განიცდიდა. ეს არც იყო გასაკვირი. თავად მიწასთან გასწორებული საბჭოეთი აღმშენებლობის ნაბიჯებს დგამდა. თანაც ატომურ იარაღზე მუშაობდა, რაც ასევე კოლოსალურ ფინანსებს შთანთქავდა. პროსაბჭოური ორბიტის ქვეყნების შენახვა კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო და გამოსავლის პოვნა ურთულეს საქმეს წარმოადგენდა. სტალინმა შესანიშნავად იცოდა, რომ ამ ანტისაბჭოური ქმედებების ავანგარდში შეერთებული შტატები იდგა. ისინი ამას არც მალავდნენ. ამიტომ, საჭირო გახდა მათი ბოლომდე შეჩერება თუ არა, მათი მოქმედებების შენელება და საბჭოთა ბელადმა ამ სვლას მიაგნო.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინის გენიალური გადაწყვეტილება იყო, შეერთებული შტატებისთვის მისსავე კონტინენტზე დაერტყა, ანუ მისთვის საკუთარ სახლშივე შეექმნა პრობლემები, ამით კი მისი ყურადღება ევროპისგან შორს გადაეტანა. ჩვენ კი ამასობაში ძალებს აღვიდგენდით და დროს მოვიგებდით. მე გავიხსენებ ერთ დიალოგს, თანაც მას კომენტარებს გავუკეთებ, რომ უფრო მისახვედრი იყოს. 1948 წლის ივლისის მიწურული იყო. სტალინი გაგრაში იმყოფებოდა. მე მოსკოვში ვიყავი. საღამო ხანი იყო. „ვეჩემ“ (სამთავრობო ტელეფონი) დარეკა და ყურმილი რომ ავიღე, სტალინის ხმა მომესმა:

– მუშაობ? – მკითხა სტალინმა.

– ვმუშაობ, კობა. როგორ ხარ? – ვკითხე მე.

– ახლავე გამოფრინდი. გელოდები. სოხუმში ვლასიკი დაგხვდება. თვითმფრინავი უკვე მზადაა და ჩკალოვის აეროდრომზე გელოდება, – მითხრა სტალინმა და ტელეფონი გათიშა.

სტალინთან მოულოდნელი გამოძახებები ჩემთვის სიახლე არ ყოფილა, მაგრამ ცოტა არ იყოს შევშფოთდი. საათს დავხედე და ღამის თორმეტის ნახევარი იყო. ავდექი და აეროდრომისკენ გავეშურე. სოხუმში რომ ჩავფრინდი, უკვე თენდებოდა. სტალინის აგარაკზე გათენებულზე მივედი. ის ფანჩატურში იჯდა და „ხვანჭკარას“ სვამდა. ხელით მანიშნა, დაჯექიო. ღვინო დამისხა და მითხრა:

– მალე ბერია მოვა. დაველოდოთ. მანამდე კი ღვინო დავლიოთ.

ბერია 10 წუთში შემოგვიერთდა და ჩემდა გასაოცრად, ლათინური ამერიკის კონტინენტის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ მოახსენა, სადაც ამერიკული კომპანიები უმოწყალოდ მოიპოვებდნენ ადგილობრივ სიმდიდრეს. სტალინმა რომ ყველაფერი მოისმინა, მითხრა:

– გესმის, იქ რა ხდება? ჩვენ ამ ხალხს სპეციალისტებს გავუგზავნით. დავეხმარებით საკუთარი სიმდიდრის დაუფლებაში და ამერიკელებს გაყრიან. შეუქმნიან პრობლემებს, შესაბამისად კი ისინი ჩვენზე ზეწოლას შეანელებენო.

ერთი სიტყვით, ჯერ დიპლომატიური ურთიერთობები ავაწყვეთ ამ ქვეყნებთან. შემდგომ იქ გეოლოგები, გეოდეზისტები, გეოფიზიკოსები და სხვა ამ პროფილის სპეციალისტები მივავლინეთ, წიაღისეულების რუკები შევუდგინეთ და სიმდიდრეების მოპოვებაშიც დავეხმარეთ. ამან კი მათი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია და ამერიკელები აღარ სჭირდებოდათ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე მათზე გადაიტანა ზეწოლა. ამისთვის დიდი რესურსები დახარჯეს და ჩვენ ცოტა ამოვისუნთქეთ. ცოტა ხანში კი მთელ ლათინურ ამერიკას სძულდა შეერთებული შტატები. სტალინს კი აღმერთებდნენ.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი