როგორ მოიპოვა სტალინმა მსოფლიო კორიფეების მხარდაჭერა
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 14.09

იოსებ სტალინი ის ადამიანი იყო, ვისაც საკუთარი თავის ჩვენება იმგვარად შეეძლო უცხო ადამიანებისთვის, რომ შემდგომ გამორიცხული იყო მათ საბჭოთა ბელადზე ცუდი დაეწერათ ან ეთქვათ, ის კი არა, მასზე ფიქრშიც კი მხოლოდ დადებითი აზრები მოსდიოდათ. ეს კი სტალინის კიდევ ერთი უნარის დამსახურება იყო – ის ისე ფლობდა პიარის (ამ შემთხვევაში თვითრეკლამა) ხელოვნებას, რომ რადიკალურ მოწინააღმდეგეებსაც შეაცვლევინებდა, თუნდაც, უკვე შექმნილ უარყოფით წარმოდგენას.
აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი იხსენებდა: „სტალინი ძალიან ნაკითხი ადამიანი იყო. პოლიტიკური და სპეციალური ლიტერატურის გარდა, ის სიღრმისეულად იცნობდა მსოფლიო ლიტერატურას, პოეზიას და რაც მთავარია, მშვენივრად უწყოდა, რა უდიდესი როლის შესრულება შეეძლოთ დიდ მწერლებს პოლიტიკაში. და იცოდა რა ეს, მან შესანიშნავად გამოიყენა მსოფლიოში აღიარებული ადამიანები საბჭოთა ქვეყნის რეკლამირებისთვის. ამ საქმეში კი ყველაზე დიდი როლი სტალინმა მაქსიმ გორკის შეასრულებინა“.
მაქსიმ გორკი სტალინის ახლო მეგობარი იყო. საბჭოთა ბელადი უდიდეს პატივს სცემდა მსოფლიოში აღიარებულ ამ უნიჭიერეს მწერალს. სწორედ სტალინმა უწოდა გორკის „ადამიანთა სულების ინჟინერი“ და გორკი, სხვა კოლეგებთან შედარებით, ბელადისგან განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა. გორკი იყო იმ რჩეულთა შორის, ვისაც ნებისმიერ დროს შეეძლო, სტალინთან დაუბრკოლებლად შესულიყო და ნებისმიერ საკითხზე საათობით ელაპარაკა მასთან, ზოგჯერ კი მწვავედაც ეკამათა. სტალინმა გორკის სთხოვა, რომ საბჭოთა კავშირში კოლეგები მოეწვია, რომლებიც სიმართლეს დაწერდნენ ამ ქვეყანაზე და გორკიმ, რა თქმა უნდა, ბელადის თხოვნა შეასრულა.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „გორკის მოწვევით, 30-იან წლებში საბჭოთა კავშირში (გორკის სიცოცხლეშივე და შემდეგაც) ჩამოვიდნენ მწერლები, მსოფლიოში აღიარებული ხელოვანები – ჰერბერტ უელსი, ადნრე ჟიდი, ლიონ ფუხტვანგერი, ბერნარდ შოუ, ჯონ სტეინბეკი... ისინი აღფრთოვანდნენ არა მარტო ფართომასშტაბიანი აღმშენებლობითი პროცესით, რომელიც საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა, არამედ სტალინის პიროვნებითაც. უცხოელი ვიზიტორები აღტაცებას ვერ მალავდნენ. საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურმა პირადად მიიღო ისინი. მათთან მრავალსაათიანი საუბარი გამართა და რომ იტყვიან, სტუმრები მონუსხული დატოვა, იმდენად მოეწონათ მისი პიროვნება. განსაკუთრებით აჟიტირებული იყო რომენ როლანი, რომელმაც სტალინს „დიადი აღმშენებელი“ უწოდა. საკუთარ სამშობლოებში დაბრუნებულმა მწერლებმა კი სქელტანიანი წიგნები მიუძღვნეს საბჭოთა კავშირსა და მის დიად ბელადს – სტალინს.“
ზემოაღნიშნული ნაწარმოებები მსოფლიო მწერლობას შემორჩა და მათ დღემდე კითხულობენ. ერთნი მათში ამ წიგნების ავტორების ემოციებს ხედავენ და აცხადებენ, რომ ისინი სტალინმა მოატყუა და თავისი ნამდვილი სახე არ უჩვენა, ისევე როგორც არ უჩვენა საბჭოეთის ჭეშმარიტი სახეც. თითოეულ ვიზიტორ მწერალს რამდენიმე კურატორი ჰყავდა მიჩენილი, სწორედ ისინი აცნობდნენ ქვეყანას. მართალია, კურატორები, ძირითადად, უშიშროების თანამშრომლები იყვნენ, მაგრამ საეჭვო და დაუჯერებელია ის, რომ დიად მწერლებს წამითაც ვერ შეენიშნათ ის უარყოფითი მხარე ქვეყნისა და თავად სტალინის პიროვნებისა, რაც ვითომ დაუმალეს სტუმარ მწერლებს. რა თქმა უნდა, მათ საბჭოთა კავშირში უარყოფითი მხარეებიც იხილეს, მაგრამ ისინი იმდენად მოხიბლულები იყვნენ ქვეყანაში მიმდინარე გრანდიოზული სოციალური გარდაქმნებით, რომ უარყოფითი მომენტები წვრილმანებად მიიჩნიეს და მათზე არც კი გაუმახვილებიათ ყურადღება. ხოლო, რაც შეეხება სტალინის პიროვნებით მოხიბვლას, ეს სულაც არ იყო გასაკვირი. ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ სტალინის უბრალოებასა და სისადავეს, მაღალ ინტელექტსა და ერუდიციას. სტეინბეკმა კი, რომელიც 1947 წელს სტალინს დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრა, საბჭოთა ბელადს პირდაპირ უთხრა: ბატონო სტალინ, თქვენთან შეხვედრა და საუბარი უფრო იმიტომ მინდოდა, რომ ცოცხალ სტალინთან შემედარებინა ტროცკის მიერ დახატული თქვენი პორტრეტიო. ტროცკის, თავის წიგნში – „სტალინი“, საბჭოთა ბელადი გამოყვანილი ჰყავს, როგორც უვიცი, უკულტურო, გაუნათლებელი ადამიანი. ცნობილი მწერლის სიტყვებზე სტალინს გასცინებია.
არაა გასაკვირი, რომ სტალინს სურდა, დადებითად წარმოეჩინა საკუთარი თავი სტუმრებთან და თუნდაც სიმკაცრე მაინც არ გამოეჩინა, მაგრამ, „უვიცობასა და უკულტურობას“ როგორ დამალავდა, თანაც მრავალსაათიანი საუბრებისას?
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტალინმა დიდი წარმატებით „ჩააბარა გამოცდა“, რომელიც მას მსოფლიო კორიფეებმა მოუწყვეს. ამით, ერთი მხრივ, თავად სტალინმა გაიკეთა პიარი, რაც ავტორიტეტის ამაღლებაში დაეხმარა, მეორე და მთავარი კი ის იყო, რომ დიდი რეკლამა გაუკეთდა საბჭოთა კავშირს. ეჩვენებინა ამ ქვეყანაში წარმოებული დიადი აღმშენებლობის პროცესი, რითაც იძულებული გახადა საბჭოთა კავშირის მტრები, რომ ამ ქვეყანასა და მის მეთაურზე ზეწოლა შეემცირებინათ, ზოგ შემთხვევაში კი გვერდში დასდგომოდნენ მას. და ეს ყველაფერი სტალინმა მოახერხა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...