ბელადები

როგორ შეაჩერებინა სტალინმა ჰიტლერს მოსკოვზე შეტევა

№6

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 16.02, 2023 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო და ძირითადად ის ასრულებდა, როგორც ოფიციალურ შეთანხმებებს, ასევე მიცემულ სიტყვასაც. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ის ბლეფზეც კი წასულა და ეს ტყუილი სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარეობდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „არავისთვისაა საიდუმლო ის ფაქტი, რომ ჰიტლერული არმიების ჩვენს ქვეყანაში შემოჭრის პირველ თვეებში ფრონტებზე კატასტროფული მდგომარეობა იყო შექმნილი. წითელი არმიის გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ ძალიან წაგებიან მდგომარეობაში ვიმყოფებოდით და სულ რაღაც 4 თვეში ფაშისტები მოსკოვს მიადგნენ. ერთი შეტევაც და ისინი დედაქალაქს აიღებდნენ. ხოლო მაშინდელი ძალთა თანაფარდობით, ჰიტლერელებს ამის გაკეთება ძალუძდათ. თუმცა მოხდა საოცრება. ფაშისტებმა შეტევა გააჩერეს, შემდეგ დიდი ყინვები დაიჭირა და ამის (შეტევის) განხორციელება ურთულესი გახდა. ამ ყველაფერს კი ის დაემატა, რომ მოხდა ჩვენი ჯარების კონცენტრაცია, სამხედრო ტექნიკის თავმოყრა და განხორციელდა კონტრშეტევა. ფაშისტები მოსკოვის მისადგომებიდან განიდევნენ და მათ სტრატეგიული ინიციატივა დაკარგეს. მრავალ სამხედრო ექსპერტს დღემდე ვერ აუხსნია, თუ რატომ გააჩერებინა ჰიტლერმა ბოლო შეტევა. ამის მიზეზი კი სტალინი იყო - ბელადის მიერ ოსტატურად, არ შემრცხვება ამის თქმა, გროსმაისტერულად გათამაშებული პოლიტიკური კომბინაცია...“

დღემდე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა თუ იცოდნენ სტალინური კომბინაციის შესახებ. ეს კი ასე იყო: ბელადმა ჰიტლერს ხმა მიაწვდინა, რომ თუკი საომარ მოქმედებებს გააჩერებდა, მაშინ მასთან (ჰიტლერთან) შეთანხმების შედეგად, მნიშვნელოვან ტერიტორიულ დათმობებზე წავიდოდა... ჰიტლერმა „ჭამა“. მოსკოვთან შეტევა გააჩერა და სტრატეგიული ინიციატივაც დაკარგა...

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „მოსკოვთან კატასტროფული მდგომარეობა იყო შექმნილი. მტერს ერთი ნახტომი სჭირდებოდა და დედაქალაქს დავკარგავდით. ამ ნახტომის გაკეთება კი შეეძლოთ, ემზადებოდნენ კიდეც და ჩვენც (მთავრობა) კუიბიშევში საევაკუაციოდ ვემზადებოდით. ერთ-ერთ შეკრებაზე, როცა კაგანოვიჩი ევაკუაციის მზადებაზე მოხსენებას აკეთებდა, სტალინმა სიტყვა გააწყვეტინა და გამოაცხადა:

— არსადაც არ მივდივართ და აქ ვრჩებით. მოსკოვი მტერს არ უნდა ჩავუგდოთ ხელში, ან სიკვდილი ან გამარჯვება. თათბირი დასრულებულია, თავისუფლები ხართ, გარდა ბერიასი და მოლოტოვის.

დანარჩენები რომ წავიდნენ, მე და ბერიას სტალინმა გვითხრა: მოსკოვის დათმობა არ შეიძლება. ჰიტლერს უნდა შევპირდეთ და დავაჯეროთ, რომ მნიშვნელოვან ტერიტორიულ დათმობებზე წავალთ. ეს ბერიას უწყებამ უნდა გააკეთოს და შენი უწყება კი მხარდამჭერი იქნებაო.

ერთი სიტყვით, ბულგარეთის ელჩის მეშვეობით, ფაშისტებს ეს ინფორმაცია მივაწოდეთ. იმავდროულად, ჩემმა დიპლომატებმა ეს ინფორმაცია ჩიანოს მიაწოდეს. ჩიანო, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი და მუსოლინის სიძე იყო. ჩიანომ ეს მუსოლინის აუწყა, დუჩემ კი ფიურერს. შემდგომ წამოვიდა უკუკავშირი — ჰიტლერი, მუსოლინი, ჩიანო... ფაშისტმა ფიურერმა ჩიანოს სტალინთან შეხვედრა სთხოვა, რომ საბჭოთა ბელადისგან მიეღო დაპირება და ეს შეხვედრაც შედგა...“

ჩიანო მოსკოვში ოქტომბრის დასაწყისში საიდუმლოდ ჩავიდა. საბჭოთა ბელადს კრემლში შეხვდა და მათ 6 საათის განმავლობაში ისაუბრეს. შემდგომ კი ჩიანო უკან გაემგზავრა. მეორე დღეს კი მოსკოვის მისადგომებთან ბრძოლები შეწყდა და მხოლოდ კანტი-კუნტად ისროდნენ ავტომატებიდან...

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინმა და ჩიანომ 6 საათი პირისპირ ისაუბრეს და მისი შინაარსი მოგვიანებით მომიყვა სტალინმა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს სტალინმა უთხრა, რომ ჰიტლერს შეხვდებოდა ნებისმიერ ადგილზე. თუნდაც მას ბერლინში ეწვეოდა. ხოლო სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად კი, სთხოვა, დროებით მაინც შევაჩეროთ ბრძოლაო. მთავარი შეტევის შეჩერება იყო და სანამ ჰიტლერი სტალინისთვის წასაყენებელ მოთხოვნებს ამუშავებდა და მოსკოვზე შეტევა გააჩერა, ჩვენ დიდი ძალები გადავისროლეთ მოსკოვთან. მძლავრ ტექნიკას მოვუყარეთ თავი და მხოლოდ მაშინ მიხვდა ჰიტლერი, თუ რა მოხდა, როცა იქით შევუტიეთ.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი