ბელადები

როგორ მოახერხა ლავრენტი ბერიამ დაუმორჩილებელი კავკასიის დამშვიდება

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 05.12, 2021 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიაზე ვერავინ იტყვის „მშვიდობის მტრედი“ იყოო. საჭიროების შემთხვევაში მას საკმაოდ მასშტაბური პროვოკაციების მოწყობაც ხელეწიფებოდა. თუმცა, სწორედ, ბერიას დამსახურებაა სტაბილურობის შენარჩუნება კავკასიაში და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაპირისპირებულ ერებს შორის მშვიდობის დამყარება – აზერბაიჯანელებისა და სომხების შერიგება.

მას მერე, რაც საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ამიერკავკასიის ერთიანი რესპუბლიკის შემადგენლობაში გაერთიანდნენ, 1932 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერია ამ წარმონაქმნის სრულ ხელმძღვანელად, ანუ სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად დაინიშნა. მიუხედავად უმკაცრესი სტალინური მმართველობისა, კავკასია ყოველთვის ფეთქებადსაშიში რეგიონი იყო და იქ მცხოვრები ხალხების დამორჩილება უდიდეს სირთულეს წარმოადგენდა. მით უმეტეს, სომხებისა და აზერბაიჯანელების მოთოკვა, რომლებსაც ერთმანეთთან სისხლისმიერი მტრობა ჰქონდათ და მათ შორის მსხვილმასშტაბიანი შეტაკებები ხშირად ხდებოდა, რაც სისხლით, ასეულობით, ზოგჯერ კი, ათასობით მსხვერპლით მთავრდებოდა... ისტორიკოსი როი მედვედევი: „მიუხედავად მკაცრი ზომებისა, ჯერ მეფის მთავრობის პერიოდში, შემდგომ კი ახლად დამყარებულ საბჭოთა წყობილების დროს, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტები მაინც ხშირი მოვლენა იყო, თუმცა, როგორც კი 1932 წლის ოქტომბერში, როგორც კი სტალინმა ამიერკავკასიის სამხარეო ცეკას პირველ მდივნად ბერია დანიშნა, თითქოს ჯადოსნური ჯოხი აიქნიესო, სიტუაცია ჩაწყნარდა. სომხეთის ცეკას პირველი მდივანი აგასი ხანჯიანი და აზერბაიჯანის ცეკას პირველი მდივანი მირ-ჯაფარ ბაგიროვი ბერიას ხელქვეითები გახდნენ. ეს უკანასკნელი ბერიას ახლო მეგობარი იყო. ისინი ჯერ კიდევ ბაქოს იატაკქვეშა ბოლშევიკური მოძრაობიდან დამეგობრდნენ. ნოემბრის დასაწყისში ბერიამ თბილისში გაფართოებული თათბირი ჩაატარა, რომელსაც ხანჯიანი და ბაგიროვი ესწრებოდნენ. თათბირის ბოლოს ბერიამ ხანჯიანი და ბაგიროვი კაბინეტში დაიტოვა და მაგნიტოფირზე ჩაწერილი საუბრები მოასმენინა. ერთი ჩანაწერი ერევანში იყო გაკეთებული, მეორე კი – ბაქოში. ორივე ფირზე აღბეჭდილი იყო ამ რესპუბლიკების ცეკას ბიუროების სხდომები. ორივეზე ლაპარაკი იყო მოქიშპე რესპუბლიკებისთვის ზიანის მიყენებაზე. სომხები აზერბაიჯანელების განადგურება-ზიანზე აწყობდნენ გეგმებს, აზერბაიჯანელები კი იგივეს – სომხებზე. ბაგიროვი და ხანჯიანი გასუსულები უსმენდნენ ამ ჩანაწერებს. ათი წუთის შემდეგ ბერიამ მაგნიტოფონი გათიშა და ბაგიროვსა და ხანჯიანს უთხრა: გაითვალისწინეთ, ამხანაგებო, რომ ასეთი რამის გაკეთების საშუალებას არ მოგცემთ... ხოლო მცირედი მცდელობაც კი სასტიკად აღიკვეთებაო. ამის შემდეგ ხანჯიანი და ბაგიროვი წავიდნენ და არა მხოლოდ ამიერკავკასიაში ბერიას მმართველობის პერიოდში, არამედ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ამ ორ მოსისხლე ერებს შორის არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, რაც ნიშანდობლივია, პირველი მსხვილი კონფლიქტი „პერესტროიკისას“, სწორედ, სომხურ-აზერბაიჯანული იყო, რასაც შემდგომ მსგავსი კონფლიქტების სერია მოჰყვა...“

ბერიამ; უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, სომხეთში 50 ათასი აზერბაიჯანელი ჩაასახლა, აზერბაიჯანში კი – ამდენივე სომეხი. თბილისში კი 1933 წლის იანვარში რუსთაველის გამზირზე უზარმაზარი სუფრა გაიშალა, სადაც უამრავი სომეხი და აზერბაიჯანელი იმყოფებოდა. ამ ღონისძიებებს „მეგობრობის სუფრა“ დაარქვეს და რომ იტყვიან, ბერიამ სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს „ჩაახუტა“. ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერალი, თბილისის მკვიდრი, რაშიდ ბეიბუთოვი იხსენებდა: „თვრამეტი წლისაც არ ვიყავი და ფეხს მაშინ ვიდგამდი. ცოტ-ცოტას ვმღეროდი. რუსთავალზე ეს სუფრა კარგად მახსოვს. მეც იქ ვიყავი და ორი ჭიქა წითელი კახურიც კი გადავკარი. აზერბაიჯანელები და სომხები ერთმანეთს ვეხუტებოდით. მე იქ ვიმღერე კიდეც. მეგობრობაზე სიმღერა სამ ენაზე შევასრულე – ქართულად, აზერბაიჯანულად და სომხურად. ტაში დამიკრეს და ეს იყო ჩემი პირველი აღიარება. ჩემი საყვარელი თბილისი ჩემი მშობლიური აზერბაიჯანელებისა და სომხების სამშობლოც იყო, რა თქმა უნდა, ქართველებთან ერთად“. ბეიბუთოვის მონათხრობი 1963 წელსაა ჩაწერილი. მაშინ კი ბერიას ხსენებისთვის შეიძლება, ციხე არ აგცდენოდა. არადა, მომღერალმა ყველაფერი მართალი თქვა, ამ შერიგების ინიციატორი ბერია იყო. ის პირადად მივიდა სუფრასთან და მეგობრობის სადღეგრძელოც დალია. შემდგომ ბეიბუთოვის სიმღერა მოისმინა. პირადად შეაქო ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მომღერალი და საოპერო მიმართულებით განვითარება ურჩია... ლავრენტი ბერიასთან შეხვედრას იხსენებდა ცნობილი თბილისელი კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი: „1937 წელი იყო. 13 წლის ვიყავი და ხატვის წრეზე დავდიოდი. ჩემთან ერთად ჩემი თანატოლი სერგოც დადიოდა. ის, თურმე, ლავრენტი ბერიას ვაჟი ყოფილა. მე მთაწმინდაზე ვცხოვრობდი, სერგო კი – სოლოლაკში. მოკლედ, წრიდან რომ გამოვედი და რუსთაველზე მივაბიჯებდით, ვიღაც ქუჩის ბიჭებთან ჩხუბი მოგვივიდა. ორივეს მოგვხვდა. თუმცა, მე – უფრო მეტი: თვალი გასიებული მქონდა და ტუჩი – გახეთქილი. სერგომ სახლში წამიყვანა. იქ ცხვირ-პირი დავიბანე და თვალზე მალამო წამისვეს. ამ დროს ვიღაც პენსნეიანი კაცი მოვიდა. მოგვესალმა, ორივე ნაცემი ბიჭი აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა და ისე, რომ არაფერი უკითხავს, მითხრა, – არა უშავს, ვის არ მოხვედრია, ქორწილამდე გაგივლისო. მოკლედ, სახლში რომ მივედი და ყველაფერი მოვყევი, საცოდავ მამაჩემს სახე გაუთეთრდა და ცუდად გახდა. მითხრა: ეგ ლავრენტი ბერია იყოო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა