ბელადები

როგორ მიულოცა ბერიამ ამერიკელებს დამოუკიდებლობის დღე

№41

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 19.10

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ის ადამიანი იყო, ვისაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის საბჭოთა პოლიტიკის მტკიცედ გატარებაში მსოფლიო ასპარეზზე და რომ არა ის, სტალინს ძალიან გაუჭირდებოდა უძლიერეს მტრებთან გამკლავება, რომლებიც არასოდეს აკლდა საბჭოთა სახელმწიფოს...

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბერიას გარეშე სტალინს ძალიან გაუჭირდებოდა საბჭოთა ქვეყნის ფეხზე დაყენება და მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის მოწინავე პოზიციებზე გაყვანა. რა თქმა უნდა, სტალინი ქვეყნის წარმმართველი ძალა იყო, მაგრამ მას გენიალური შემსრულებელი სჭირდებოდა და სწორედ ლავრენტი პავლეს ძე ბერია იყო ასეთი ადამიანი. სტალინის პოლიტბიუროს აბსოლუტურად ყველა წევრი, ბერიას გამოკლებით, მხოლოდ და მხოლოდ ბელადის ზუსტ მითითებებს ასრულებდნენ და მისი ყურმოჭრილი მონები იყვნენ. ბერია კი აბსოლუტურად სხვა ფენომენს წარმოადგენდა. ის (ბერია) შემოქმედი, კრეატიული შემსრულებელი იყო. ბერიას ინოვაციური მიდგომა საქმისადმი ხიბლავდა საბჭოთა ბელადს. სწორედ ამიტომ გაუხსნა სტალინმა ბერიას მოღვაწეობის ფართო ასპარეზი. ბელადმა იცოდა, რომ ბერია შეცდომას არ დაუშვებდა, ასჯერ გაზომავდა და ერთხელ გაჭრიდა. თითოეულ საქმესა თუ საგანს სხვადასხვა რაკურსებიდან შეხედავდა, განსჯიდა, გააანალიზებდა და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ბერიამ, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი შეასრულა საბჭოთა ატომური პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მაგრამ რომ არა სხვა, პარალელური მოქმედებები, საბჭოთა კავშირი არამცთუ ატომურ ბომბს ვერ მოიპოვებდა, არამედ თვით ქვეყნის არსებობა დადგებოდა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. იმიტომ, რომ იმ პერიოდში ერთადერთი ატომურბომბიანი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები გლობალურ ატომურ ბომბარდირებას აპირებდა საბჭოთა კავშირზე და საამისოდ ყველაფერი მზად ჰქონდა. საჭირო იყო მხოლოდ პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ბრძანება და საბჭოთა კავშირი ატომურ ქაოსში აღმოჩნდებოდა...

ამერიკელები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის მიწურულიდან გეგმავდნენ საბჭოთა კავშირის მარწუხებში მოქცევას და დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ მიზანს იდეალურად მიაღწევდნენ. პირველ რიგში, იმ იმედით, რომ მათ უკვე ატომური ბომბი ჰქონდათ და ეგონათ, რომ ატომური შანტაჟი მყარი არგუმენტი იყო მიზნის მისაღწევად, თუმცა, ატომური შანტაჟის გამოყენებას უკიდურეს შემთხვევაში აპირებდნენ. საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომმა დიდ ვალებში ჩააგდო. ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი კი მიწასთან იყო გასწორებული. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საკვები არ ჰყოფნიდა და ზოგადად, მოსახლეობა ომისგან ძალიან გადაღლილი იყო. ამერიკელები იმედოვნებდნენ, რომ ამ ბერკეტების გამოყენებით მოახერხებდნენ თავიანთი მიზნების მიღწევას. მაგრამ მწარედ შეცდნენ, ხოლო, როცა ამერიკელები დარწმუნდნენ, რომ ასეთი გზით მიზანს ვერ მიაღწევდნენ, უკიდურეს ზომებს მიმართეს და ატომური ბომბის „ჟღარუნს“ მიჰყვეს ხელი. ამ ყველაფრის გვირგვინი უინსტონ ჩერჩილის მიერ ამერიკის ქალაქ ფულტონში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოცხადებული „ცივი ომი“ იყო... „ცივი ომი“ ამ დაპირისპირების შესანიღბად გამოიყენეს. სინამდვილეში კი ამერიკელებს უკვე მზად ჰქონდათ საბჭოთა კავშირის ატომური ბომბარდირების გეგმა. პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი ტყუილად როდი აცხადებდა საქვეყნოდ – ამ ბიჭებისთვის კომბალი მაქვს გამზადებულიო. ბიჭებში ამერიკის „ქორი“ პრეზიდენტი საბჭოთა მთავრობას, ხალხსა და ზოგადად, ქვეყანას გულისხმობდა. ხოლო კომბალში კი ატომურ იარაღს... ამერიკის ეროვნული რადიოდან გაჟღერებული ტრუმენის ეს განცხადება უმალვე აიტაცა მსოფლიო მედიამ. ამას კი წინ უძღოდა ზესაიდუმლო თათბირი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, რომელსაც ესწრებოდა ტრუმენთან დაახლოებული რამდენიმე პიროვნება, ისეთივე „ქორები“, როგორიც თავად ამერიკელი პრეზიდენტი იყო. სწორედ ამ თათბირზე გადაწყდა, მომზადებულიყო საბჭოეთის ტერიტორიაზე ატომური ბომბარდირების ზუსტი გეგმა – დრო და სხვა დეტალები. რამდენიმე საათიც არ იყო გასული ამ თათბირიდან, რომ შეხვედრის დეტალური სტენოგრამა ბერიას მაგიდაზე იდო. ბერია ნახევარი საათის შემდეგ უკვე სტალინს აბარებდა ანგარიშს, რამაც საბჭოთა ბელადი საგონებელში ჩააგდო, რადგან ატომური ბომბარდირების საშიშროება თითქმის 100 პროცენტს აღწევდა. ბერია კი ბელადს შეჰპირდა, რომ ამ საშიშროებას გაანეიტრალებდა და თანაც, დიდი სარგებლით საბჭოეთისთვის... 4 ივლისს თეთრი სახლის ფოიეში, სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი დერეფანსა და „ეფბეერის“ ცენტრალურ ოფისში, პირდაპირ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელის, ჯონ ედგარ ჰუვერის კაბინეტის წინ, ერთდროულად აფეთქდა სამი ყუთი და იქიდან ფეიერვერკები ამოიფრქვა. ეს ნამდვილი შოკი იყო. რადგან ფეიერვერკების ნაცვლად რომ ბომბები ყოფილიყო, სამივე სტრატეგიულ შენობას მიწასთან გაასწორებდა. ასე მიულოცა ბერიამ ამერიკის მთავრობას დამოუკიდებლობის დღე. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კვალის აღმოჩენა ვერ მოხერხდა, ამერიკელები, უბრალოდ, მშვენივრად მიხვდნენ, თუ საიდან უბერავდა ქარი. ტრუმენი გაცოფებული იყო. უსაფრთხოების სისტემის ყველა ხელმძღვანელი მოხსნა და ახლები დანიშნა. იმ ახლებში კი ორი ბერიას აგენტი იყო და ლუბიანკაზე სულ მალე დაიდო სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების მთელი სისტემა... ამ „მილოცვამ“ ამერიკელების ჟინიც გაანელა და საბჭოთა ბომბარდირების გეგმა სამომავლოდ გადადეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა