როგორ მოაგვარა ბერიამ კრასნოიარსკის ინციდენტი
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 23.03

ლავრენტი ბერია როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფიაში, ასევე, თანამედროვ რუსულ და მსოფლიო ისტორიაში მონსტრად, სისხლისმსმელ ურჩხულადაა მოხსენიებული და ეს სიბილწე და ცილისწამება ამ გენიალურ ადამიანს ჯერაც არ ჩამორეცხვია. თუმცა, მოვა დრო და ალბათ, ისტორია ჭეშმარიტებას გამოამზეურებს.
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „უკვე ზუსტადაა დადგენილი, რომ 1937 წლის რეპრესიებს ბერიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ამ სისასტიკის შემოქმედი ნიკოლაი ეჟოვი იყო, ვიმეორებ, იმ სისასტიკის, რაც საქართველოში არც თუ ისე დიდი პროცენტულობით იყო განხორციელებული და უმეტეს შემთხვევაში მართლა ხალხის მტრების გასამართლება და დასჯა ხორციელდებოდა. იმ პერიოდში ბერია საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო. ხოლო, როგორც ამას ისტორია მოგვითხრობს, სწორედ საქარვთელოში დაისაჯა ყველაზე ცოტა ადამიანი, როგორც რაოდენობრივად, ასევე პროცენტულადაც. იყო, რა თქმა უნდა, გადაცდომებიც. იყვნენ დაბეზღებით, ტყუილად დახვრეტილი ადამიანებიც და ბერია ამას მწარედ ნანობდა (დირიჟორი ევგენი მიქელაძე და სხვები ამის ნათელი მაგალითია). ბერიას „მონსტრობას“ სხვა, სწორი ადამიანური კუთხით შევხედოთ. ლავრენტი პავლეს ძემ თავისი კარიერის განმავლობაში მრავალი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან. მაგალითისთვის კმარა ისეთი კორიფეების დასახელება, როგორებიც იყვნენ შალვა ნუცუბიძე, ვახტანგ ჭაბუკიანი, კონსტანტინე გამსახურდია და სხვა მრავალი საქართველოში და აგრეთვე, მაია პლისეცკაია, მიხეილ ზოშჩენკო, ბორის პასტერნაკი და სხვები – საქართველოს ფარგლებს გარეთ. ბერია გონიერებასთან ერთად, რაღაც მომენტში, საკმაოდ იმპულსური ადამიანით იყო. მხოლოდ რაღაც მომენტებში და ძალიან სამწუხაროა ის, რომ მისი ეს იმპულსურობა ცუდ მომენტში განხორციელდა და ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა. დაისაჯნენ უდანაშაულო ადამიანები. ახლა სხვა კუთხით განვიხილოთ ბერიას „მონსტრობა“. 1949 წლის გაზაფხულზე, იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა ატომურ ბომბზე ინტენსიურად მუშაობდნენ და მისი დამზადება დასასრულს უახლოვდებოდა, ერთი ინციდენტი მოხდა. იმ დღეს ლავრენტი ბერია თავისი უსაყვარლესი გუნდის, თბილისის „დინამოს“, საფეხბურთო გუნდის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა თბილისში. საქართველოს დედაქალაქში ერთმანეთს ხვდებოდნენ თბილისისა და მოსკოვის დინამოელები. პირველი ტაიმი სრულდებოდა. ამ დროს ბერიას აცნობეს, რომ კრასნოიარსკში დიდი არეულობა ხდებოდა. თბილისიდან კრასნოიარსკამდე ათასობით კილომეტრის დაშორებაა. დაშიფრული დეპეშა ბერიას ატყობინებდა სტალინის ბრძანებას – ჩაფრინდი კრასნოიარსკში და მას მერე, რაც ყველაფერში გაერკვევი, დამნაშავეები მკაცრად დასაჯეო. ბერიას სპეციალური თვითმფრინავი ჰყავდა, რომელიც ძალიან სწრაფად დაფრინავდა და დიდ მანძილს მოკლე დროში ფარავდა. ბერია მაშინვე აეროდრომისკენ გაემგზავრა, თვითმფრინავში ჩაჯდა და კრასნოიარსკში გაფრინდა. მრავალსაათიანი ფრენის მერე ბერია ადგილობრივ აეროდრომზე დაეშვა. შემდგომ კი სწრაფმავალი, სპეციალური ავტომობილით კონფლიქტის ადგილზე მივიდა. საქმე კი ის იყო, რომ დაბა სოლნეჩნაიაში ათეულ-ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი იოსებ პოლიმანის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ. იმ ხანაში კრასნოიარსკის უზარმაზარ რეგიონში მძლავრი ენერგოინფრასტრუქტურა შენდებოდა, მნიშვნელოვანი ობიექტები და იოსებ პოლმანი კი ამ მშენებლობის ხელმძღვანელი იყო. ხოლო პროტესტანტები ამ ობიექტების მშენებლები იყვნენ. პროტესტი კი პოლმანის განუკითხაობით იყო გამოწვეული, მშენებლობის ხელმძღვანელი უხეში, უზრდელი ადამიანი ყოფილა და და ხელქვეითებს ისე ექცეოდა, როგორც მონებს. აგვიანებდა ხელფასების გაცემას. თანაც, თავის მიერ მიღებული უკანონო წესების მიხედვით, მათ კუთვნილ თანხებს აკლებდა. პოლმანი ადგილობრივი სამხედრო ოლქის ბუნკერში იყო ჩაკეტილი და მას არმიის შეიარაღებული მებრძოლები იცავდნენ. თუმცა, აბუნტებული პროტესტანტები გარს შემორტყმოდნენ იქაურობას. ძალიან აჟიტირებული იყვნენ და ეს ალყა ნელ-ნელა ვიწროვდებოდა. ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებდა და შეტაკება გარდაუვალი იყო, რასაც სისხლისღვრა და უამრავი მსხვერპლი მოჰყვებოდა. ბერიამ დროზე მიუსწრო აბობოქრებულ ადამიანებს. მანქანიდან გადმოვიდა და ყოველგვარი დაცვის გარეშე (მძღოლიც არ გაიყოლა) ხალხში შევიდა. მიუხედავად ბერიას უზარმაზარი ავტორიტეტისა და გავლენისა, რისკი ძალიან დიდი იყო. თუმცა, ბერიას გამოჩენამ მაგიურად იმოქმედა მათზე და ადგილიდან არავინ დაძრულა. ბერიამ დაწვრილებით გამოიკითხა ყველაფერი. შემდგომ კი განცვიფრებული ჯარისკაცების თვალწინ ბუნკერში ჩავიდა. ორი შეიარაღებული ჯარისკაცი იახლა და ათი წუთის შემდეგ გაფითრებული პოლმანი ხალხს წარუდგინა. იქვე დააპატიმრებინა და უახლოეს საპყრობილეში გაამწესა. ამ საპროტესტო აქციას ათეულობით მოთავე ჰყავდა და მაშინდელი კანონების მიხედვით, მათ დახვრეტა ეკუთვნოდათ. თუმცა, ბერიამ ეს არ გააკეთა და პროტესტანტების ყველა მოთხოვნა უკლებლივ დააკმაყოფილა. ერთ-ერთი მოთავე კი პოლმანის ადგილზე დანიშნა. პოლმანი კი გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. ყოველივე ეს უდიდეს რისკს შეიცავდა თავად ბერიასთვის. გამორიცხული არ იყო, რომ სტალინს ბერია უმკაცრესად დაესაჯა „თვითნებობისთვის“. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. ბერიას საქციელმა გაამართლა და საქმე ყოველგვარი გართულების გარეშე გაკეთდა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან