ბელადები

როგორ მოიპოვა ნორჩმა ბერიამ ბოლშევიკების ნდობა

№4

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია ბავშვობიდანვე ავლენდა საიდუმლო საქმიანობისადმი ნიჭს და ის გენიალური კონსპირატორი იყო. სწორედ ამ მიდრეკილებებმა მიიყვანა ის ბოლშევიკებთან და კონკრეტულად კი საიდუმლო სამსახურში.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „ბერია 15 წლის იყო, როდესაც ბაქოს ინდუსტრიულ ტექნიკუმში მოეწყო და იქვე ჩაება არალეგალურ ბოლშევიკურ საქმიანობაში.

დადგა 1914 წელი. პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა. ბოლშევიკებს კი მთელი ფრონტით ჰქონდათ გაშლილი იატაკქვეშა რევოლუციური საქმიანობა. ბაქო ამ საქმიანობის ერთ-ერთი ცენტრი იყო რუსეთის იმპერიაში და კავკასიაში კი, თბილისის შემდეგ – მთავარი რევოლუციური ცენტრი. სტალინის დავალებით, ბაქოში სერგო კიროვი იყო გაგზავნილი იატაკქვეშა საქმიანობის დასარეგულირებლად. სწორედ მაშინ გადაიკვეთა ბერიასა და კიროვის გზები. საქმე ის იყო, რომ სტალინის წარგზავნილს საიდუმლო შეხვედრა უნდა მოეწყო ინდუსტრიულ ტექნიკუმში, სადაც ბოლშევიკური უჯრედი ფუნქციონირებდა. ამ უჯრედის წევრი იყო რასულ მამედოვი. ის ბერიასთან ერთად სწავლობდა და საერთო საცხოვრებელში ბერიას გვერდით ოთახში ცხოვრობდა. როგორც შემდგომ თავად ბერია ვიწრო წრეში ყვებოდა, მას მამედოვის ოთახთან საერთო სავენტილაციო მილი აკავშირებდა, თუმცა ის არ ფუნქციონირებდა და ბერია მას მამედოვის ოთახის მოსასმენად იყენებდა. ლავრენტი პავლეს ძეს ადრეული ბავშვობიდანვე ჰქონდა ჯაშუშური მიდრეკილებები, რაც არასდროს განელებია. იატაკქვეშა წრის წევრი მამედოვი, პროვოკატორი იყო და ის ინფორმაციებს პოლიციას ატყობინებდა. კურატორი მას სხვადასხვა ადგილზე ხვდებოდა. ერთხელ კი საერთო საცხოვრებელში შეხვდა და მამედოვმა მას აუწყა, რომ იატაკქვეშელთა შეკრებაზე ცენტრიდან გამოგზავნილი კურატორი, ვინმე მირონიჩი (სერგო მირონის ძე კიროვი) უნდა მისულიყო. შეკრება კი სასწავლებლის საერთო საცხოვრებლის სარდაფში შუაღამეს უნდა გამართულიყო. მამედოვმა კურატორს ურჩია მირონიჩი კონსპირაციულ ბინაში დაეპატიმრებინა და მისამართიც დაუსახელა. მაგრამ, კურატორმა თქვა, რომ ამის გაკეთება შეკრების დროს სჯობდა და წავიდა. ბერია, ნორჩი ასაკის მიუხედავად, საუცხოოდ ერკვეოდა მიმდინარე პოლიტიკურ ამბებში. სავარაუდოდ, მიხვდა, რომ მომავალი ბოლშევიკებს ეკუთვნოდა. ამიტომ სასწრაფოდ მივიდა მამედოვის მიერ დასახელებული კონსპირაციული სახლის მისამართზე. შეხვდა კიროვს და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. იატაკქვეშა წრის წევრები სათითაოდ გააფრთხილეს და პოლიციელები რომ მათ დასაპატიმრებლად მივიდნენ, მათ იქ მხოლოდ მამედოვი დახვდათ. საგულისხმოა, რომ მამედოვი ერთი კვირის შემდეგ მოკლული იპოვეს მისსავე ოთახში. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ ვერაფერს მიაგნო და საქმე დაიხურა. მოგვიანებით ხმა გავრცელდა, რომ მამედოვი, კიროვის დავალებით, ბერიამ მოკლაო. მაგრამ რამდენად მართალია ეს, უცნობია. ბერიამ ამგვარად მოიპოვა ბოლშევიკების ნდობა და სტალინს ინფორმაცია ბერიას შესახებ პირველად სწორედ კიროვმა მიაწოდა. სტალინზე რომ არაფერი ვთქვათ, კიროვი ბოლშევიკური პარტიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო და რაც მთავარია, მას სტალინი ენდობოდა. სავარაუდოდ, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ბერიამ უმოკლეს დროში ასეთი თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა.

და, საერთოდ, ბერიას ახასიათებდა მსგავსი სწრაფი გარღვევები და წარმატებები ადრეული ბავშვობიდანვე ჰქონდა. თუნდაც, ის რად ღირს, რაც 11 წლის ლავრენტი ბერიამ სოხუმის სასწავლებელში გააკეთა... სიხუმში ბერიას ისტორიის მასწავლებელი ჰყავდა, გვარად რუსოვსკი. ეს იყო შუახნის, საშუალო სიმაღლის, გამხდარი კაცი, რომელსაც ჭირის დღესავით ეჯავრებოდა ქართველები და საქართველო. რუსოვსკი მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ შეურაცხყოფა არ მიეყენებინა საქართველოსა და ქართველებისთვის. ერთხელ, ისტორიის გაკვეთილზე, რუსოვსკიმ ბერიას „ვეფხისტყაოსანი“ დაუნახა და უთხრა:

– ეს ძაღლის ენაზე დაწერილი პლაგიატი მერხიდან მოაშორეო.

ბერიამ პასუხი არ დააყოვნა და მიუგო:

– ძაღლს ყველა და ყველაფერი ძაღლური ჰგონიაო.

ამის გამო ბერიას დისციპლინური სასჯელი დააკისრეს და გარიცხეს სასწავლებლიდან. ერთი თვის მერე კი თავად რუსოვსკი გააძევეს. საქმე ის იყო, რომ სასწავლებელში თბილისიდან საგუბერნიო ინსპექტორი ჩავიდა შემოწმებაზე. მას ოქროს საათი დაეკარგა და როცა ჩხრეკა ჩაატარეს, ეს საათი რუსოვსკის უჯრაში აღმოჩნდა. მართალია, რუსოვსკი ამტკიცებდა, მე არ მომიპარავსო, მაგრამ უჯრის გასაღები მხოლოდ რუსოვსკის ჰქონდა. თუმცა, როგორც ეტყობა, უჯრა ბერიას მეგობრებმაც გააღეს, საათი ჩადეს და დაკეტეს. ხოლო ეს ყველაფერი რომ ბერიას მიერ იყო მოწყობილი, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. მოგვიანებით ბერია უკვე მსოფლიო მასშტაბით ახორციელებდა ბევრად რთულ ოპერაციებს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი