ბელადები

როგორ მოაგვარა სტალინმა „ებრაული საკითხი“ რუსეთში

№50

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 23.12, 2021 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

მავანი სტალინის მძაგებელნი საბჭოთა ბელადს გამორჩეულ ანტისემიტად მიიჩნევდნენ, რაც საფუძვედშივე ტყუილია და სინამდვილეში საქმე სრალიად საპირისპიროდ იყო. იაკობ კედმი (კაზაკოვი), ებრაელი დიპლომატი: „რბილად რომ ვთქვათ, იოსებ სტალინის ანტისემიტობა ოდნავ გადაჭარბებული მოსაზრებაა. ანტისემიტი ლენინი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მის ძარღვებში დიდწილად ებრაული სისხლი ჩქეფდა და მის თანამებრძოლთა 70 პროცენტი ებრაელი იყო. ლენინი შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ებრაელები არ გაელანძღა. მათთვის პარაზიტები და წამქეზებლები (ზუსტად ასე გვამკობდა ებრაელებს ჰიტლერიც) არ ეწოდებინა. სტალინს კი მსგავსი ეპითეტები არასოდეს გამოუყენებია ებრაელების მიმართ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ებრაელები ფორმალურად აღადგინეს სამოქალაქო უფლებებში და დანარჩენ მოქალაქეებს გაუთანაბრეს. თუმცა ლენინმა გააუქმა დროებითი მთავრობის ყველა კანონი – მათ შორის ისინიც, რაც ებრაელების უფლებებს შეეხებოდა. ახალ ბოლშევიკურ მთავრობაში სტალინს ეროვნებათა სახალხო კომისრის პოსტი ეკავა. რევოლუციიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ სტალინთან ებრაული ეროვნების დელეგაცია მივიდა და ებრაელთა საკითხის სასიკეთოდ გადაწყვეტა სთხოვა. ჩემი რჯულის ადამიანები, უბრალოდ, მოითხოვდნენ, რომ აემოქმედებინათ გაუქმებული დროებითი მთავრობის ეს კანონი. სტალინი ლენინთან მივიდა და ებრაული დელეგაციის თხოვნა გადასცა. თან, თავის მხრიდან დაამატა, რომ პირადად ჩაერთვებოდა ამ საკითხის სასწრაფოდ და სასიკეთოდ მოგვარებაში. მაგრამ, ჰოი, საოცრებავ! ლენინმა უარი თქვა ამ თემის განხილვაზე. რაც მთავარია, ლენინს სრული თანადგომა გამოუცხადეს ლევ ტროცკიმ და იაკობ სვერდლოვმა – ორმა სრულსისხლიანმა ებრაელმა. ამიტომ სტალინს აღარაფერი დარჩენოდა, იმის გარდა, რომ მოეცადა. ამ საკითხს ის 1924 წელს, ლენინის სიკვდილის მერე დაუბრუნდა და დადებითად გადაწყვიტა. სხვათა შორის, დროებითი მთავრობის მიერ მიღებული კანონებიდან, რომლებიც ლენინმა გააუქმა, ერთადერთი იყო ებრაელთა უფლებების კანონი, რომელიც სტალინმა სრულიად აღადგინა...“

ებრაელებისთვის ავტონომიის შექმნის პროცესი სტალინმა 1924 წელს დაიწყო და 1934 წელს დაასრულა. საქმე ის იყო, რომ 1924 წელს სტალინი კი იყო საბჭოეთის მმართველი, პირველი კაცი, მაგრამ სრული ძალაუფლება ჯერ კიდევ არ გააჩნდა. მას დიდი ოპოზიცია ჰყავდა პოლიტბიუროში. ეს ოპოზიცია ტროცკისტული იყო. ასი პროცენტით ებრაელებისგან შედგებოდა და რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, სწორედ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ებრაელებისთვის ავტონომიის შექმნას. ისე გამოდიოდა, რომ ებრაელი ხალხის უფლებებისთვის სტალინს ებრაელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგობის დაძლევა უხდებოდა და დაძლია კიდეც. იაკობ კედმი: „ტროცკისა და ჩემი რჯულის სხვა ტროცკისტებს ებრაელი ხალხის (ისევე, როგორც რუსებისა და სხვა ეროვნების) მსოფლიო რევოლუციის კოცონში „შეკეთება“ ჰქონდათ განზრახული და შეგნებულად აჭიანურებდნენ ებრაული საკითხის გადაწყვეტას, რაც შემდგომ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის უნდა გამოეყენებინათ. თუმცა, რომ იტყვიან, „ფეხი არ ჩაუვიდათ“... სტალინმა ებრაელებს შორეულ აღმოსავლეთში მისცა 35 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობი (შემდგომ ის 72 ათასამდე გაიზარდა). დადგენილებაში ეს ასე იყო მოტივირებული – „ებრაელი ხალხის გადაყვანის მიზნით სასოფლო-სამეურნეო მოღვაწეობაზე“. 1934 წელს კი ეს „გადაყვანა“ ებრაელთა ავტონომიური ოლქის შექმნით დაგვირგვინდა და დღემდე ასეა...“

სტალინმა ებრაელებს სამჯერ მეტი ტერიტორია მისცა, ვიდრე ისრაელია. საქმე ისაა, რომ საბჭოთა ბელადს საკმაოდ პრაგმატული მოსაზრებები ამოძრავებდა. ერთი მხრივ, ებრაელები კომპაქტურად დაასახლა და მათგან გაცილებით მეტ ინტელექტუალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს იღებდა სახელმწიფო. მეორე მხრივ კი, სტალინის ეს ნაბიჯი ძალიან დადებითად აისახა საგარეო პოლიტიკაში. მთელი მსოფლიოს პრესა წერდა: ერთადერთმა სტალინმა გადაჭრა დადებითად რუსეთში ებრაული საკითხიო. ამას მოჰყვა ის, რომ სტალინს მსოფლიო მოწინავე ქვეყნების გავლენიანმა ებრაელებმა დაუჭირეს მხარი. ისინი თავიანთ მთავრობებზე ახორციელებდნენ ზეგავლენას და საბჭოეთის აღიარების პოლიტიკას დიდი ფინანსური პოლიტიკა დაერთო თან. ამან კი ქვეყნის სწრაფ ინდუსტრიალიზაციას დიდად შეუწყო ხელი. არც მანამდე და არც მას მერე არ გაულაღიათ ებრაელებს რუსეთის მიწაზე და მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი ინტელექტუალურ-ფინანსური რესურსები ჰქონდათ, მაინც დისკრიმინაციას განიცდიდნენ. სტალინმა კი თავისი მმართველობისას ამას წერტილი დაუსვა...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი