ბელადები

როგორ მოუტანა სტალინმა დეკოლონიზაცია მრავალ ქვეყანას

№23

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 13.06

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო. მას მრავალი წლით ადრე შეეძლო, გაეთვალა გლობალური გეოპოლიტიკური მოვლენები და რა თქმა უნდა, თავად უწყობდა ხელს მათ განვითარებას.

არსენ მარტიროსიანი: „მავანი სტალინს მიმტაცებელსა და დამპყრობელს უწოდებს და ეს საკითხი აბსურდამდე დაჰყავთ. ისე ხატავენ ამ ყველაფერს, თითქოს დაპყრობა და დაჩაგვრა ამ ადამიანის თვითმიზანი იყო. სინამდვილეში კი სტალინი ყოველთვის გეოპოლიტიკურ კარტს ათამაშებდა და ამ დროს ყოველთვის ჰქონდა კოზირი. ამ კოზირებს კი საბჭოთა ბელადი საბჭოთა ქვეყნის სასიკეთოდ იყენებდა. ამიტომ, რაღაც სულელურ თვითმიზანზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. მარტო ის რად ღირს, რომ სტალინმა ჩინეთის შემოერთებაზე თქვა უარი და ეს იმიტომ გააკეთა, რომ საბჭოეთისთვის საზიანოდ მიიჩნია. ჩინეთის მმართველი მაო ძედუნი სტალინს ლამის მშობელ მამად მიიჩნევდა და უდიდეს პატივს სცემდა მას. იმავდროულად კი, ყოველთვის ცდილობდა, სარგებელი მიეღო სტალინისგან და იღებდა კიდეც. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკურად ეს სტალინისთვისაც ხელსაყრელი იყო. თავისი ქვეყნის სასარგებლოდ 1950 წელს მაომ სტალინს სთხოვა, რომ ბომბის დასამზადებლად ჩინეთისთვის ატომური ტექნოლოგიები გადაეცათ. სტალინმა ამ თხოვნაზე მაოს უარით უპასუხა და ეს იმით დაასაბუთა, რომ ასეთი ნაბიჯი საერთაშორისო პოლიტიკურ მდგომარეობას უკიდურესად გაამწვავებდა და დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. პასუხი აბსოლუტურად სწორი და დასაბუთებული იყო, თუმცა ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სტალინს არ სურდა კიდევ ერთი ბირთვული, თუნდაც კომუნისტური სახელმწიფოს ასპარეზზე გამოჩენა. საბჭოთა ბელადმა კარგად უწყოდა, რომ ჩინეთს ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური მადა გაეზრდებოდა და მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გამოვიდოდა საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებიდან. 1951 წელს მაო ძედუნმა ახალი თხოვნით მიმართა საბჭოთა ბელადს. ჩინეთის მმართველმა სტალინს შესთავაზა, ჩინეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ერთ-ერთ რესპუბლიკად მიეღოთ, მაგრამ ამაზეც უარი მიიღო. ეს უარი სტალინის მხრიდან დასაბუთებული იყო იმით, რომ ჩინეთი, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი, იმსახურებდა დამოუკიდებლად განვითარებულიყო და ამ საქმეში საბჭოთა კავშირი ყოველმხრივ დახმარებას გაუწევდა მათ. სინამდვილეში კი სტალინმა მშვენივრად იცოდა, რომ ერთი მხრივ, ჩინეთი საბჭოთა ბიუჯეტს უმძიმეს ტვირთად დააწვებოდა, მეორე მხრივ კი, განხორციელდებოდა დემოგრაფიულ-გეოგრაფიული ანექსია. ეს კი საბჭოთა კავშირის განვითარების კურსისთვის მიუღებელი იყო. ამასთანავე, დამოუკიდებელი ჩინეთი სტალინს აზიაში სჭირდებოდა გეოპოლიტიკურად და მართლაც, შესანიშნავად გამოიყენა ეს სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თავისი პოლიტიკის გასატარებლად, პირველ რიგში, კორეასა და ვიეტნამში. უხეშად რომ ვთქვათ, ამ რეგიონში სტალინს ჩინეთი სჭირდებოდა, როგორც დიდი, მყარი კომბალი დასავლეთის გავლენის შესასუსტებლად და წარმატებითაც განახორციელა ეს საქმე. ჩინეთს სტალინი სამხედრო სპეციალისტებითაც ეხმარებოდა, იარაღითაც, ეკონომიკურადაც და სხვადასხვა დარგების ასაღორძინებლადაც. რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკური მხარდამჭერიც იყო. იმავდროულად, მაოსთვის ლაგამი ჰქონდა ამოდებული და საკუთარ პირობებს უყენებდა, კარნახობდა, როგორ მოქცეულიყო, რაც სრულად ხორციელდებოდა კიდეც. ხოლო, როგორც კი სტალინი გარდაიცვალა, საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის „შავმა კატამ გადაირბინა“ და ურთიერთობები უკიდურესად გაფუჭდა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინი, თავისი უდიდესი ავტორიტეტიდან და ინტელექტიდან გამომდინარე, დიდი ოსტატობით ახერხებდა ჩინეთის გამოყენებასა და მორჩილებაში ყოფნას. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყნისთვის იყო სასარგებლო, შემდეგ კი – ჩენეთისთვისაც. მაგრამ ხრუშჩოვმა ჩინეთი დიდი ხნით მოგვაძულა. ამით იქ დასავლეთის გავლენა იმაზე უფრო მეტად გაძლიერდა, ვიდრე ამას თავად დასავლური ბლოკი ვარაუდობდა.“

მცდარია ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ თითქოს სტალინის პოლიტიკაში ევროპას უფრო პრიორიტეტული ადგილი ეკავა, ვიდრე სხვა რეგიონებს. ეს ტყუილია. უბრალოდ, აღმოსავლეთ ევროპაში „წითელი არმია“ იდგა. ეს თვალსაჩინო იყო მათი ხელისუფლებისთვისაც და მოსახლეობისთვისაც. სხვა რეგიონებში კი სტალინი თავის პოლიტიკას მოკავშირეების ხელით ახორციელებდა და იქ საბჭოთა სამხედრო ძალები აშკარად არ ჩანდა. სტალინის ამგვარი პოლიტიკა არაერთ ქვეყანას დაეხმარა დეკოლონიზაციაში. საერთოდ კი, შეასუსტა დასავლური გავლენები და გლობალური პოლიტიკა სტაბილური გახადა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა