ბელადები

როგორ პასუხობდა სტალინი დასავლეთის ნებისმიერ ანტისაბჭოთა ნაბიჯს

№8

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 02.03, 2023 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

სტალინი აბსოლუტურად ადეკვატური ადამიანი იყო. მოწინააღმდეგის ყველა სვლას საპირწონედ პასუხობდა და არავის არასდროს რჩებოდა ვალში...

იაკობ კედმი: „სტალინი რის სტალინი იქნებოდა, სენტიმენტებს რომ აჰყოლოდა ან დარტყმაზე დარტყმით არ ეპასუხა. ის საკმაოდ გამოიწრთო არალეგალური საქმიანობის პერიოდში და შესანიშნავად იცოდა, რომ ამ ბრძოლაში მას მხოლოდ ურყევი ნება და სიმტკიცე გაამარჯვებინებდა. ბელადმა იცოდა, რომ მუდმივი მეგობრები პოლიტიკაში არ არსებობდნენ და ყოველთვის მზად უნდა ყოფილიყო ტოტალური ცვლილებებისთვის. პირველი ასეთი დიდი ცვლილება პოლიტიკურ ურთიერთობებში „ცივი ომის“ დაწყება იყო“.

„ცივი ომი“ დასავლეთმა იმ იმედით დაიწყო, რომ საბჭოთა კავშირს წელში გატეხდა. მაგრამ პირიქით მოხდა და ამან „თამაშგარეთ“ დარჩენილი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა.

აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი: „დასავლეთს „ცივი ომით“ იმედი ჰქონდა, რომ საბჭოთა კავშირს კულტურულ ასპექტში მშრალზე დატოვებდნენ. თუმცა ვერ გაითვალისწინეს, რომ სტალინს უკვე მყარად ჰქონდა დაფუძნებული საბჭოთა კულტურა და ასეთი დეკადანსი არ იყო მოსალოდნელი. საბჭოთა კულტურას კი, უპირველესად, ამყარებდა უდიდესი რუსული კულტურა და იმ რესპუბლიკების ტრადიციული კულტურები, რომლებიც საბჭოეთის შემადგენლობაში შედიოდნენ...“

აკადემიკოსი ლიხაჩოვი კულტუროლოგი იყო. პრინციპში, სწორს ამბობს, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო „დასავლურ გათვლებში“, რომ საბჭოეთი კულტურულზე მეტად ტექნოლოგიურ სიცარიელეში დაეტოვებინათ. ეს კი ამ ქვეყნების (სსრკ-ის) კატასტროფის საწინდარი იყო (შემდგომში ასეც მოხდა).

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ცივი ომით“ დასავლეთმა უპირველესად, ფინანსურ–ეკონომიკური ჩამოშლა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ანგლოამერიკელებს უნდოდათ, რომ საბჭოეთი დასავლეთის ნედლეულის დანამატად გადაებარათ, თუმცა სტალინმა ეს საძირკველშივე აღკვეთა. თუკი მანამდე დასავლეთის ქვეყნები ამერიკულ დოლარებზე ყიდულობდა საბჭოთა ნედლეულს, „ცივი ომის“ დაწყების მერე, სტალინმა მხოლოდ ოქროზე გაყიდვის განკარგულება გასცა. დასავლეთი ამას არ მოელოდა. მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა და რადგან ნედლეული სასიცოცხლოდ სჭირდებოდა, ოქროთი ყიდულობდა ყველაფერს. ამ აქტით სტალინმა საბჭოთა ოქროს მარაგი 50 პროცენტით გაზარდა... სხვათა შორის, არსებობს საკმაოდ არგუმენტირებული ვერსია, რომ სწორედ ამ ფინანსური აქტების, სტალინის მხრიდან ამ ოქროს დემარშის შემდეგ გადაწყვიტეს საერთაშორისო იმპერიალისტურმა ძალებმა სტალინის თავიდან მოშორება და მიაღწიეს კიდეც საკუთარ მიზანს.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის გარდაცვალება დიდი ბურუსითაა მოცული და ალბათ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ასე. თუკი ოდესმე საერთოდ ნათელი მოეფინება ამ ამბავს, რა თქმა უნდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო შეთქმულება. თუკი ეს ასე იყო, მაშინ ამაში „ოქროს დემარშია“ დამნაშავე. ამ ხაზს რომ გავყვეთ უნდა ვთქვათ, რომ სტალინი საბჭოთა კავშირის სიმტკიცის გაძლიერებას შეეწირა...“

გამორიცხული არაა, რომ გენერალი ვოლკოგონოვის ვერსია სტალინის გარდაცვალებაზე სიმართლეს შეესაბამებოდეს, თუმცა ამას მყარი დამამტკიცებელი საბუთები სჭირდება. მაგალითად, აბდურაჰმან ავტორხანოვი თავის გახმაურებულ წიგნში „სტალინის სიკვდილის საიდუმლო“ აცხადებს: სტალინი მოკლულია და ამის შემოქმედი ბერია იყოო... თუმცა ამის დამამტკიცებელი არც ერთი საბუთი არ გააჩნია და მხოლოდ თეორიებით სარგებლობდა...

იაკობ კედმი: „რატომაც არა. საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური მაფია (რბილად ნათქვამია) ცდილობდა, სტალინი, რომელმაც მათი გლობალური გეგმები გარკვეული დროით მაინც ჩაშალა და მათ საკმაოდ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, მოეშორებინა. ამიტომ, მათ შეუკვეთეს საბჭოთა ბელადის ლიკვიდაცია და ბოლომდეც მიიყვანეს ეს საქმე. შემიძლია ისიც დიდი სიზუსტით ვივარაუდო, რომ ამ ჯგუფმა ეს ამოცანა სტალინის უახლოესი გარემოცვის წევრებს გადააწყვეტინა. კონკრეტული სახელების გამჟღავნებისგან მაინც თავს შევიკავებ, თუმცა მათი გამოცნობა არცთუ ისე რთულია...“

კედმის ვარაუდი ავტორხანოვის მტკიცებასთან საკმაოდ ახლოა, თუმცა ესეც მხოლოდ თეორიაა და არც აქ არსებობს მტკიცებულებები. თუკი სტალინი მართლაც შინაურებმა მოკლეს, მაშინ მათ ყველა სამხილი საიმედოდ გააქრეს, მიუხედავად ამისა, არ არსებობს დანაშაული, მით უმეტეს, ისტორიული, რომელსაც დროთა განმავლობაში ფარდა არ აეხდება. თუკი სტალინის წინააღმდეგ სინამდვილეში შეთქმულება შედგა და ბელადიც მოკლეს, მაშინ არც ეს ფაქტი დარჩება დაფარული.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი