ბელადები

როგორ მიიღო სტალინმა ევროპის გაწითლების ვიზა

№19

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 22.05

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის სასარგებლოდ იღვწოდა და თუკი ეს საჭირო გახდებოდა, შეეძლო, მოლაპარაკებების მაგიდასთან რადიკალურად დაპირისპირებულ ოპონენტთანაც კი დამჯდარიყო და საერთო მახასიათებლებისა და სურვილების ძებნას შედგომოდა, რათა თავისი პოლიტიკური მიზანი განეხორციელებინა...

მწერალი ბორის სოკოლოვი: „მტერთან საერთო ენის გამონახვის შესანიშნავი მაგალითია სტალინისა და ჰიტლერის ურთიერთობები 1937-1940 წლებში. ეს იყო პერიოდი, როდესაც სტალინის დიპლომატიურმა გენიამ გაიბრწყინა და ჰიტლერთან საერთო ენა გამონახა. მანამდე კი გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის მწვავე „ცივი ომი“ მიმდინარეობდა, რაც ყოველდღე შეიძლებოდა, გადაზრდილიყო ფართომასშტაბიან ომში. ანუ 1941 წლის 22 ივნისი ბევრად ადრე გამდგარიყო, რაც თანამედროვე ექსპერტ-მკვლევრების შეფასებით, ბევრად მომგებიანი იქნებოდა გერმანიის ნაცისტი დიქტატორისთვის (სხვათა შორის, ამას წერდა თავის „ბუნკერის დღიურებში“ თავად ჰიტლერი, რომელიც ნანობდა, რომ საბჭოთა კავშირზე ჯერ კიდევ 1937-1938 წლებში არ გაილაშქრა). ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში ინტენსიური სამხედრო რეფორმა ხორციელდებოდა და „წითელი არმია“ მზად არ იყო ფართომასშტაბიანი ომის საწარმოებლად. ეს დაამტკიცა ფინურმა კამპანიამაც რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირმა დიდი მსხვერპლის ფასად, რის ვაივაგლახით დაამარცხა ფინეთი. როგორც ცნობილია, სწორედ იმ პერიოდში შეხვდნენ ერთმანეთს ჰიტლერი და სტალინი ზესაიდუმლო ვითარებაში და სტალინმა მოახერხა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამხედრო თავდასხმა გადააფიქრებინა. ეს კი მომავალში საბედისწერო გამოდგა ამ უკანასკნელისთვის. სტალინმა, მისთვის ჩვეული ოსტატობით შეძლო ჰიტლერის ყურადღების გადატანა საბჭოთა კავშირიდან სულ სხვა პრობლემებზე და დადებითი შედეგიც მიიღო. საბჭოთა ბელადი უზადო მოთამაშე იყო. ერთ-ერთი ამერიკელი პოლიტოლოგი, კურტ ვერტი წერდა სტალინზე: „საბჭოთა დიქტატორი (იგულისხმება იოსებ ბესარიონის ძე სტალინი) ბანქოს იმ ოსტატ მოთამაშეს მაგონებს, რომელსაც ხელში ზერო ბანქო უჭირავს. ხოლო მაგიდასთან მსხდომ მოთამაშეებს კი თავს ისე აჩვენებს, თითქოს ხელში უმაღლესი კარტები უპყრია. ამიტომ, დანარჩენი მოთამაშეები კარტებს ყრიან და ზეროკარტებიანი კი იმარჯვებს..“

სწორედ ამგვარად განაიარაღა ჯერ კიდევ ომისთვის მოუმზადებელმა სტალინმა არა მარტო ფაშისტი ფიურერი, არამედ მისი დასავლელი სპონსორ-წამქეზებლები. ამით მან ფრიად საჭირო დრო მოიგო. მართალია, 1941 წელს ფაშისტების შემოჭრა მაინც ძალიან ძლიერი და ვერაგული იყო, ამიტომ პირველ წლებში საბჭოეთს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ სტალინს ძირითადი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა. ქვეყანა სამხედრო ყაიდაზე ჰყავდა გადაყვანილი და ომი ბრწყინვალედ მოიგო.

არანაკლებ საინტერესო და ნაყოფიერი იყო სტალინური დიპლომატია, მისი შემართება და პრინციპულობა მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებსა და ომის შემდგომ პერიოდში. 1943 წლის მიწურულისთვის უკვე ნათელი იყო, რომ ჰიტლერი სასტიკად მარცხდებოდა. ამიტომ დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები იმაზე ფიქრობდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა მეტი სარგებელი მიეღოთ ჰიტლერის დამარცხების შედეგად და იაპონიის განადგურებით (იაპონიის განადგურებაზე ამერიკელები საუბრობდნენ, რომლებიც პერლ ჰარბორის ტრაგედიას ვერ ინელებდნენ და შურისძიებით იყვნენ შეპყრობილები). ამ პოლიტიკური ალაფის გაყოფით განსაკუთრებით უინსტონ ჩერჩილი იყო შეპყრობილი. ბრიტანელი პრემიერი ყოველმხრივ ცდილობდა, ზეწოლა მოეხდინა სტალინსა და რუზველტზე. საამისოდ კი ის (ჩერჩილი) ნებისმიერ ხერხს მიმართავდა. თუმცა, ასეთი რამ მას თეირანის 1943 წლის კონფერენციაზე არ გამოუვიდა. იალტის კონფერენცია დანიშნული იყო 1945 წლის თებერვლის თვეში და სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი კვლავ უნდა შეკრებილიყვნენ. კონფერენციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ბრიტანელმა პრემიერმა სტალინს შესთავაზა, რუზველტის გარეშე, საიდუმლოდ შეხვედროდნენ ერთმანეთს და პირისპირ გადაეწყვიტათ ევროპის მოწყობის (სინამდვილეში კი ევროპის გაყოფის) საკითხები. სტალინმა ჩერჩილს მტკიცე უარი განუცხადა ასეთ შეხვედრაზე. პარალელურად კი, რუზველტის ყურამდე მიიტანა ჩერჩილის ხრიკები. ამით სტალინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ნდობა და კეთილგანწყობა განიმტკიცა. ხოლო როდესაც სამი ლიდერი იალტაში შეხვდა ერთმანეთს, სტალინმა, რუზველტის დახმარებით, იოლად დაამარცხა ჩერჩილი გეოპოლიტიკურ ბრძოლაში. უბრალო ენით რომ ვთქვათ, იალტაში სტალინმა „ევროპის გაწითლების“ ვიზა მიიღო და ეს შესანიშნავად გამოიყენა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა