ბელადები

როგორ მოიპოვა ბერიამ ამერიკული კოსმოსური პროექტი

№5

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.02

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ბერია სპეცსამსახურების ორგანიზების ასი იყო და სწორედ მისმა ამ თვისებამ გადააქცია საბჭოთა უშიშროება მსოფლიოს ნომერ პირველ დაზვერვად. ამან კი ლომის წილი შეიტანა საბჭოთა სახელმწიფოს არნახულ ძლიერებაში.

გენერალი პავლე ფიტინი (საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი) იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჰიტლერი დავამარცხეთ და პირწმინდად მოვიგეთ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე საშინელი, სისხლისმღვრელი ომი, ჩვენი სამშობლო ნანგრევებში ჩაეფლო. აუნაზღაურებელი ზარალი განვიცადეთ, როგორც მატერიალურად და ინფრასტრუქტურულად, ასევე, ადამიანური რესურსების კუთხითაც და ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი ზარალი. ჩვენი ყოფილი მოკავშირეები, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მდგომარეობის სათავისოდ გამოყენებას ცდილობდნენ და პოლიტიკურ ზეწოლასთან ერთად, სურდათ, რომ ეს სამხედრო კუთხითაც განეხორციელებინათ. როდესაც ჩვენი ქალაქები ინგრეოდა, ამერიკა ვითარდებოდა, ეკონომიკურად ძლიერდებოდა და ამას ისიც დაემატა, რომ დამარცხებული გერმანიიდან მათ მნიშვნელოვანი ინტელექტუალური სიმდიდრე წაიღეს, ანუ, წაიყვანეს ის მეცნიერები, ვინც გერმანული სამხედრო მანქანისთვის უახლეს იარაღს ქმნიდნენ. ერთ-ერთი ასეთი ინტელექტუალი ვერნერ ფონ ბრაუნი იყო, რომელიც შემდგომში ამერიკული კოსმოსური პროექტის ფუძემდებელი გახდა. როდესაც ჩვენ შევიტყვეთ, რომ ფონ ბრაუნი უკვე შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა (მისი გაყვანა საიდუმლო ვითარებაში მოხდა, რადგან „ესესის“ წევრებს აკრძალული ჰქონდათ ამ ქვეყანაში შესვლა და კანონით უნდა დაეპატიმრებინათ (ბრაუნს კი „ესესის“ გენერლის ჩინი ჰქონდა). ეს ინფორმაცია ბერიას მივაწოდეთ. მან კი მოკლე და კონკრეტული მითითება მოგვცა – მეთვალყურე მიუჩინეთ და დეტალურად გაარკვიეთ, რას საქმიანობსო და ჩენც ზუსტად შევასრულეთ ბერიას ბრძანება.“

ფიტინი თავის მემუარებში სრულად არ ამხელს ბერიას ბრძანების შინაარსს, ეს კი ასე ჟღერდა: თუკი ვერ მოხერხდა ვერნერ ფონ ბრაუნის სამხედრო პროექტების დეტალური მოპოვება, რაც საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული, მაშინ მისი (ფონ ბრაუნის) ლიკვიდაცია განახორციელეთო... ანუ, თუკი დაზვერვა ვერ მოარგებდა გასაღებს მის სეიფს, მაშინ ფონ ბრაუნი უნდა მოეკლათ. თუმცა ეს არ გახდა საჭირო და გერმანელი მეცნიერის საიდუმლო სეიფს მაინც მოარგეს გასაღები.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ვერნერ ფონ ბრაუნთან დაკავშირებით ბერიამ ძალიან იოლად გადაწყვიტა ეს საკითხი. მარტივი სქემა იყო, თუმცა, პრაქტიკულად, მას საკმაოდ დიდი შრომა დასჭირდა. მიზნამდე კი საქმეში ანალიტიკოსები ჩაერთნენ და ჩვენი გეგმაც მათი დასკვნის შესაბამისად შედგა. ჩვენი ამერიკული რეზიდენტურა იქიდან (ამერიკის შეერთებული შტატები) ვერნერ ფონ ბრაუნზე, მის ყოფა-ცხოვრებასა და ჩვევებზე გვაწვდიდა ინფორმაციებს და ანალიტიკოსებმა რეკომენდაცია მოგვცეს, რომ ეს კაცი ქალისა და ალკოჰოლის მეშვეობით დაგვემუშავებინა. იქვე დაურთეს ისიც, რომ ბრაუნის გადაბირების მცდელობაც კი არ გვქონოდა, რადგან ეს არ გამოგვივიდოდა – ეს კაცი მწარე ანტიკომუნისტი და ანტისაბჭოელი იყო. ამიტომ ქალსა და ალკოჰოლზე უნდა გაგვეკეთებინა აქცენტი. ადვილი სათქმელი იყო – გაგვეკეთებინა აქცენტი. ანუ მიგვეგზავნა აგენტი ქალი და სეიფზე გასაღები მასთან დროსტარებით მოგვერგო. ეს მარტივი სქემა ურთულესი განსახორციელებელი იმის გამო იყო, რომ ფონ ბრაუნს მძლავრი პირადი დაცვა ჰყავდა, რომ არავის გაეტაცებინა ან მოეკლა და „ეფბეერის“ აგენტთა მთელი ჯგუფი აკონტროლებდა, რომ მასთან კონტაქტში უცხო ქვეყნის, განსაკუთრებით კი, საბჭოეთის მზვერავი, არ შესულიყო. ამიტომ მეცნიერის გარემოცვა „ეფბეერის“ მიერ საფუძვლიანად იყო შესწავლილი და მათი დასკვნით, უცხო ადამიანის მასთან მიახლოებაც კი შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეუძლებელი შევძელით და საჭირო ადამიანზე პირადად ბერიამ გაგვიყვანა. ბერიას ჯერ კიდევ 20-იანი წლების მიწურულიდან, როდესაც ის საქართველოს „ჩეკას“ ხელმძღვანელობდა, თურქეთში აგენტურული მუშაობისთვის გაგზავნილი ჰყავდა გერმანელი ეროვნების „ჩეკას“ თანამშრომელი, ვინმე პაულ მესნერი. თურქეთში მესნერი ღვინის მეწარმე გახდა და შემდეგ გერმანიაში განაგრძო საქმიანობა. არიელი ქალი შეირთო ცოლად, შემდგომ შეერთებულ შტატებში დამკვიდრდა და ნიუ–იორკში ალკოჰოლის ბიზნესი ჰქონდა. ბერიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მესნერის მეუღლე მირიამ შულციც სადაზვერვო საქმიანობას ქმართან ერთად ახორციელებდა. ქალს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი, ულამაზესი ჯილდა ჰყავდა და სწორედ ის ედგა სათავეში მამინაცვლისა და დედის ბიზნესს, რომლებიც იმ პერიოდში უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები. 1947 წელი იყო. ჯილდა 25 წლის გაუთხოვარი, წარმატებული ბიზნესმენი გოგონა იყო და სწორედ მისი მშევეობით გავედით ვერნერ ფონ ბრაუნზე. ჯილდა კი საკმაოდ რთულად დავითანხმეთ ჩვენთან მუშაობაზე. მას, რა თქმა უნდა, არ სჯეროდა, რომ მისი მამინაცვალი და დედა „ჩეკას“ აგენტები იყვნენ. მაგრამ ამაში დოკუმენტებით დავარწმუნეთ, მეორე ეტაპი იყო ვერნერ ფონ ბრაუნის საყვარლობაზე დათანხმება და ესეც წარმატებით მოხერხდა, თუმცა, მესამე ეტაპზე ჯილდასა და ფაშისტი მეცნიერის შეხვედრისა და მათი დაახლოების ოპერაცია იყო განსახორციელებელი. ესეც წარმატებით შედგა: როდესაც ფონ ბრაუნის მძღოლს მეცნიერი მანქანით მიჰყავდა ბროდვეიზე და მათ ორი დაცვისა და „ეფბეერის“ აგენტების მანქანა მოაცილებდა, ერთ-ერთ მოსახვევში ჯილდა გამოჩნდა და მანქანამ ის მსუბუქად დააზიანა. გაცნობამ, დაახლოებამ და ჯილდას შემოწმებამაც წარმატებით ჩაიარა. მათი საყვარლობაც მალე შედგა. ფონ ბრაუნის სეიფს გასაღები მოერგო და უმნიშვნელოვანესი სამხედრო-სარაკეტო პროექტების ასლები ლუბიანკაზე იგზავნებოდა“.

სუდოპლატოვი მხოლოდ იმას არ ამხელს, რომ სერგეი კოროლიოვის კოსმოსური მიღწევები ფონ ბრაუნის გამოგონებაზეა დაფუძნებული და ამაში ლომის წილი ბერიას მიუძღვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული