ბელადები

როგორ მოიპოვა სტალინმა უახლესი ტექნოლოგიები ამერიკელებისგან

№7

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 22.02

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, გენიალური მენეჯერი იყო. ამასთან, ისეთი ნაბიჯების გადადგმა შეეძლო, რაც სხვებს იდეოლოგიურად გაუმართლებლად მიაჩნდათ, მაგრამ სტალინი დახვეწილი პოლიტიკური მოთამაშე იყო და კარგად უწყოდა, რა დადებითი შედეგები უნდა მოეტანა მის „არამართებულ“ ნაბიჯებს საბჭოთა კავშირისთვის.

ბორის სოკოლოვი: „ლევ ტროცკი თავის „სტალინის ბიოგრაფიაში“ საბჭოთა ბელადს სოციალისტურ-კომუნისტური იდეალებისგან გადახვევებს აბრალებდა და ინდუსტრიალიზაციას უწუნებდა. თუმცა, სწორედ ინდუსტრიალიზაცია გახდა საბჭოეთის აღორძინების ქვაკუთხედი, რამაც უდიდესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ეფექტი მოიტანა. ერთი შეხედვით, კაპიტალისტებთან კავშირ-ურთიერთობების გაბმა, მით უმეტეს, მათი კაპიტალის შემოტანა, სასტიკად ეწინააღმდეგებოდა სოციალიზმის ინტერესებს. სტალინი კი მრავალი სვლით წინ იხედებოდა. 1929 წელს სტალინმა ციმბირის ოქროს საბადოების ერთ მონაკვეთზე ამერიკული კორპორაციები შემოუშვა და ხელშეკრულება დაუდო, რომ 5 წლის განმავლობაში ამ საბადოების დამუშავება შეეძლებოდათ. იქვე აღნიშნული იყო, რომ 60 პროცენტს კორპორაციები წაიღებდნენ, 40-ს დატოვებდნენ. აგრეთვე, დაასაქმებდნენ საბჭოთა ინჟინრებისა და გეოლოგების ახალგაზრდა კადრებს, მთელი ტექნოლოგიური მოწყობილობა-აღჭურვილობები კი 5 წლის მერე საბჭოთა სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდოდა. ამ ხელშეკრულების ბოლოში მიწერილი ჰქონდა, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ განხილული უნდა ყოფილიყო როგორც ამ ვადის გაგრძელების, ასევე, საბადოების გაფართოების საკითხები. სწორედ ბოლო პუნქტი იყო ძალიან ეშმაკური სვლა და მოხდა ასეთი რამ – ამ ხუთი წლის განმავლობაში, მართალია, ამერიკელმა კორპორაციებმა დიდძალი ოქრო მოიპოვეს და გამდიდრდნენ, მაგრამ დატოვებული 40 პროცენტიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა ეკონომიკისა და ინდუსტრიალიზაციისთვის. უმთავრესი კი იყო ის, რომ ამ ხნის განმავლობაში ამერიკულ ტექნოლოგიებზე აღზრდილმა კადრებმა დატოვებული აღჭურვილობით და თანამედროვე ტექნოლოგიებით თავადვე დაიწყეს მუშაობა. ასე გააცურა იმედის მომცემი პუნქტით სტალინმა ამერიკელები. მართალია, განხილვა გაიმართა, მაგრამ ამერიკელებს არც წარმოების გაფართოების საშუალება მისცეს და კონტრაქტებიც ხუთწლიანი ვადის ამოწურვისთანავე შეუწყვიტეს. ანუ, ისე მოხდა, რომ ამერიკული კორპორაციები საბჭოთა სისტემის, იდეოლოგიური მოწინააღმდეგეების გამაძლიერებელნი გახდნენ და სწორედ ეს იყო ის „იდეოლოგიური გადახვევები, რაშიც ტროცკი სტალინს ადანაშაულებდა.“

არსენ მარტიროსიანი: „სტალინის მეთოდები დასავლელი მკვლევარ-ისტორიკოსებისთვის „საშინელება“ იყო და რასაკვირველია, მიუღებელი. თუმცა, საბჭოთა ბელადს არცერთი დოკუმენტური თუ სიტყვიერი შეთანხმება არ დაურღვევია. ყოველ შემთხვევაში, პირველს არ დაურღვევია, ხოლო რაც შეეხება ყბადაღებული საბადოების თემას, იურიდიული და თუნდაც მორალური კუთხით ხინჯი არ ჰქონია. სტალინი არ შეჰპირებია მათ, რომ აუცილებლად დატოვებდა ამერიკელებს ციმბირში და თუ მათ ასე ეგონათ, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა. კი ბატონო, სტალინმა გროსმაისტერული სვლა გააკეთა, როდესაც ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებაში „იმედის პუნქტი“ დაუტოვა და ამით გააცურა ისინი, მაგრამ, სტალინი საბჭოთა კავშირის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და მთავარი აზრიც სწორედ ეს იყო. ასევე, საბჭოეთის ინტერესებიდან გამომდინარე, შეახურა სტალინმა მიქოიანი, როდესაც მან მოძმე ჩეხოსლოვაკიასთან საბჭოეთისთვის კაბალური ხელშეკრულება გააფორმა და ციმბირის ხე-ტყე მუქთად მიაწოდა. ეს ხელშეკრულება სტალინისვე ძალისხმევით შეიცვალა და მართალია, შეღავათიანი ფასებით, მაგრამ საბჭოეთისთვის არადამამცირებელი პირობებით განახლდა. ასე რომ, სტალინი სტალინი იყო და თავს არ მოიტყუებდა.“

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ლენინი ორთოდოქსი იყო და ძირითადად, მარტორქის პრინციპით მოქმედებდა. მართალია, მას ლავირებაც შეეძლო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, შუბლით იცოდა მიწოლა და ამიტომ არაერთხელ გაუტეხია შუბლი. სტალინი კი ლენინზე უფრო მიმწოლიც იყო და ლავირების მეტი უნარიც ჰქონდა. მას უკეთესად შეეძლო ჩახლართულ სიტუაციებში გარკვევა, ვიდრე ლენინს და ამით ყოველთვის მოგებული რჩებოდა. შესადარებლად ციმბირული საბადოების ისტორია ავიღოთ: ლენინი ამერიკელებს არ შემოუშვებდა და ამით ის „იდეოლოგიურად მოიგებდა“, თუმცა, ფაქტობრივად, წააგებდა, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურადაც და საბოლოო ჯამში, ქვეყანას კატასტროფის წინაშე დააყენებდა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ სტალინი გენიალური პოლიტიკური მოთამაშე იყო. მართალია, დიდი ბელადი ლენინი იყო, მაგრამ ის მაინც ლოკალური მასშტაბის ბელადად დარჩა და მას და სტალინს შორის ისეთი განსხვავებაა, როგორიც ლომსა და თაგვს შორის. მართალია, ლენინი სტალინმა გააფეტიშა, მაგრამ ესეც პოლიტიკური მოსაზრებით გააკეთა. იცოდა, რა სტალინმა რუსი კაცის ბუნება, „რუსი“ ლენინი ღვთაების რანგში აიყვანა, თავად კი ჭეშმარიტ საქმეებს ახორციელებდა და სწორედ ამიტომაც შეიქმნა და ააღორძინა დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი და ძლიერი სახალხო ქვეყანა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული