როგორ პიარ-ტექნოლოგიებს ჩაუყარა საფუძველი ლავრენტი ბერიამ
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 03.08

ლავრენტი ბერია რომ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო, ამაზე არავინ დაობს და რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტი პოზიტიური ინფორმაცია ჩნდება ამ ადამიანის შესახებ. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ნაუმ კრასოვსკი წერს: „ლავრენტი პავლეს ძე ბერიას გენიალურობა მხოლოდ მისი ორგანიზატორულ-საშემსრულებლო ნიჭით არ შემოიფარგლებოდა და ეს ადამიანი უდიდესი ინოვაციური აზროვნებით იყო დაჯილდოებული. ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება სიახლე და დიდი მოულოდნელობა იმ ფაქტის გაგება, რომ სწორედ ლავრენტი ბერია იყო საბჭოთა კავშირში თანამედროვე „პიარის“ მამამთავარი და სწორედ მან (ბერიამ) დაამუშავა ეს კონცეფცია ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში“...
ისტორიკოსი როი მედვედევი წერდა: „რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ფაქტია, რომ სწორედ ლავრენტი ბერიამ ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე პიარ-ტექნოლოგიებს და ის (ბერია) ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ახორციელებდა ისეთ პიარ-კამპანიებს, რისი გაკეთებაც ზოგჯერ დღესაც კი არ ხელეწიფებათ. ბერიას ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი აქცია თბილისისა და მისი შემოგარენის გამწვანება იყო. ჯერ კიდევ ბერიას საქართველოს ცეკას პირველ მდივნად დანიშვნიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ბერიამ რადიოს პირდაპირ ეთერში თბილისის მოსახლეობას მოუწოდა, მასობრივად გამოსულიყვნენ დედაქალაქის გამწვანების სამუშაოებზე.
1931 წლის 21 ნოემბერს, შაბათს, მზიან დღეს კი გრანდიოზული შაბათობა მოაწყო. 50 ათასი თბილისელი გამოვიდა ქუჩებში ნიჩბებით და ქალაქის ყველა რაიონში მოწყობილი დროებითი სანერგეებიდან 20-20 ფიჭვის, ნაძვის, ჭადრისა და სხვა ხეების ნერგებით შეესიენ როგორც მთაწმინდის მთების ფერდობებს, ასევე, საქართველოს დედაქალაქის შემოგარენს და იმ დღეს თბილისში მილიონი ხე დაირგო... ნიშანდობლივი და საინტერესო კი ისაა, რომ მთელი შაბათობის განმავლობაში ლავრენტი ბერია და მთელი მისი აპარატის თანამშრომლები რიგით მოქალაქეებთან ერთად შრომობდნენ, ხეებს რგავდნენ და ამ გრანდიოზული აქციის სრულფასოვანი მონაწილეები იყვნენ... მე ბერიას ხოტბა-დიდებას ვერავინ დამაბრალებს, მაგრამ ფაქტია, რომ ალბათ, იმ დღეს ჩაეყარა საფუძველი ლავრენტი ბერიას დიდ პოპულარობასა და სახალხო სიყვარულს საქართველოში“.
უცნაურია, არა? ბერია სახალხო სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდაო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ამას ვერავინ გაექცევა, თუ, რა თქმა უნდა, ხრუშჩოვისეულ ანტიბერიულ პიარსა და ცილისწამებას გვერდზე გადავდებთ და ნამდვილ ფაქტებს დავეყრდნობით... ლავრენტი ბერია, როგორც უკვე აღვნიშნე, თავის პიარს კონკრეტული საქმეებით ამაგრებდა, ანუ მართლა საქმეს აკეთებდა და თანამედროვე მმართველებისგან განსხვავებით, უკვე ათასგზის გახსნილ ფაბრიკა-ქარხანას კი არ „ხსნიდა“ კინოკამერების წინ (მაშინ ტელევიზია არ იყო), არამედ რეალურ საქმეებს აკეთებდა... გასული საუკუნის 30-იან წლებში, ანუ მასობრივი ენთუზიაზმის ეპოქაში, ბერია პირველი მიხვდა, რომ ამ სულის (ენთუზიაზმის) შენარჩუნებასა და გაძლიერებას დიდი მხარდაჭერა სჭირდებოდა და სწორედ საქართველოში ჩაეყარა საფუძველი მძლავრ პუბლიცისტურ კინოდოკუმენტალისტიკას, რომელიც მასებს უჩვენებდა, თუ როგორ უნდა ეშრომათ ბედნიერი მომავლისთვის და როგორი ბედნიერი იქნებოდა ეს მომავალი... ცნობილია, რომ როდესაც სტალინს უჩვენეს თბილისისა და მისი შემოგარენის მასობრივი გამწვანების კადრები, საბჭოთა ბელადზე ამას უდიდესი შთაბეჭდილება მოუხდენია და ვოროშილოვისთვის უთქვამს: ამ საქმეში დიდი რეჟისორისა და შემსრულებლის როლი იკვეთება და ვფიქრობ, გარკვეული დროის მერე ამ რეჟისორს მოსკოვში გადმოვიყვანო... მოსკოვში ბერია სტალინმა ამ ფრაზის წარმოთქმიდან ზუსტად 7 წლის მერე გადაიყვანა. მანამდე კი საქართველოში აკეთებინა საქმეები და გულდასმით აკვირდებოდა და სწავლობდა მის საქმიანობას... პარალელურად კი, უკვე მოსკოვში, ასევე, რუსეთისა და უკრაინის სხვადასხვა მხარეში მიმდინარეობდა ბერიას გამოცდილების გაზიარება. ათასობით საბჭოთა პატრიოტი მუშაკი ახორციელებდა მასობრივ ღონისძიებებსა და პიარ-პროპაგანდას, რის გამოც ქვეყანაში (საბჭოთა კავშირში) მოსახლეობის იდეურ-პოლიტიკური და მორალურ-ფსიქოლოგიური განწყობა ისე ამაღლდა, რომ სტალინის მიერ წამოწყებული ტოტალური ინდუსტრიალიზაცია რეკორდულად მოკლე დროში განხორციელდა... როი მედვედევი წერს: „ხრუშჩოვი და სხვა თანამდებობის პირები, ძირითადად, ეგრეთ წოდებულ, „გაბერილ პროპაგანდაზე“ მუშაობდნენ. რბილად რომ ვთქვათ, ხალხს ატყუებდნენ. ბერია კი მხოლოდ რეალურ საქმეზე ამყარებდა თავის პიარს, ხალხს არ ატყუებდა და სწორედ ამით მოიპოვა საყოველთაო-სახალხო აღიარება. მსგავსი, ჩვეული ტყუილის გამო ხრუშჩოვი 1936 წლის მარტში სასწაულებრივად გადაურჩა უმკაცრეს სასჯელს, შესაძლოა, დახვრეტასაც კი... „იყო რა მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივანი, ათეულ ათასობით ადამიანი გამოიყვანა, ვითომდა სრული ანაზღაურებით, მოსკოვის დასასუფთავებლად და მათ არაფერი გადაუხადა. დაიწყო მასობრივი ჩივილები და ამ საქმემ სტალინის ყურამდეც მიაღწია. სტალინის ბრძანებით, „გადაგდებული“ ხალხი ანაზღაურებით დააკმაყოფილეს. ხრუშჩოვს კი მკაცრი საყვედური გამოუტანეს და ერთი კვირა მოსკოვს ალაგებინებდა...“
ხრუშჩოვის ისტორია საგულისხმო ფაქტია და ალბათ, სწორედ ამიტომ ვერ იტანდა ხალხი ხრუშჩოვს და უყვარდათ ბერია (ყოველ შემთხვევაში, საქართველოში). მაგრამ ისტორიის ჩარხი უკუღმა დატრიალდა და ხრუშჩოვი ბერიას ცილისმწამებელი და ჯალათი გახდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან