როგორ მოაკვლევინა ბერიამ იაპონელებს გაქცეული საბჭოთა გენერალი
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 10.09

ლავრენტი ბერია თავისი საქმის უზადო მცოდნე იყო და ყველა დავალებას მაშინაც კი ასრულებდა, როდესაც „ობიექტი“ მიუწვდომელი იყო. მით უმეტეს, თუკი საგანგებო დავალება სტალინისგან მოდიოდა ან საბჭოთა ბელადის სიცოცხლეს ეხებოდა.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ბერიასთვის არ არსებობდა ხანდაზმულობის ვადა. თუკი დავალება გაიცემოდა, ის აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. თუნდაც 10 წლის შემდეგ და ასეთი ბრძანების გაუქმება მხოლოდ სტალინს შეეძლო. არაერთი მსგავსი ისტორიის მოყოლა შემიძლია. ერთ-ერთი მათგანია გენრიხ ლიუშკოვთან დაკავშირებული ისტორია, რომელსაც მაინც მისწვდა ბერიას მკაცრი, დამსჯელი, მაგრამ სამართლიანი ხელი.“
1938 წლის 13 ივნისს საბჭოთა კავშირიდან იაპონიაში 38 წლის გენრიხ ლიუშკოვი გაიქცა. ეს ადამიანი შორეული აღმოსავლეთის მხარის „ენკავედეს“ უფროსი იყო და როგორც სტალინის, ასევე კომუნისტური პარტიის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. ლიუშკოვი საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში ყველაზე მაღალი რანგის გაქცეული ჩინოვნიკი იყო.
იმ პერიოდში „ენკავედეს“ ნიკოლაი ეჟოვი ხელმძღვანელობდა. ლიუშკოვს მასთან ახლობლური ურთიერთობები ჰქონდა. თუმცა, ლიუშკოვი მაინც გენრიხ იაგოდას კაცად მიიჩნეოდა, რომელიც საბჭოთა უშიშროებას ეჟოვამდე ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, ლიუშკოვმა მაინც მოახერხა უწყებაში დარჩენა და ერთადერთი მაღალჩინოსანი იყო, ვინც ეჟოვის მახვილს არამცთუ გადაურჩა, არამედ მისი რეკომენდაციით დაწინაურდა კიდეც.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ლიუშკოვის გაქცევიდან 6 თვის მერე „ენკავედეს“ უფროსად ბერია დანიშნეს. მან არქივიდან ყველა ძველი საქმე ამოიღო და ხელქვეითებს დაავალა, მათ შესახებ დაწვრილებითი ცნობები მოემზადებინათ. ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო ლიუშკოვის გაქცევა, რომელიც ბერიამ განსაკუთრებით გამოყო. სკრუპულოზურად შეისწავლა ის და ბრძანა – განსაკუთრებულ განკარგულებამდე გენრიხ ლიუშკოვზე მხოლოდ მეთვალყურეობა დაწესდესო.“
ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ ლიუშკოვზე მეთვალყურეობა იაპონიაში ხორციელდებოდა. თანაც იმ პირობებში, როდესაც გაქცეულ საბჭოთა გენერალს იაპონელები საგულდაგულოდ მალავდნენ და იცავდნენ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ უკვე ბერიას ხელმძღვანელობის პერიოდში „ენკავედეს“ შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გაქცეული გენერალი ეკონტროლებინა. ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ შესაძლებელი იყო ლიუშკოვის ლიკვიდაციაც, მაგრამ ასეთი ბრძანება არ გაცემულა. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ლიუშკოვი გარკვეულ დრომდე საჭირო იყო და ცოცხალი დატოვეს.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „გენერალ გენრიხ ლიუშკოვთან დაკავშირებული ისტორია საკმაოდ ბურუსითაა მოცული. მისი გაქცევა იმ მოტივით, რომ სტალინის ფარული მტერი იყო და რეპრესიები ამხილა, საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერს. ლიუშკოვი პიროვნულად საკმაოდ სასტიკი ადამიანი იყო და პირადად ხვრეტდა კოლეგა „ჩეკისტებს“. სინდისის ქენჯნა მისთვის „უცხო ხილი“ იყო. მე უფრო სხვა მისია მგონია. ჩემი აზრით, ლიუშკოვი სპეციალური ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რომელიც „ენკავედეს“ პირადად სტალინმა დაავალა. განხორციელება ეჟოვმა დაიწყო, ბერიამ კი განაგრძო და სასურველ შედეგსაც მიაღწია.“
გენერალ ვოლკოგონოვის ვერსია სიმართლეა და ამას ზოგიერთი ფაქტიც ადასტურებს. ამ საქმის უმეტესი დეტალი კი დღემდე გასაიდუმლოებულია. ცნობილი ფაქტი კი ორია. პირველი – ლიუშკოვი ჩავიდა თუ არა იაპონიაში, მისთვის ცნობილი მთელი უსაფრთხოებისა და საჯარო სისტემის საიდუმლოება გაამხილა. აქედან გამომდინარე იაპონელმა ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ საბჭოთა კავშირ-იაპონიის საზღვარზე განლაგებული იაპონური საარმიო ნაწილები ორჯერ სჯობდნენ საბჭოურს. ხოლო, როდესაც ხალხინ გოლთან შეტაკება მოხდა, პირიქით აღმოჩნდა და იაპონელები სასტიკად დამარცხდნენ. მეორე – ლიუშკოვმა იაპონურ დაზვერვას დაწვრილებითი ცნობები გადასცა სტალინის უსაფრთხოების სისტემაზე კურორტ მაცესტაში. იქ სტალინი ყოველწლიურად ჩადიოდა და აბაზანებს იღებდა. იაპონურ დაზვერვას კი საბჭოთა ბელადის ლიკვიდაცია უნდოდა ლიუშკოვის ნათქვამზე დაყრდნობით, იაპონელებმა მაცესტაში ოთხი რჩეული აგენტი გაგზავნეს. „ჩეკისტებმა“ ოთხივე ადგილზე დააკავეს. მათგან დაწვრილებითი ჩვენებები მიიღეს და ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური უპირატესობა იყო სტალინის ხელში.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „როგორც ჩემს ხელში მოხვედრილი საბუთებიდან ჩანს, ეშმაკმა ბერიამ ლიუშკოვის გაქცევის ოპერაცია უფრო გაამრავალფეროვნა. მისი (ლიუშკოვის) მეშვეობით, იაპონურ დაზვერვას ჯერ დეზინფორმაცია მიაწოდეს და ხალხინ გოლთან დაამარცხეს. ხოლო, როდესაც ჰიტლერი საბჭოთა კავშირს დაესხა თავს, იაპონიის საზღვართან დისლოცირებული ჯარების სამი მეოთხედი მოსკოვთან გადაისროლეს, მაგრამ იაპონელებმა ამის თაობაზე არაფერი იცოდნენ. შეტევა კი ვერ გაბედეს, რადგან ხალხინ გოლის მწარე მარცხი ახსოვდათ და ეგონათ, რომ მათ საზღვართან კვლავ მოჭარბებული მტრის ძალები იყო განლაგებული. საბჭოთა გაქცეული გენერალი გაქცევიდან 7 წლის მერე გამოასალმეს სიცოცხლეს. ლიუშკოვი 1945 წლის 19 აგვისტოს კაპიტანმა ტეკეოტა იუტაკმა მოკლა. ბრძანება ბერიასგან მომდინარეობდა.“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...