როგორ მოაგვარა ბერიამ ფრანკოს საკითხი
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 08.09
ლავრენტი პავლეს ძე ბერია თავის საქმიანობაში ახალ-ახალ წარმატებებს თითქმის ყოველდღიურად აღწევდა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ის წარმატებების ზენიტში იმყოფებოდა.
ბორის სოკოლოვი: „განსაკუთრებული ნიჭიერების წყალობით, ბერიამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა, რომ თითქმის სტალინს გაუტოლდა. საქართველოში კი, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ბერიას სტალინზე მეტადაც კი სცემდნენ პატივს და ეს არც იყო გასაკვირი. ბერიამ ხომ თავის სამშობლოში ნამდვილი ეკონომიკურ-პოლიტიკურ-დემოგრაფიული სასწაული მოახდინა. ასეთი რამ კი ხალხის მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება. როდესაც სტალინმა ის მოსკოვში გაიწვია და ლავრენტი პავლოვიჩი თავის თანამშრომლებს ემშვიდობებოდა, ისინი გულწრფელად ტიროდნენ და მასთან განშორებას განიცდიდნენ.“
სარდიონ ნადარაია იხსენებდა: „ბერია ხრუშჩოვმა და მისმა ბანდამ წარმოაჩინა კაციჭამიად და მანიაკად. სინამდვილეში კი ლავრენტი პავლოვიჩი, მართალია, მკაცრი ადამიანი იყო, მაგრამ ძალიან საქმიანი და სამართლიანი. ხრუშჩოვს, უბრალოდ, თავისი დანაშაულის დაფარვა უნდოდა და ბერიას ამიტომ დააბრალა ისეთი ფანტასტიკური ტყუილები, რასაც ნორმალური ადამიანი ვერც კი გაიფიქრებდა. სინამდვილეში კი, ბერია მკაცრი, დაუნდობელი იყო სახელმწიფოს მტრების მიმართ და ეს არც იყო საპატიებელი. მოღალატეებს ბერია ანადგურებდა და ამაში უცნაური და დასაგმობი არაფერია“.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ბერიას, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად, შეუზღუდავი შესაძლებლობები ჰქონდა მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ ბოროტად არასდროს გამოუყენებია. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ამის მოსმენა, ბერია ყოველთვის არიდებდა თავს უკიდურეს ზომებს, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ – ლიკვიდაციებს და ადამიანების სიკვდილს მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში მიმართავდა. 1947 წელს ბერიას სტალინმა ფრანკოს საკითხის გადაწყვეტა დაავალა. საქმე ის იყო, რომ ესპანეთის დიქტატორი ფრანსისკო ფრანკო კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ესპანეთის მთავრობას, ის ოქრო დაებრუნებინა, რომელიც სამოქალაქო ომის დროს რესპუბლიკურმა მთავრობამ საბჭოთა კავშირს გადასცა. ფრანკო ყველა დონეზე ცდილობდა ამ საკითხის გადაწყვეტას, რითაც საბჭოთა კავშირს პოლიტიკურ ზიანს აყენებდა. „საკითხის გადაწყვეტა“ კი ჩვენს ენაზე „ობიექტის“ (ფრანკოს) ლიკვიდაციას გულისხმობდა და ეს არც თუ ისე რთული შესასრულებელი იყო. თუმცა, ბერიამ სტალინს ეს გადააფიქრებინა და შეჰპირდა ფრანკოს საკითხს სხვა, უფრო ჰუმანური ხერხით მოაგვარებდა. საქმე ის იყო, რომ ბერიას ფრანსისკო ფრანკოს გარემოცვაში სამი გამოცდილი და მეტად ჭკვიანი აგენტი ჰყავდა. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. თითოეული მათგანი უძვირფასეს ინფორმაციებს გადმოგვცემდნენ და ფრანკოს ლიკვიდაციით ინფორმაციის წყარო მოგვესპობოდა. რადგან ფრანკოს შემცვლელი თავის ხალხს მოიყვანდა. სტალინმა რომ ეს არგუმენტი მოისმინა, ხელი აიღო თავის განკარგულებაზე. ბერიამ კი პირნათლად შეასრულა დანაპირები და სწორედ იმ სამი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აგენტების მეშვეობით გადააფიქრებინა ესპანელ დიქტატორს ოქროს დაბრუნებაზე ოცნებაც კი. ამგვარად ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოვარდა და ეს მხოლოდ და მხოლოდ ლავრენტი ბერიას დამსახურება იყო.“
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ესპანეთში ბერიას მნიშვნელოვანი ავანტიურული ძალები ჰქონდა და წარმატებით იყენებდა მათ. მარტო ის რად ღირს, რომ მადრიდში დამკვიდრებული, ცნობილი ფაშისტი დივერსანტი, სახენაიარევი კაცი, ოტო სკორცენი ბერიასთან პირად კავშირზე იმყოფებოდა და ლავრენტი პავლოვიჩი მას წარმატებით იყენებდა. სწორედ ამის გამო გადაარჩინა ბერიამ სკორცენი „ებრაელი მონადირეებისგან“. ეგრეთ წოდებული, „ებრაელი მონადირეები“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნადირობდნენ ბობოლა ფაშისტებზე. სკორცენს მათ მადრიდში მიაგნეს. ისინი მის გატაცებას აპირებდნენ და თუ ეს არ გამოუვიდოდათ, მაშინ – ლიკვიდაციას. ამის შესახებ ბერიას აცნობეს და ბერიამ ხელი ააღებინა ებრაელებს ამ განზრახვაზე. სკორცენიგადარჩა. „ებრაელ მონადირეებს“ დიდწილად სწორედ ბერიას მითითებით აძლევდნენ ინფორმაციებს ფაშისტი დამნაშავეების შესახებ და ებრაელები ამიტომაც დაემორჩილნენ ბერიას მოთხოვნას. ერთი სიტყვით, ბერიას 40-50-იანი წლების მიჯნაზე ძალიან დიდი ძალაუფლება და შესაძლებლობები ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან