ბელადები

როგორ მოიტაცეს ფაშისტი ინჟინერი ბერიას ბრძანებით

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 24.11

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

მსოფლიო სპეცსამსახურების ისტორიაში ლავრენტი ბერია იყო ამ უწყების ერთადერთი ხელმძღვანელი, რომელიც დროდადრო მონაწილეობდა ოპერატიულ ღონისძიებებში და ისეთი წარმატებით, რომ მას ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „საბჭოთა დაზვერვის ისტორია, როგორც ამ სფეროს სხვა ქვეყნების ისტორიები უაღრესად საინტერესოა. უმეტესი მათგანი ლავრენტი ბერიას სახელთანაა დაკავშირებული და მათი დიდი ნაწილი ღრმად გასაიდუმლოებულია და იმედია, რომ ოდესღაც ისინი ფართო საზოგადოებრიობისთვის ცნობილი გახდება. ხოლო ის საქმეები, რომლებსაც საიდუმლო გრიფი მოხსნილი აქვთ, უდიდეს ინტერესს იწვევს როგორც სპეციალისტებში, ასევე უბრალო მკითხველებშიც. ნიშანდობლივია, რომ როგორც კი ბერია „ენკავედეს“ შეფი გახდა, ის ყელამდე ჩაეფლო საქმეში და დღე და ღამეს ასწორებდა მუშაობაში. ერთ-ერთი პირველი სპეცოპერაცია, რომელიც ბერიას ბრძანებით შესრულდა, 1939 წლის თებერვალში განხორციელდა. იმ პერიოდისთვის უკვე აშკარაზე აშკარა იყო, რომ გერმანია საბჭოთა კავშირს ომს დაუწყებდა. მართალია, სტალინი ყველანაირად ცდილობდა, ეს რაც შეიძლება გვიან მომხდარიყო, ამიტომ მოახერხა და ჰიტლერთან საკმაოდ კარგი დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. მაგრამ, კარგად უწყოდა იმას, რომ ფიურერის ნდობა არანაირად არ შეიძლეოდა, ამიტომ ბერიას დაავალა გერმანიის მიმართულების გაძლიერება და ახლად დანიშნული „ენკავედეს“ უფროსიც გაათმაგებული ენერგიით შეუდგა საქმეს. გერმანული მიმართულებების თათბირზე ბერიას თვალში მოხვდა ინჟინერ ოტო ჰუფნაგელის გვარი. ეს 49 წლის ბავარიელი მთელი გერმანიის მიწისქვეშა კომუნიკაციების დამპროექტებელი და ამშენებელი იყო. პირადად იცნობდა ჰიტლერს და სწორედ მისთვის აშენებდა საიდუმლო კომუნიკაციებს. ბერია ჩაფიქრდა და ბოლოს ხელქვეითებს ჰუფნაგელის ხელში ჩაგდება დაავალა. ეს არც იყო გასაკვირი. ჰუფნაგელის მიერ აგებულ საიდუმლო მიწისქვეშა კომუნიკაციები არა მარტო გერმანიის, არამედ ოკუპირებული სახელმწიფოების ტერიტორიებზეც ფუნქციონირებდა და ამ ყველაფერს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. დაიწყო მზადება ბერიას ბრძანების განსახორციელებლად“.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ბერიასვე ბრძანებით, გერმანელი ინჟინერი ისე უნდა ჩაგვეგდო ხელში, რომ ფაშისტებს ის მკვდარი ჰგონებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კომუნიკაციების სისტემის შეცვლა შეეძლოთ, რაც სასურველი არ იყო. მართალია, ეს ყოველივე დიდ ხარჯებთან და ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული, რადგან ფაშისტები ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდნენ. ამიტომ, გერმანიაში გაგზავნილ სოციალურ-ოპერატიულ ჯგუფს საგანგებო მითითებები ჰქონდა მიცემული და მისი წევრები მკაცრად გეგმის მიხედვით და მაღალი კვალიფიკაციის შესაბამისად მოქმედებდნენ. ოტო ჰუფნაგელი კარგად შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ მას კატერით სწრაფი სეირნობა უყვარდა. გადავწყვიტეთ, ამაზე გაგვეკეთებინა აქცენტი და ოპერაციაც ამ კუთხით დაიგეგმა და განხორციელდა. ინჟინერი ოტო ჰუფნაგელი ჩვენმა ოპერატიულმა ჯგუფმა სისხამ დილით, ბალტიის ზღვის სანაპიროდან მოიტაცა და წყალქვეშა ნავით ჯერ ლენინგრადში ჩაიყვანეს, იქიდან კი – მოსკოვში. ინჟინრის კუთვნილი სწრაფმავალი კატერი კი ჩვენმა თანამშრომელმა, რომელიც მას მართავდა, დიდი სიწრაფით გაუშვა ბენზინით დატვირთული ბარჟისკენ, კატერი ძლიერად დაეჯახა ბარჟას და აფეთქდა. ჩვენმა თანამშრომელმა, რა თქმა უნდა, გაცილებით ადრე დატოვა კატერი და მშვიდობიანად დაბრუნდა სამშობლოში. მაგრამ გერმანელი ინჟინრის კატერი და ბარჟა, აგრეთვე, მასზე მყოფნი ჩაიფერფლნენ. ჰიტლერს რომ ჰუფნაგელის დაღუპვის ამბავი აცნობეს, შოკში ჩავარდა და ცოფებს ყრიდა. შემდგომ კი დაღუპული ინჟინრის ოჯახს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა. ოტო ჰუფნაგელი 1939 წლიდან 1969 წლამდე საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა და გერმანიასა და დანარჩენი ევროპის ტერიტორიაზე გერმანული რაიხის საიდუმლო მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის სქემა ზედმიწევნით ზუსტად გადმოგვცა. ამან კი მნიშვნელოვანი სამსახური გაგვიწია, ჩვენ დიდი წარმატებით ვსარგებლობდით ამ ინფრასტრუქტურით. საგულისხმოა, რომ ინჟინერი ოტო ჰუფნაგელი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა და საბჭოთა კავშირსაც მნიშვნელოვანი მიწისქვეშა კომუნიკაციები შეუქმნა.“

ოტო ჰუფნაგელი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა და ის სხვისი გვარით მოსკოვშია დაკრძალული. სხვათა შორის, გატაცებული გერმანელი ინჟინერი ცნობილი ფეხბურთელის, ფრანც ბეკენბაუერის ახლო ნათესავი იყო დედის მხრიდან. ჰუფნაგელის უშუალო მონაწილეობით აშენდა ყაზახეთში მიწისქვეშა ქალაქი-ბუნკერი და კოსმოდრომი „ბაიკონური“. ის არჩილ გელოვანის თანაშემწე იყო. ქართველი მარშლის თხოვნით, ჰუფნაგელი კონსულტაციებს უწევდა ქართველ მეტრომშენებლებს და ვიქტორ გოცირიძესთან ერთად, თბილისის მეტროს მშენებლობაშიც მიუძღვის წვლილი. ეს ტანდემი კი ლავრენტი ბერიას ინიციატივით შეიქმნა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა